logo_geo
ერთხელ სკოლის გზაზე დამხვდა ლავრენტი ბერია...
- +

15 თებერვალი. 2018. 13:07




ოფიციალური ცნობით, 1953 წლის 23 დეკემბერს „სამშობლოს ღალატის" ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს მეოცე საუკუნის მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოსილი პოლიტიკური მოღვაწე ლავრენტი ბერია.



ჩემი ქმარი ლავრენტი ბერია


დნეპრისპირა დიდი ქალაქის გარეუბანში, მყუდრო, მწვანეში ჩაფლულ ქუჩაზე, „ხრუშჩოვის" ბინაში ცხოვრობს 86 წლის სანდომიანი, ცოცხალთვალება და მკვირცხლი გონების ქართველი მანდილოსანი. იგი უკვე დიდი ხანია დაივიწყა თანამედროვეობამ.

ოდინდელი სილამაზის კვალი ახლაც ატყვია. საოცარი მეხსიერება აქვს და შესანიშნავი ქართულით საუბრობს. საბჭოთა კავშირის ისტორიაში არასოდეს ასრულებდა რაიმე მნიშვნელოვან როლს, ვერც მაშინდელ შინაურ თუ საგარეო პოლიტიკაზე ახდენდა გავლენას. არც საზღვარგარეთ მოგზაურობდა და კრემლში ოფიციალურ მიღებებსაც იშვიათად ესწრებოდა. და, მაინც, თითქმის თხუთმეტი წლის განმავლობაში იგი იყო საბჭოთა კავშირის უპირველესი ლედი, მეუღლე კაცისა, ვის სახელს დღესაც კი ერთგვარი შიშითა და კრძალვით ვახსენებთ - ლავრენტი ბერია!

ვუყურებ ამ სათნო მოხუცს და ძალიან მინდა გადავიხედო ორმოცდაათი წლის მიღმა, დავინახო ახალგაზრდა, ულამაზესი ძლევამოსილი ქალბატონი - ნინო გეგეჭკორი!


...ღარიბი კაცის ოჯახში დავიბადე. საერთოდ, იმ დროს, შეძლებული ოჯახები საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნებოდა. დროც არეული იყო - რევოლუციები, პარტიები, შეხლა-შემოხლა. ბიძის, საშა გეგეჭკორის ოჯახში ვიზრდებოდი. ქუთაისში ვცხოვრობდით, სკოლაშიც იქ დავდიოდი. საშა რევოლუციური მოღვაწეობისთვის ციხეში იჯდა. მისი მეუღლე ხშირად დადიოდა ქმრის სანახავად. მე პატარა გოგო ვიყავი და ბიცოლას სულ უკან დავდევდი. ციხეშიც მივყვებოდი ხოლმე, მაინტერესებდა. სხვათა შორის, მაშინ პატიმრებს ურიგოდ არ ეპყრობოდნენ. ის ვაჟბატონიც მაშინ საშასთან ერთად ბრძანდებოდა ციხეში. მე მას არ ვიცნობდი, თვითონ კი, თურმე, დამიმახსოვრა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საშა თბილისში გადმოიყვანეს და, ბუნებრივია, მეც მათ ოჯახთან ერთად ჩამოვედი. უკვე მოზრდილი გოგო ვიყავი. ერთი წყვილი კარგი ფეხსაცმელი მქონდა, მაგრამ ბიცოლა ყოველდღე არ მაცმევდა, უფრთხილდებოდა. სასწავლებელში ძველებით დავდიოდი. ცენტრალურ ქუჩებს ვერიდებოდი, მრცხვენოდა. მახსოვს, საბჭოთა ხელისუფლება ახალი დამყარებული იყო და ჩვენ, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა მის წინააღმდეგ დემონსტრაცია გავმართეთ. წყალი მოგვასხეს, სულ გავიწუწე და შინ გავიქეცი. იქ კიდევ ბიცოლა მეკითხება, რა მოხდაო. მეც ვუამბე. ამის გამო ერთი წამითაქა კიდეც - საშა გეგეჭკორის ოჯახში ცხოვრობ და თან საშა გეგეჭკორის წინააღმდეგ დემონსტრაციებში მონაწილეობო?!

ერთხელ სკოლის გზაზე დამხვდა ლავრენტი (გასაბჭოების შემდეგ ხშირად მოდიოდა საშასთან და მე მას უკვე ვიცნობდი). ჩამაცივდა, გინდა თუ არა, უნდა შევხვდეთ და ვილაპარაკოთო. დავთანხმდი. ნაძალადევში შევხვდით. იქ ჩემი უფროსი და და სიძე ცხოვრობდნენ და ამიტომ იმ უბანს კარგად ვიცნობდი. სკამზე ჩამოვჯექით. ლავრენტის შავი პალტო ეცვა და სტუდენტის ქუდი ეხურა. მითხრა, რომ დიდი ხანია მაკვირდება, ძალიან მოვწონვარ... ჰო, ისიც მითხრა, რომ ვუყვარდი და უნდოდა, ცოლად გავყოლოდი.

მაშინ თექვსმეტნახევარი წლისა ვიყავი. როგორც ამიხსნა, თურმე, საბჭოთა ხელისუფლება გზავნიდა ბელგიაში ნავთობის საკითხების შესასწავლად, ოღონდ, ერთი პირობით - ცოლი უნდა შეერთო. მითხრა, რომ მეც ხელს შემიწყობდა სწავლაში. დავფიქრდი და დავთანხმდი - სხვის ოჯახში ცხოვრებას ვარჩიე, ამ კაცს გავყოლოდი და საკუთარი ოჯახი შემექმნა. იგი მაშინ ოცდაორი წლის იყო. არავისთვის მითქვამს, ისე გავყევი ცოლად. ალბათ, ამის გამო მერე გავრცელდა ჭორი, თითქოს ლავრენტიმ მომიტაცა. არა, ბატონო, საკუთარი ნებით გავყევი. თუმცა, ახლაც ასე არ არის? - გაჰყვება გოგო ბიჭს და მერე ამას დაარქმევენ მოტაცებას.

ერთ წელიწადს ბაქოში ვცხოვრობდით, მერე თბილისში დავბრუნდით. ოცდაოთხში შეგვეძინა ბიჭი, სერგო. საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა ჯერ გადაიდო, მერე შეუძლებელი გახდა, რადგან ლავრენტი სახელმწიფო საქმეებში ჩაეფლო და აღარსად აღარ გააგზავნეს.

ღარიბად ვცხოვრობდით. მაშინ დრო იყო ასეთი, ადამიანურად ცხოვრება სირცხვილად ითვლებოდა, სიმდიდრეს ვებრძოდით. ოცდათერთმეტში ლავრენტი საქართველოს ცეკას პირველ მდივნად დანიშნეს. მანამდე ამ პოსტზე ქართველიშვილი მუშაობდა. უცნაური კაცი იყო. როგორც ჩანს, თანამდებობამ გაათამამა. ერთი რუსი თანამდებობის პირი იყო, ერშოვი და იმას წაართვა ქართველიშვილმა ცოლი. ის ქალი, მერე, როცა ქართველიშვილი მოხსნეს, სხვას გაჰყვა.

ლავრენტი მუდამ უაღრესად დაკავებული იყო. დრო ოჯახისთვის თითქმის არ რჩებოდა. ძალიან ბევრს შრომობდა. ახლა ადვილია კრიტიკა, მაგრამ მაშინ მართლა ბრძოლა იყო - საბჭოთა ხელისუფლებას უნდა გაემარჯვა. ხომ გახსოვთ, რას წერდა სტალინი სოციალიზმის მტრების შესახებ. ის მტრები რეალურად არსებობდნენ. ახლა ყველა ბუღალტერს შეუძლია ადგეს და რამდენიც უნდა, აკრიტიკოს სტალინი. მე ვიცნობდი ამ კაცს, თავის დროზე მისვლა-მოსვლა გვქონდა ერთმანეთთან. მართალია, იგი ძალიან მკაცრი, სასტიკიც კი იყო, მაგრამ ვინ იტყვის, რომ იმ პერიოდში სისასტიკე საჭირო არ იყო? სტალინს უნდოდა შეექმნა დიდი და ძლიერი სახელმწიფო და მან ეს შექმნა შთამომავლობისთვის. მართალია, ამას შეეწირა ბევრი ადამიანი, მაგრამ სად იყო, რატომ ვერავინ დაინახა სხვა გზა, რომელიც უმტკივნეულოდ მიგვიყვანდა მიზნამდე? მერე სვეტამაც (სვეტლანა ალილუევა, სტალინის ქალიშვილი, თ. ქ.) დაწერა, მამაჩემი სასტიკად მეპყრობოდაო. სვეტა ჩემს თვალწინ გაიზარდა. ძალიან ნიჭიერი და მიზანდასახული ადამიანი იყო, საყვარელი ბავშვი. ძალიან უყვარდა მამამისს. ჰოდა, ეს საყვარელი ქალიშვილი ერთ მშვენიერ დღეს უცხადებს მამას, რომ შეუყვარდა მასზე 23 წლით უფროსი ებრაელი რეჟისორი კაპლერი და აპირებს, ცოლად გაჰყვეს. თქვენ როგორ მოიქცევით, თქვენმა თექვსმეტი წლის ქალიშვილმა საკითხი ასე რომ დაგისვათ? მამამ ერთი სილა გააწნა თავის ქალიშვილს. კაპლერმა კი ის მიიღო, რისი ღირსიც იყო - მას არ ჰყვარებია სვეტა, უნდოდა, სტალინის ოჯახში შემძვრალიყო და დარწმუნებული ვარ, ამაში მას რაღაც ძლიერი ორგანიზაცია უმაგრებდა ზურგს.

ახლა სტალინზე ათასგვარ ზღაპარს ჰყვებიან. იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. თავისი სისუსტეებიც ჰქონდა. შვილებს ყურადღებას არ აქცევდაო, - როგორ არ აქცევდა, მაგრამ იგი შვილებს არ აქცევდა ზედმეტ ყურადღებას. მიაჩნდა, რომ მათ თვითონ, დამოუკიდებლად უნდა ეპოვათ ცხოვრების გზა. თუნდაც იაშას, სტალინის უფროსი ვაჟის ცხოვრება არის ამის მაგალითი.

მოსკოვში გადავედით 1938 წლის დამლევს. ამ დროს ოცდაჩვიდმეტის რეპრესიები უკვე ჩავლილი იყო. როცა ჩემი ქმრის შესახებ წერენ, ამ გარემოებას არ ითვალისწინებენ. ასე უმჯობესია - არის კაცი, ვისაც შეიძლება ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში დასდო ბრალი. დარწმუნებული ვარ, ოდესღაც დაიწერება ობიექტური ისტორია, რომელიც ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. მე ვერ მოვესწრები ამას, მაგრამ თქვენ ხომ აუცილებლად მოესწრებით, ჯერ ახალგაზრდა ხართ. რა შეიძლება იცოდეს, მაგალითად, ანასტას მიქოიანის შვილმა, ასე თავგამოდებით რომ ამტკიცებს რაღაც აბსურდებს? - არაფერი, მაგრამ, მაინც წერს, ალბათ, თავის გამოჩენის მიზნით.

ეს არ არის წესიერი საქციელი! ლავრენტის ბრალი დასდეს ვანო სტურუას ოჯახის ტრაგედიაში. ეს არის უდიდესი ცილისწამება... იცით, მაშინ მოქმედებდა ისეთი მანქანა, რომლის შეჩერება ან მიმართულების შეცვლა არავის შეეძლო. არც ლავრენტის. ქართული გაზეთები მაქვს გამოწერილი: „ლიტერატურული საქართველო", „სამშობლო" და „თბილისი", საღამოს გაზეთი. ჟურნალებიც მომდის. მობრძანდით, „ცისკარი" უნდა გაჩვენოთ. აქ არის დასტამბული გაბრიელ ჯაბუშანურის პოემა, რომელიც, თურმე, სტალინის სიცოცხლეში ყოფილა დაწერილი და ახლა დაიბეჭდა. შეიძლება, რა თქმა უნდა, არ გიყვარდეს კაცი, მაგრამ მასზე ასეთი ტონით წერა არ შეიძლება. თუნდაც ყველაფერი ის, რასაც ამბობენ, მართალი იყოს, ქართველს მაინც არ შეეფერება სტალინის ასე ლანძღვა - ასეა თუ ისე, იგი მაინც ქართველი იყო. თუ გასალანძღია, გალანძღოს სხვამ, ჩვენ ნუ გამოვიჩენთ ინიციატივას...

მე არასოდეს ჩავრეულვარ ჩემი ქმრის სამსახურებრივ საქმეებში. მაშინდელი მოღვაწეები ცოლებს არ ანებივრებდნენ ისე, დღეს რომ ანებივრებენ. ამიტომ ჩემთვის შეუძლებელია ლავრენტის საქმეებზე ლაპარაკი. ის, რაც მას ოფიციალურად დასდეს ბრალად, სახელმწიფოს ღალატი, უბრალოდ, დემაგოგიაა - რაღაც ხომ უნდა დაებრალებინათ. ეშინოდათ, სტალინის შემდეგ ბერიას არ დაეჭირა მისი ადგილი. მე ვიცნობდი ჩემი ქმრის ხასიათს და დარწმუნებული ვარ, მას ეყოფოდა გონიერება და არ დაიჩემებდა პირველობას. იგი პრაქტიკული ჭკუის კაცი იყო და იცოდა, რომ სტალინის შემდეგ ისევ ქართველი კაცის სახელმწიფოს სათავეში მისვლა გამორიცხული იყო. ამიტომ, ალბათ, იგი ხელს შეუწყობდა მისთვის სასურველ პიროვნებას, მაგალითად, მალენკოვს.

...ორმოცდაცამეტის ივნისში ჩვენ (მე და ჩემი შვილი სერგო) მოულოდნელად დაგვაპატიმრეს და სხვადასხვა ციხეში ჩაგვკეტეს. თავიდან ვფიქრობდით, რომ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, უფრო სწორედ, რაღაც კონტრრევოლუციის მაგვარი და სათავეში მოვიდა ანტიკომუნისტური ძალა.

მე „ბუტირკაში" ვიყავი. ყოველდღე მოდიოდა გამომძიებელი, რომელიც მოითხოვდა ჩვენებებს ჩემი ქმრის წინააღმდეგ. მეუბნებოდა, რომ „ხალხი აღშფოთებული იყო ლავრენტის საქციელით". მე მას განვუცხადე, რომ არავითარ ჩვენებას არ მივცემდი, არც კარგს და არც ცუდს. მერე აღარ შევუწუხებივარ. წელიწადზე მეტ ხანს ვიყავი ციხეში. ბრალდებები? როგორ არა, წამომიყენეს, მაგრამ ნუ გაიცინებთ, ეს სავსებით სერიოზულად იყო ნათქვამი - ბრალი მედებოდა ერთი კასრი წითელი მიწის ჩამოტანაში რუსეთის არაშავმიწიანი ზონიდან მოსკოვში. საქმე ის გახლავთ, რომ მე ვმუშაობდი სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, ვიკვლევდი ნიადაგის შემადგენლობას. ჩემი თხოვნით, ოდესღაც მართლა ჩამომიტანეს ერთი კასრი წითელი მიწა. იგი თურმე, ჩამოუტანიათ თვითმფრინავით. ესე იგი, სახელმწიფოს ტრანსპორტი გამოიყენეს კერძო მიზნებისთვის. მეორე ბრალდება გახლდათ დაქირავებული შრომის გამოყენება - თბილისში ცხოვრობდა ცნობილი მკერავი, ვინმე „საშა პარტნოი". სწორედ ეს „საშა პარტნოი" ჩამოსულა ჩემთან მოსკოვში, შეუკერავს კაბა და მე მისთვის გადამიხდია შესაბამისი გასამრჯელო. ალბათ, ასეც იყო. ახლა ზუსტად არ მახსოვს, როდის იყო ჩემთან თბილისელი მკერავი, მაგრამ ნამდვილად იქნებოდა. ოღონდ, თუ ეს დანაშაულია, ახლაც არ ვიცი.

ჩემი ყურით მომისმენია, როგორ ჰყვებოდნენ, თითქოს ქუთაისიდან გურიამდე ვიმგზავრე ოქროსეჟვნებიანი ცხენით. ცხენით მართლაც ვიმგზავრე ოდესღაც, მაგრამ ოქროსმოსართავებიანი ნამდვილად არ ყოფილა. ხომ იცით, ადამიანებს ძალიან უყვართ არარსებულის გამოგონება და მერე იმის სინამდვილედ წარმოჩენა...

ციხეში მოვიდა ერთი ჩემი „კეთილისმყოფელი" და დამარიგა, ასეთ პირობებში ყოფნას გიჯობს, განცხადება დაწერო და საავადმყოფოში გადაგიყვანთო. მართლაც ძალზე მძიმე პირობებში ვიყავი. „ოდინოჩკა" კარცერი ხომ გაგიგონიათ, სწორედ იქ. იმ საკანში არც დაწოლა შეიძლებოდა, არც დაჯდომა. ასე ვიყავი ერთ წელიწადზე მეტ ხანს. საავადმყოფოზე უარი განვაცხადე, რადგან ზედამხედველმა მიჩურჩულა, თქვენზე ამბობენ, გაგიჟდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებაო.

ერთ დღეს გამომძიებელმა მამცნო, შვიდას სამოცმა ქალმა აღიარა, ბერიას საყვარლები ვართო! საოცარია, პირდაპირ - ლავრენტი დღეს და ღამეს შრომაში ასწორებდა და როდისღა მოასწრო, ნეტავ, ქალთა ამ ლეგიონის საყვარლებად გადაქცევა?! სხვა ამბავია აქ - ომის დროს და მერეც იგი ხელმძღვანელობდა დაზვერვას და კონტრდაზვერვას. ეს ქალები კი იყვნენ მისი ინფორმატორები, რომლებსაც მხოლოდ ლავრენტისთან ჰქონდათ უშუალო კავშირი. ლავრენტის ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა და ეს სამსახურებრივი ურთიერთობანი ამ ქალებთან (ალბათ, სხვებთანაც) ინახებოდა მის გონებაში. ხოლო, როცა ამ თანამშრომლებს შეფთან ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს, ბუნებრივია, ყველამ თქვა, საყვარელი ვიყავიო. აბა, აგენტობას ხომ არ დაიბრალებდნენ?!

ერთი წლის შემდეგ მე და სერგო პირუტყვის გადასაყვან მატარებელში ჩაგვსხეს და სვერდლოვსკში ჩაგვიყვანეს. იქ ხუთასი მანეთი (ახლანდელი ორმოცდაათი) მოგვცეს და... გაგვიშვეს. ძალიან გვიჭირდა უბინაოდ, უსახსროდ, უმუშევრად. მერე, როგორც იქნა, სერგომ ტექნიკოსის თანამდებობა იშოვა (ციხიდან გამოსვლისას ზეინკალ-ტექნიკოსის დიპლომი მისცეს) და მუშაობა დაიწყო. სხვათა შორის, სერგო დაპატიმრების მომენტში ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი იყო. მე არ ვამტკიცებ, რომ იგი რაღაც არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული კაცია, მაგრამ იგი არის ნამდვილად ძალზე ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი. ასეთი იყო მუდამ. ამის გარდა, რა დასამალია, მას საშუალება ჰქონდა ესწავლა, კონსულტაციები მიეღო საუკეთესო სპეციალისტებისაგან, ბოლოს და ბოლოს, შეერჩია ის სპეციალობა, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებდა. დაპატიმრების შემდეგ მას ჩამოართვეს ხარისხები და, როგორც გითხარით, ტექნიკოსის მოწმობა მისცეს. მერე, ჩემი დაჟინებული თხოვნით, თავიდან დაიწყო ყველაფერი და ახლა, მადლობა ღმერთს, ბედს არ ვემდურით - კარგი სამსახური აქვს, მაღალი ხელფასი, დაფასება.

სვერდლოვსკის გადასახლება რამდენიმე წლის შემდეგ შეგვიცვალეს და უფლება მოგვცეს, გვეცხოვრა საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ქალაქში მოსკოვის გარდა. ბუნებრივია, მე საქართველოში ჩამოსვლა ვინდომე. ჩამოვედი კიდეც. ჩემს მშობლიურ მარტვილს მივაშურე. იქაურ რაიკომის მდივანს მივაკითხე და ვთხოვე, ორიოდე გოჯი მიწა გამოეყო ჩემთვის. იმედი მქონდა, კეთილი ხალხის დახმარებით პატარა სახლს ჩავდგამდი, იქ ვიცხოვრებდი და იქვე დავიმარხებოდი. არ გამართლდა ჩემი მოლოდინი. მალე ქუთაისიდან ჩამოვიდა ორგანოს ორი თანამშრომელი და „ძალზე თავაზიანად" გამომისტუმრეს უკან, რუსეთში.

მას შემდეგ აქა ვარ და საქართველოს ნატვრაში ამომდის სული. თვალყურს ვადევნებ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება. ღმერთმა ხელის მოუმართოს ყველას, ვინც თავისი სამშობლოს კეთილდღეობისთვის იბრძოლებს. ადამიანი მხოლოდ თავისი სამშობლოსთვის უნდა ზრუნავდეს. სხვა ერი არასოდეს დაგიფასებს სამსახურს. ავიღოთ, თუნდაც სტალინი, ორჯონიკიძე, ჩხეიძე, წერეთელი, გეგეჭკორი, ბერია და ბევრი სხვა. იმათ მართლაც სწამდათ, რომ იბრძოდნენ რაღაც დიადი მიზნისთვის, კაცობრიობისთვის. რა გამოვიდა მერე აქედან? - თავის ერს, სამშობლოს ვერცერთი ვერ გამოადგა, იმ მეორე ერმა კი არ მიიღო მათი სამსახური. ეს ხალხი უსამშობლოდ გადაეგო. ასე მოუვა ყველას, ვინც თავისი ერის ინტერესებს სხვას ანაცვალებს. ეს უნდა გაითვალისწინონ ახლანდელმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმაც...

თუ არ დამზარდებით, ერთ პატარა ბარათს გაგატანთ ჩემს ახლობელთან თბილისში.

„ჩემო თამარ, ვარ ცოცხალი, მაგრამ, ვაი, ასეთ სიცოცხლეს. უკვე 90 წელს მიახლოებული, ვარ ჩავარდნილი ლოგინში და დაუხმარებლად ჩემს ოთახშიც ვერ დავდივარ. მაინც მესმის, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. უცვლელია მხოლოდ ჩემი სიყვარული საქართველოსადმი და ყველა თქვენდამი. იყავით სულ კარგად და ბედნიერად. ნინო გეგეჭკორი. 09. VII. 90."

ქალბატონმა ნინო გეგეჭკორმა სიტყვა „უცვლელია" დიდი ასოებით დაწერა და ქვეშ ორი სქელი ხაზი გაუსვა.

„7 დღე", ივლისი, 1990 წელი


P.S. მაშინ ამის გამხელის უფლება არ მქონდა, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ის „დიდი დნეპრისპირა ქალაქი" კიევია. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - კიევში ბიძაშვილთან, ცირა ქორიძესთან ერთად ჩავედი. დეიდა ნინო სიამოვნებით დასთანხმდა ცირასთან შეხვედრას, მაგრამ ჩემს მიღებაზე უარი განაცხადა. მერე საქმეში სერგო ჩაერია და საბოლოოდ შეხვედრა გაიმართა. კიევში ერთ კვირაზე მეტ ხანს დავრჩი. წამოსვლისას დეიდა ნინოს ვკითხე, ჩემთან შეხვედრაზე უარი რატომ თქვით-მეთქი? თითქოს დაიმორცხვა, ეშმაკურად შემომხედა, მერე თავი დახარა და... - არ მინდოდა, ასე დაუძლურებული ვინმე მამაკაცს ვენახეო.

ახლა, თუ არ დამძრახავთ, ცოტას წავიტრაბახებ. დეიდა ნინოსთვის არ მითქვამს, რომ ჟურნალისტი ვიყავი. რამდენიმე დღის მერე ისე, სიტყვას მოვაყოლე და ვუთხარი, რამე საწინააღმდეგო ხომ არ ექნებოდა, მისი საუბარი გაზეთში რომ გამომექვეყნებინა. - არაო, თქვა, - ერთადერთი ჟურნალისტი, ვისაც ინტერვიუზე დავთანხმდებოდი, „თბილისის" კორესპონდენტი თეიმურაზ ქორიძეაო. ეტყობა, ვერ წარმოიდგინა, რომ მასთან სტუმრად მისული დის შვილიშვილი და ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე ერთი და იგივე ადამიანი იყო. მეც არაფერი მითქვამს. წერილის გამოქვეყნების შემდეგ კიევიდან დამირეკა, მადლობა გადამიხადა და ჩემი პატარა ქალიშვილისთვის სიმბოლური საჩუქარიც გამომიგზავნა.

დეიდა ნინო ჩვენი შეხვედრიდან ორიოდე თვის შემდეგ გარდაიცვალა 86 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, „ზღვის სასაფლაოზე".

 

თეიმურაზ ქორიძე


 

big_banner
არქივი