logo_geo
არსებობს თუ არა ზამთრის დეპრესია?!
- +

10 თებერვალი. 2018. 01:31



ვის გამოუცდია ე.წ. ზამთრის დეპრესია? ალბათ ეს ბევრისთვის ნაცნობი მდგომარეობაა, განსაკუთრებით ქალებს შორის: სიცივის დადგომასთან ერთად დაწყებული განწყობის დაქვეითება, ხშირი გაღიზიანება, ადამიანებთან ურთიერთობის ხალისის დაკარგვა, ძალ-ღონის გამოლევა, პესიმიზმი, უსუსურობის შეგრძნება, სტრესთან გამკლავების დაქვეითებული უნარი, მადის ზრდა, ცომეულ-ტკბილეულზე მიძალება, წონის მატება და ასე შემდეგ.


მედიცინა ამ დეპრესიის მაგვარ მდგომარეობას სეზონურ აფექტურ აშლილობას უწოდებს. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, ძირითადად ზამთრის თვეებში. ამასთან, თითქმის ყოველდღე გრძელდება და უმეტეს შემთხვევაში გაზაფხულის დადგომასთან ერთად თავისით ქრება. რა იწვევს? ეს ზუსტად არავინ იცის, ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა: ორგანიზმის ბიოლოგიური საათი, ანუ მზის სხივების ნაკლებობა გარკვეულ გეოგრაფიულ სარტყელში; სეროტონინის ვარდნა - ეს ის ქიმიკატია, რომელიც კარგ ხასიათზე მოქმედებს და კიდევ, ცვლილებები მელატონინის ბალანსში, რომელიც ძილის რეჟიმზე და გუნება-განწყობაზე ახდენს გავლენას.


მკურნალობისთვის მიმართავენ შუქის თერაპიას, ინიშნება D ვიტამინის გაზრდილი დოზა, ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციები და ხანდახან სერიოზული ანტიდეპრესანტებიც კი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, აშლილობა ამერიკაში 10 მილიონამდე ადამიანს აწუხებს, უხეშად რომ ვთქვათ, მოსახლეობის 3 პროცენტს და რაც უფრო შორს ცხოვრობენ ადამიანები ეკვატორიდან, მით მეტია შანსი, რომ სეზონური აფექტური აშლილობის მსხვერპლი გახდნენ.


პირველად ამ აშლილობას სახელი დაერქვა და მის შესახებ სისტემატური პუბლიკაციების გამოქვეყნება დაიწყო გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. მაგრამ 36 წლის შემდეგ, ჟურნალში „კლინიკური ფსიქოლოგიის მეცნიერება" გამოქვეყნებული კვლევა მის არსებობას საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. აი, რა დასკვნამდე მივიდნენ ნაშრომის ამერიკელი ავტორები: „სეზონური დეპრესიის იდეა შესაძლოა ძალიან მჭიდრო კავშირში იყოს ხალხურ ფოლკლორთან, მაგრამ ობიექტური სტატისტიკური მონაცემებით ის განმტკიცებული არ არის". მკვლევარები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ღრმა დეპრესიის მოდიფიკატორთა შორის სეზონის ფაქტორი შეიძლება საერთოდ ამოსაღებიც იყოს.


სი-დი-სიმ (შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრები) 18-დან 99 წლამდე ასაკის 35 ათასამდე ამერიკაში მცხოვრები ადამიანი შეისწავლა. მეცნიერებმა დეპრესიის სიმპტომებთან სეზონური ცვლილებების ვერანაირი კავშირი აღმოაჩინეს ვერც ზოგადი კვლევის ჯგუფში და ვერც კლინიკური დეპრესიის მქონე ადამიანთა ჯგუფებში. თუმცა, იყვნენ ცალკეული ინდივიდები, ვისაც შემოდგომის და ზამთრის თვეებში დეპრესიის სიმპტომები აღენიშნებოდათ. მაგრამ, როგორც მკვლევარები ამბობენ, „ზამთარში დეპრესიაში ჩავარდნა არ ამტკიცებს, რომ ადამიანი ზამთრის გამოა დეპრესიაში".








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი