ქალაქ ექსეტერის მთავრობამ საფოსტო მტრედს, სახელად მერის, მემორიალური დაფა გაუხსნა.
მეორე მსოფლიო ომის დროს მერის საფრანგეთიდან საიდუმლო წერილები მოჰქონდა. მერის პატრონი - სესილ ბრუერი მტრედების გაწვრთნით იყო დაკავებული. 1940 წელს მან საუკეთესო მტრედი - მერი სპეციალურ სამსახურს გადასცა.
გერმანელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მერის ხშირად უშვებდნენ. სროლებისა და შევარდნების თავდასხმების გამო, მტრედი 3-ჯერ დაიჭრა, თუმცა წინააღმდეგობების მიუხედავად, ის დავალებას ყოველთვის პირნათლად ასრულებდა. ასეთი სანიმუშო სამსახურის გამო, მტრედი მერი დიკინის სახელობის მედლით (ცხოველთა უმაღლესი ჯილდო) დააჯილდოვეს.