logo_geo
ევა ბრაუნი - სიყვარული, რომელიც ტირანის გეგმებში არ შედიოდა...
- +

14 თებერვალი. 2018. 10:14



შეიძლება თუ არა, გიყვარდეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტირანი და ამავდროულად არ იყო მისი მსგავსი? როგორია, იყო 13 წელი ადოლფ ჰიტლერის საყვარელი? ჰქონდა თუ არა ამ ქალს გავლენა ფიურერზე? იყო თუ არა, ანტისემიტი და იცოდა თუ არა ჰოლოკოსტის შესახებ? ვინ იყო ქალი, რომელიც ჰიტლერთან ქორწინებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა?

ამ კითხვებს სვამს ჰეიკ გიორტემაკერი, რომელიც ევა ბრაუნის ბიოგრაფიულ წიგნზე მუშაობდა. არც ეს წიგნი იძლევა სრულყოფილ პასუხებს, მასში მხოლოდ კარგად ინფორმირებული ადამიანის ვარაუდებია მოყვანილი. 1945 წლის 30 აპრილს ჰიტლერმა და მისმა საყვარელმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. მათი ზოგიერთი ახლობელი ომს გადაურჩა, მაგრამ ალბათ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ომის შემდგომ გერმანიას ადოლფზე და ევაზე სრულ სიმართლეს მოუყვებოდნენ.

1935 წლიდან ბავარიის სახლის არაოფიციალურ დიასახლისს ნაცისტური ელიტა უკვე კარგად იცნობდა. ევა საყვარელი ადამიანის ერთგული იყო, სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა ჰიტლერის გამხნევებას. თუმცა ბრაუნის პიროვნებაზე ჰეიკ გიორტემაკერის წიგნიც ვერ გვაწვდის საკამარის ინფორმაციას. გასაკვირი არაა, რომ ისტორიკოსმა ჰიუ ტრევორ-როპერმა ამ ქალს „ისტორიული იმედგაცრუება" უწოდა.

რამდენადაც ევას არსებობა ომის ბოლომდე სახელმწიფო საიდუმლო იყო, სიცოცხლის განმავლობაში ბრაუნი ჰიტლერთან ურთიერთობაზე თითქმის არაფერს წერდა. ავტორი ვარაუდობს, რომ 13 წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ევა ჰიტლერს იშვიათად ნახულობდა. ოფიციალურად  ბრაუნი ფიურერის ერთ-ერთი მდივანი იყო. ჰიტლერი ყველაფერს აკეთებდა, რომ მათი ურთიერთობა არავის შეენიშნა.

ევა 1912 წლის თებერვალში მიუნხენის სკოლის მასწავლებლის, ფრიც ბრაუნის,  ოჯახში დაიბადა. სამი ქალიშვილიდან ევა მეორე იყო. მას ასე აღწერდნენ : „ახალგაზრდა, ქერა, სპორტული აღნაგობის, გართობის მოყვარული". მშობლები 1921 წელს დაშორდნენ, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ დაქორწინდნენ. 17 წლის ევა  ფოტოგრაფ ჰაინრიხ ჰოფმანის სტუდიის სარეკლამო განცხადებას გამოეხმაურა. მაშინ გოგონა ასე აღწერეს: „ საშუალო შესაძლებლობების, ჩვეულებრივი ოჯახიდან, საშუალოზე დაბალი სოციალური კლასიდან". როგორც მაშინდელ ახალგაზრდებს, ევასაც უყვარდა ჯაზი, მოდა, კინო, მოგზაურობა, სპორტი, ასევე, ოსკარ ვაილდის რომანები.

ის არასდროს დაინტერესებულა პოლიტიკით და არასდროს გაწევრიანებულა ნაცისტურ პარტიაში. ამიტომ, როდესაც 1929 წლის ოქტომბერში ჰოფმანმა იგი 40 წლის ჰიტლერს გააცნო, გოგონამ მასში სასტიკი დემაგოგი ვერ დაინახა. ჰოფმანმა ჰიტლერი წარადგინა როგორც „ჰერ ვულფი" - ეს იყო მისი პარტიული ფსევდონიმი. შეხვედრის შემდეგ, ჰიტლერმა გოგონას სახლში წაყვანა შესთავაზა. აქედან იწყება მათი ურთიერობა. ევა ჰიტლერზე 23 წლით უმცროსი იყო.

გოგონამ მარტინ ბორმანისაგან მიიღო მოწმობა, რომ მის ოჯახში ებრაული სისხლი არ ურევია და უფლება მისცეს პარტიის სხდომებს დასწრებოდა, როგორც „ოფიციალური ფოტოგრაფი". ევას უფროსი და ილზა ექვსი წელი მუშაობდა ებრაელი ექიმის მიმღებში. 1938 წელს, როდესაც ექიმი ნიუ-იორკში წავიდა ემიგრაციაში, ევამ და ალბერტ შპეერის მდივნად მოაწყო. უმცროსი და გრეტლი ცოლად გაყვა გერმან ფეგელიანის, რომელიც ფიურერის შტაბში მსახურობდა. მაგრამ 1944 წელს, გერმანი ჰიტლერის მოკვლის მცდელობისათვის დააკავეს და დახვრიტეს.

ჰიტლერი თვლიდა, რომ ევასთან ურთიერთობა არ უნდა ყოფილიყო გახმაურებული: „მე დანიშნული ვარ გერმანელ ერზე და მის ბედზე!" მისი რეჟიმისათვის ქალების მხარდაჭერა ბევრს ნიშნავდა და ჰიტლერს, როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავს, ეშინოდა პოპულარობას დაკარგავდა ქალებს შორის, თუ გაირკვეოდა, რომ მათთვის მიუწვდომელი იყო. ამიტომ, მისი ევასთან ურთიერთობა გასაიდუმლოებული გახლდათ. ერთადერთი ფოტო, სადაც ერთად არიან აღბეჭდილნი, გადაღებულია სტადიონის ტრიბუნაზე, ზამთრის ოპლიმპიური თამაშების დროს 1936 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ- ერთმა ჟურნალმა  1939 წლის იანვარში, ფიურერისა და ევა ბრაუნის ურთიერთობაზე სტატია გამოაქვეყნა, გერმანელმა ხალხმა ეს მხოლოდ ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო.

ჰიტლერის მიუნხენის სახლის დიასახლისის განცხადებით, პლატონური ურთიერთობა ფიზიკურში 1932 წელს გადაიზარდა. მაშინ, როდესაც ბრაუნს 20 წელი შეუსრულდა. შპეერი იხსენებს, რომ ჰიტლერი ცდილობდა გაქცეოდა ევასადმი გრძნობებს. 1931 წელს, ჰიტლერის ნახევარდის  ქალიშვილმა, ანგელა გელი რაუბალმა, ფიურერის ოთახში თავი მოიკლა იმის გამო, რომ ჰიტლერმა მისი და მძღოლის, ემილ მორისის, ურთიერთობას წერტილი დაუსვა. თავად ევამაც სცადა თავის მოკვლა 1932 წლის აგვისტოში, ადოლფის ყურადღების მიპყრობის მიზნით.

ჰიტლერის რეაქცია სწორედ ისეთი იყო, ევას რომ სურდა. მან ჰოფმანს უთხრა, რომ დავრწმუნდი, მართლა ვუყვარვარო და ევას სახლში ტელეფონის დადგმა ბრძანა. ირკვევა, რომ მათი ურთიერთობა 1935 წელს განელდა - „როგორც ჩანს, მის გეგმებში სიყვარული არ შედიოდა"- წერდა ევა თავის დღიურში. ამიტომ, 1935 წლის მაისში, ევამ სუიციდის კიდევ ერთი მცდელობა მოაწყო. საპასუხოდ, ჰიტლერმა მას თავისი საცხოვრებლიდან 5 წუთის სავალზე ბინა უყიდა. ამას გარდა, 1935 წლის აგვისტოში, ჰიტლერი ევას დათანხმდა მშობლების გაცნობაზე, რომელთაც ამ მოვლენის გამო „ვარსკვლავური დაავადება" დაეწყოთ. როგორც ჩანს, ტირანის გულისკენ გზა თვითმკვლელობაზე გადიოდა.

ქალები ევას მიმართ აგრესიას ამჟღავნებდნენ, რადგან ყველაზე ძლიერმა ადამიანმა მთელი გერმანელი ერიდან საყვარლად სწორედ ის აირჩია. შპეერი არასდროს გამორიცხავდა, რომ მათ სექსუალური კავშირი ჰქონდათ. ჰიტლერის მეგობარი, მაქს ამანი ამბობდა, რომ ევას და ჰიტლერს „ხშირად ჰქონდათ სექსუალური კავშირი". შეიძლება ითქვას, ევამ კაცობრიობას ერთი კარგი საქმე გაუკეთა - არასდროს დაორსულებულა.

1938 წლის სექტემბერში, ჰიტლერმა ევას ბერლინში სახლი უყიდა. ამჯერად, საკუთარი ნებით, ყოველგვარი სუიციდის მცდელობის გარეშე.

ომის დროს ევა ჰიტლერს იშვიათად ხვდებოდა. დროის უმეტეს ნაწილს მიუნხენში და ბერჰოფში ატარებდა.

„ გგონია მას მარტო დავტოვებ?" - წერდა ევა თავის საუკეთესო მეგობარს, გერტა შნაიდერს. ეს მანამდე, სანამ ჰიტლერთან ერთად 200 კვადრატული მეტრის ბუნკერში აღმოჩნდებოდა. იქედან კი გერტას წერს, რომ ბედნიერია იყოს მასთან ახლოს, განსაკუთრებით კი ახლა.  22 აპრილს, როდესაც ჰიტლერი თითქმის ყველამ მიატოვა, ევამ განუცხადა, რომ მასთან ბოლომდე დარჩებოდა. „ისე მოვკვდები, როგორც ვცხოვრობდი" - წერდა გერტას. თუმცა, ევა არ მომკვდარა ისე, როგორც ცხოვრობდა -ჰიტლერის საყვარლად, ვინაიდან 1945 წლის 29 აპრილს ისინი დაქორწინდნენ. მეორე დღეს კი, საწამლავი დალიეს, ჯერ ევამ შემდეგ ჰიტლერმა...

„მე და ჩემი ცოლი ვირჩევთ სიკვდილს!"- წერდა ჰიტლერი თავის ანდერძში.

ასე დასრულდა ფიურერზე შეყვარებული იდუმალი ქალის ცხოვრება...


ნინო კოჭლამაზაშვილი



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი