logo_geo
„ადამიანი ირჩევს ძაღლს, რომელშიც საკუთარ ინდივიდუალობას ხედავს”
- +

10 თებერვალი. 2018. 00:57



სანამ ძაღლის შინ მოყვანას გადაწყვეტთ, აუცილებელია წინასწარ გაეცნოთ სასურველი ჯიშის თავისებურებებსა და მახასიათებლებს. წინდაუხედავობისა და ნაჩქარევი გადაწყვეტილების შემთხვევაში შესაძლოა ერთი წელიც კი ვერ შეეგუოთ ცხოველს და მისი გაჩუქება ან ძაღლების თავშესაფარში მიბარება მოგიხდეთ. უარეს შემთხვევაში არასასურველ ძაღლებს ქუჩაშიც უშვებენ და მიუსაფრობისთვის იმეტებენ.


საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის (fcg) ცენტრალური კენეკლუბის თავმჯდომარე და ვეტერინარული ცენტრის, „ზოოპლაზას" ხელმძღვანელი, ინა რუხაძე გვეუბნება, რომ საქართველოს ქალაქებში ხშირია შემთხვევა, როცა ძაღლი აჰყავთ და შემდეგ ქუჩაში უშვებენ, ეს კი პირდაპირ კავშირშია ქუჩის ძაღლების მომრავლებასთან.


თუ ძაღლის შინ მიყვანა გადაწყვიტეთ, ინა რუხაძის რჩევები დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რომელი ჯიშია თქვენთვის შესაფერისი და რა დაბრკოლებებისთვის უნდა იყოთ მზად, თუკი, მაგალითად, ბოქსიორი, პეკინესი ან სხვა სპეციფიური ჯიშის ძაღლი გსურთ.


ბოქსიორი


 მხიარული და კარგი კომპანიონია, უყვარს ოჯახური გარემო და აუცილებლად სახლის პირობებში უნდა იცხოვროს. ყველა მოკლეცხვირიანი ჯიშის მსგავსად ბოქსიორიც ვერ იტანს სიცხეს და თუ ასეთ გარემოში ამყოფებთ, აუცილებლად შეექმნება გულის პრობლემები, ასევე ვერ იტანს სიცივეს და ზამთრის ცივ დღეებში სეირნობისას აუცილებლად უნდა ეცვას სპეციალური „ტანსაცმელი". ბოქსიორი ადვილად იწვრთნება.


ლაბრადორი


ლაბრადორი კომპანიონი ძაღლია, მიდრეკილება აქვს ჭარბი წონისკენ, ბინის პირობები მისთვის მისაღებია, მოსწონს ბავშვებთან ურთიერთობა და ოჯახური გარემო. როტვეილერის მსგავსად, ლაბრადორიც გურმანია და საჭიროა მისი კარგად გამოკვება.


კოკერ-სპანიელი


მხიარული კოკერ-სპანიელი მონადირე ჯიშია და აუცილებელია მისი გაწვრთნა, რადგან გაუწვრთნელი სპანიელები იკბინებიან და საშიშები ხდებიან, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. საერთოდაც ამერიკული კოკერები პირველ ადგილს იკავებენ მკბენარა ძაღლების სიაში. ადრე უფრო მოდურ ჯიშად ითვლებოდა საქართველოში.


ჩიხუახუა


პატარა ჯიშის ჩიხუახუასთვის ბინის პირობები იდეალურია, კარგად იწვრთნება, თუმცა არ არის სასურველი ბავშვიან ოჯახებში მისი ყოლა. ძალიან მხიარულია და ხშირად ამბობენ, რომ ჩიხუახუა ავია, თუმცა ეს სიავე უბრალოდ მისი თავდაცვის საშუალებაა, პატარა ზომის ძაღლებისთვის ეს ჩვეულებრივი მახასიათებელია.


როტვეილერი


როტვეილერი ზამთრის ძაღლია და უმჯობესია არ ჰყავდეთ ბავშვიან ოჯახებში, ჰასკის მსგავსად სჯობს გარეთ იცხოვროს, ბინის პირობები მისთვის მოუხერხებელია.ზომით ძალიან დიდია და შესაბამისად ბევრი საკვები სჭირდება. არასათანადო პირობებში, როცა ბინაში გვყავს ან საკვები არასაკმარისი რაოდენობით აქვს, აგრესიული ხდება.


პუდელი

 

პუდელი სანგვინიკია, თუ გაწვრთნილია, მხიარულია და უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, თამაში. პუდელი აუცილებლად ბინაში უნდა გყავდეთ, ეზოში საცხოვრებლად ეს ჯიში ცოდოა. აუცილებელია მისი ელემენტარული გაწვრთნა მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ალბათობით გაავდება.


ჰასკი


ჰასკის მოსწონს ზომიერი ან ცივი ჰავა, ძალიან ხშირი ბეწვის გამო სიცხეში თავს არაკომფორტულად გრძნობს. ჩვენს პირობებში ხშირია ბეწვის მსუბუქი ცვენა. ჰასკი უმჯობესია ჰყავდეთ ეზოიან სახლებში. ბინის ჩაკეტილი პირობები ამ ჯიშის ძაღლისთვის იდეალური არ არის. ჰასკისთვის საქართველოში იდეალური ადგილებია ბაკურიანი, სვანეთი და ყველა ის ადგილი, სადაც ზაფხული ცხელი არ არის და ზამთარიც ცივია.ძალიან მოდური გახდა საქართველოში ჰასკის ყოლა, თუმცა ბინაში ჩასაკეტად, თუ ეზოიანი სახლი არ გაქვთ, ჰასკის ყოლა არ ღირს.


პეკინესი


 საკმაოდ რთული ჯიშია, ხშირად აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და საკმაოდ რთულად მოსავლელები არიან, ბეწვი ხშირად სცვივათ. ბოქსიორის მსგავსად, პეკინესიც მოკლეცხვირიანი ჯიშია, ხშირად აქვს გულის და ფილტვების, ასევე მხედველობის პრობლემებიც.


ინა რუხაძე „ბათუმელებთან" საუბრისას ამბობს, რომ გავრცელებულ აზრს, თითქოს ძაღლი პატრონს ემსგავსება, არ ეთანხმება.


„დაკვირვება მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ადამიანი ირჩევს ისეთ ძაღლს, რომელშიც საკუთარ ინდივიდუალობას ხედავს და რაღაც საერთო თვისებებს პოულობს. სპეციალისტებიც ხშირად საუბრობენ ამაზე, რომ ძაღლს ადამიანები საერთო თვისებების მიხედვით ირჩევენ და გაუცნობიერებლად თვითიდენტიფიკაციას ახდენენ ცხოველზე, ამიტომაცაა შესამჩნევი, რომ გარეგნული მსგავსებაც კი არის ხოლმე ძაღლსა და პატრონს შორის. ყველაზე გავრცელებული ჯიშები საქართველოში კანე კორსო ლაბრადორი და ჰასკია" , -ამბობს ინა.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი