logo_geo
დედამიწა მცენარეებმა 100 მლნ წლით უფრო ადრე დაფარა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა
- +

22 თებერვალი. 2018. 23:10



დედამიწის ისტორიის პირველი ოთხი მილიარდი წლის განმავლობაში, ჩვენი პლანეტის კონტინენტებზე მხოლოდ მიკრობული სიცოცხლე არსებობდა.


თუმცა, ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ტბორებში გავრცელებული წინაპრებისგან ხმელეთის მცენარეები აღმოცენდა, კონტინენტები გამწვანდა და შეიქმნა ჰაბიტატი, სადაც შემდეგ ცხოველებიც გავრცელდნენ.


ამ ეპიზოდის დროის განსაზღვრა აქამდე ეყრდნობოდა უძველეს ნამარხ მცენარეებს, რომელთა ასაკიც 420 მილიონი წელია.


მაგრამ როგორც ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ახალი კვლევა მიუთითებს, ეს მოვლენა სინამდვილეში ასი მილიონი წლით ადრე მოხდა. ეს კი მნიშვნელოვნად ცვლის დედამიწის ბიოსფეროს ევოლუციის აღქმას.


მცენარეებს ძირითადი წვლილი შეაქვს კონტინენტური ქანების ქიმიურ გამოფიტვაში, რაც საკვანძო პროცესია ნახშირბადის ციკლში, რომელიც, თავის მხრივ, უკვე მილიონობით წლებია არეგულირებს დედამიწის ატმოსფეროსა და კლიმატს.


ჯგუფმა „მოლეკულური საათის" ტექნოლოგია გამოიყენა, რომელიც აერთიანებს ცოცხალ სახეობებსა და ნამარხებს შორის არსებული გენეტიკური განსხვავებების მტკიცებულებებს. მათი მიზანი იყო იმ ევოლუციური მონაკვეთის ხილვა, რომელიც შეავსებდა ნამარხებში არსებულ ნაპრალებს.

 

„მცენარეების გლობალურმა გავრცელებამ და ხმელეთზე სიცოცხლისათვის ადაპტირებამ გამოიწვია კონტინენტური გამოფიტვის მაჩვენებლის ზრდა, რაც საბოლოოდ დასრულდა ატმოსფეროში არსებული „სათბური გაზის", ნახშირორჟანგის დონის დრამატული შემცირებითა და გლობალური გაციებით", - განმარტავს კვლევის თანაავტორი, ბრისტოლის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი ჯენიფერ მორისი.


„მცენარეთა ნამარხების აშკარა მნიშვნელობა ატმოსფეროში მომხდარ ამ ცვლილებებში, მოდელირების წინა მცდელობამაც დაადასტურა. როგორც ჩვენი კვლევა აჩვენებს, ამ ნამარხთა ასაკი სათანადო შეფასებას ვერ უკეთებს ხმელეთის მცენარეთა წარმოშობას, შესაბამისად, საჭიროა ამ მოდელთა გადახედვა", - აღნიშნავს მორისი.


„ნამარხები ძალიან მეჩხერი და არასრულია, რათა საიმედო წყარო იყოს ხმელეთის მცენარეთა წარმოშობის დასათარიღებლად. მხოლოდ ნამარხებზე დაყრდნობის სანაცვლოდ, ცოცხალი სახეობების გენეტიკურ შემადგენლობებში არსებული სხვაობის შედარებისთვის, გამოვიყენეთ „მოლეკულური საათის" მიდგომა. ამის შემდეგ, ნამარხთა ასაკზე დაყრდნობით, შედარებითი გენეტიკური სხვაობები გარდავქმენით ასაკებად", -განმარტავს კვლევის თანაავტორი მარკ პატიკი.


მისი თქმით, შედეგებმა აჩვენა, რომ ხმელეთის მცენარეთა წინაპრები შუა კამბრიულ ეპოქაში ცოცხლობდნენ, რაც დაემთხვა ხმელეთის პირველი ცნობილი ცხოველების ასაკს.


კვლევის ერთ-ერთი სირთულე ისაა, რომ უცნობია ხმელეთის უძველეს მცენარეთა შორის არსებული ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა, შეცვლიდა თუ არა განსხვავებული ურთიერთობები ხმელეთის მცენარეთა წარმოშობის დროს.

 

„ხმელეთის მცენარეების ურთიერთობის შესახებ, განსხვავებული ვარაუდი გამოვიყენეთ და დავადგინეთ, რომ ეს გავლენას არ მოახდენდა ხმელეთის უძველეს მცენარეთა ასაკზე", - აღნიშნავენ კვლევის ავტორები, პროფესორი ფილიპ დონოგი და ჰერალდ შნაიდერი.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი