logo_geo
"დედაჩემს ტანჯავდა... რომ ვუყურებდი, სურვილი მიჩნდებოდა მომეკლა..."
- +

19 თებერვალი. 2018. 11:11



მე მინდა მოგიყვეთ ამბავი, რომელიც ყველა ემიგრანტის შვილს დააფიქრებს. დედაჩემი, წლებია იტალიაში ცხოვრობს. მუშაობს და ცდილობს არაფერი მოგვაკლოს, მაგრამ ადამიანს რაც უფრო მეტი აქვს, მით უფრო და უფრო მეტი უნდა. მამაჩემიც მუშაობს, ჩვენ ოთხი დედმამიშვილი ვართ, მე ყველაზე უფროსი, უკვე მესამე კურსის სტუდენტი ვარ. მანამდე თუ თვიდან - თვემდე საჭმლის ფულს ძლივს აკოწიწებდნენ ჩემები, ახლა მოთხოვნილებები გაგვეზარდა. მეც არ ვყოფილვარ განსხვავებული ბავშვი, რომ ვუყურებდი სხვას ჰქონდა, მეც ვთხოვდი დედას,  მინდა - თქო. ისიც ყველანაირად ცდილობდა,  გული არ დაეწყვიტა, რაც აქამდე გაკლდათ მინდა ყველაფერი გქონდეთ, აბა მე აქ რისთვის ვარ წამოსულიო ?!  ძალიან გამიჭირდა თავიდან დედის გარეშე, ძალიან მენატრებოდა, ღამით გამეღვიძებოდა ხოლმე და ვტიროდი. მერე მივეჩვიე, რომ ჩემი და ძმა ჩემზე გახდა დამოკიდებული, ვცილობდი დედის სითბო და სიყვარული გამენაწილებინა მათთვის, დედასაც ხშირად ველაპარაკებოდით, ახლა ისინი უკვე დიდები არიან და თავის თავს თვითონ უვლიან, მეც სამი წელია თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად.

 

ერთ დღეს დედას გამოვუცხადე, ჩემი მეგობარი თავის დედას იტალიაში მიჰყავს ზაფხულში დასასვენებლად და მეც წამიყვანე - თქო, თან შენც გნახავ თა სხვა ქვეყანასაც დავათვალიერებ - მეთქი. მოკლედ, თავი გავიგიჟე, სანამ დედაჩემმა არ წამიყვანა. ათი დღით ვიყავი. სადაც მუშაობს, იქ დავრჩი მეც და იქ სიტუაცია დამხვდა, დღეს ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, რომ ასე უდიერად ვხარჯავდი დედაჩემის გამოგზავნილ ფულს! ერთი შეხედვით კარგი ხალხი იყო, მეც ნორმალურად მიმიღეს, მითხრეს, დედაშენის ოთახში დაიძინებო.  დედას ოთახი სხვენში იყო, ერთი პატარა ოთახი, მეტის პრეტენზია არც მაქვსო, მითხრა. დილით ადრე დგებოდა, ჯერ მოხუცისთვის უნდა გამოეცვალა, მერე საჭმელი უნდა გაეკეთებინა, მთელი ოჯახისთვის სუფრა გაეწყო და ამ მოხუცისთვის ხელით ეჭმია. საშინელი მოხუცი იყო, დედაჩემს ტანჯავდა. რომ ვუყურებდი, სურვილი მიჩნდებოდა მომეკლა, ხან პირს დამუწავდა და ცოცხალი თავით არ აღებდა, ხან კოვზს ისე ძლიერად მოუჭერდა, დედაჩემი ძლივს წაართმევდა ხოლმე.

 

რა ვქნა, შვილო, ეს რომ არ ავიტანო, ქუჩაში აღმოვჩნდები და მერე თქვენ რა გეშველებათო ?!  დედაჩემი ერთი წამითაც არ ფიქრობს საკუთარ თავზე. ამ ყველაფრისგან გულდამძიმებული ვარ და ერთ დილას სამზარეულოდან მესმის ყვირილის ხმა, ჩავედი სამზარეულოში და ოჯახის უფროსი ქალი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა... ვერ გავიგე, რა მოხდა, როგორც დედამ მითხრა, მოხუცი სასეირნოდ გაყავდა გარეთ და კარებთან მდგარ ლარნაკს ხელი დაავლო და დაამსხვრია, ეს ქალი დედაჩემს გამოენთო, ყურადღებას თუ არ აქცევ, ფულს რაში გიხდი, ეს ლარნაკი საერთოდ თუ იცი, რა ღირსო ?!  დამცირება, ტკივილი, ნერვების შლა, დაღლილობა, უძილობა, სტრესი, ეს ყველაფერი იყო ის, რისი გადატანაც დედაჩემს უწევდა ოჯახის რჩენისთვის.

 

ის ათი დღეს ვერ აგიღწერთ, რა გადავიტანე... იმას, რასაც ათი დღე ვერ გავუძელი დედაჩემი წლებია იტანს, ისევ თავისი შვილების გამო. ვეხვეწებოდი, აქ აღარ დარჩე და ჩემთან ერთად დაბრუნდი საქართველოში მეთქი და ცოტა ფულს მოვუყრი თავს და ჩამოვალ მერეო, დამპირდა.

 

მის მერე ექვსი თვე გავიდა, დედა ისევ იმ ოჯახში მუშაობს. სახლში რომ დავბრუნდი,  ჩემ და - ძმას მოვუყევი,  დედას ზედმეტი არაფერი სთხოვოთ, თქვენ არ იცით, რა უზის თითოეული თეთრი...

 

რამდენიმე დღის წინ ჩემმა დამ დამირეკა ტირილით, IPHONE 6 მინდა და დედა ფულს არ მიგზავნისო, შენ თხოვე და იქნებ მიყიდოსო.

 

17 წლისაა ჩემი და, აბიტურიენტია, 6 მასწავლებელთან დადის, ფულს, რა თქმა უნდა, დედა იხდის, ვერ აგიხსნით რა დამემართა, ახლოს რო მყოლოდა შეიძლება, გამეწიწკნა...

 

მინდა, ჩემი წერილი ყველა ემიგრანტის შვილმა წაიკითხოს და მიხვდეს, რა უზის თქვენ დედას ის, რომ თქვენ ბოლო მოდელის ტელეფონი, ძვირფასი ტანსაცმელი და გემრიელი საჭმელი გქონდეთ! თითოეული თეთრი დაუფასეთ თქვენს დედიკოებს, ბევრი თბილი სიტყვა უთხარით, ხშირად დაურეკეთ, ჰკითხეთ ამბები, ჰკითხეთ რამე ხომ არ აწუხებს... თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენი რამის გადატანა უწევს ემიგრანტ დედას!


/ ნათია ცანავა /


 

big_banner
არქივი