logo_geo
მარტოობა ჯანმრთელობისთვის საშიშია?
- +

25 თებერვალი. 2018. 17:09



ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება განიცდიდეს მარტოობას. ის შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს საზოგადოებისთვისაც, როგორც ეს დიდ ბრიტანეთში მოხდა, სადაც მარტოობასთან ბრძოლის სამინისტრო შექმნეს. მარტოობა - სერიოზული თემაა, მისგან ბევრი პრობლემა ჩნდება, თუმცა იმავდროულად, მას ახლავს უამრავი მითი.


მარტოობა - საზოგადოებისაგან იზოლაციაა

სიმარტოვე - არ ნიშნავს მარტო ცხოვრებას. ეს არის სამყაროსთან გაუცხოება, განცდა, რომ გარშემომყოფთაგან შენი არავის ესმის; როდესაც ადამიანებთან რეალური, შენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ გაქვს. იზოლაცია ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი. ადამიანი შეიძლება მარტოსულად გრძნობდეს თავს ხალხმრავალ გარემოში და პირიქით, შეიძლება იყოს მარტო და აბსოლუტურად ბედნიერი. მაგალითად, BBC-მ ადამიანების დასვენების შესახებ კვლევა ჩაატარა და გაირკვა, რომ დასვენების 5 ყველაზე პოპულარული ფორმა დაკავშირებული იყო მარტოობასთან, არა განცდის, არამედ ფიზიკურად მარტო ყოფნის თვალსაზრისით.

 

მსოფლიოში მარტოობის ეპიდემიაა

ცხადია, მარტოობას დღეს ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტოსული ადამიანების რაოდენობა წინა წლებთან ან ათწლეულებთან შედარებით გაიზარდა. ბრუნელის უნივერსიტეტის კვლევების მონაცემებმა, რომლებიც 1948 წლიდან ტარდება, გამოავლინა, რომ მოხუცი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქრონიკულ მარტოობას განიცდიან, ბოლო 70 წლის განმავლობაში არ შეცვლილა (გამოკითხულთა 6%-დან 13%-მდე აღიარებდა, რომ მარტოსულად გრძნობდნენ თავს ყოველთვის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში). ის, რომ მარტოსული ადამიანების რაოდენობა ზოგადად გაზრდილია, ამის მიზეზი უბრალოდ პლანეტის მოსახლეობის მუდმივი ზრდაა.

 

მარტოობა - ყოველთვის ცუდია

ადამიანები თავს მარტოსულად ხშირად გრძნობენ, მაგრამ ასეთი მდგომარეობა ძირითადად, დროებითია და ყოველთვის ნეგატიური არ არის. ეს განცდა ადამიანს უბიძგებს ახალი მეგობრების გაჩენისა და არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებისაკენ. სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ მარტოსულობის განცდა ადამიანებმა ათასწლეულების განმავლობაში გამოიმუშავეს. ის თვითგადარჩენისთვის აუცილებელია და ხელს უწყობს ურთიერთობების ძიებას, შენარჩუნებას და სხვების მიმართ თანაგრძნობას.


მაგრამ პრობლემაა, როდესაც მარტოობის განცდა დროებითი მდგომარეობიდან ქრონიკულში გადადის, რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. ის აისახება ადამიანების კეთილდღეობის განცდაზე, ხასიათის ცვლილებაზე, იწვევს უძილობას. კვლევები მოწმობს, რომ თუ ადამიანი სიმარტოვეს გრძნობს, იზრდება რისკი იმისა, რომ ერთი წლის შემდეგ შეიძლება დეპრესიით დაავადდეს.


მარტოობა ჯანმრთელობისთვის მავნეა

ეს თემა ბევრად სერიოზულია. არსებობს სტატისტიკა, რომლის თანახმად, მარტოობა შეიძლება დამღუპველად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე: თითქმის სამჯერ იზრდება გულის დაავადებების და ინსულტების რისკი, მარტოსულებს სისხლის წნევა უფრო მაღალი აქვთ, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა - დაბალი. მაგრამ ბევრი ასეთი კვლევა ჩატარებულია დროის მოკლე მონაკვეთზე და იმის დადასტურებულად თქმა, რომ მარტოობას და ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას შორის გარდაუვალი კავშირია, შეუძლებელია. საზოგადოებისგან განცალკევებულ ადამიანებს, სავარაუდოდ ჯანმრთელობის პრობლემები უფრო აწუხებთ, მაგრამ არსებობს საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც ავადმყოფობა ხელს უწყობს ადამიანის იზოლაციას საზოგადოებისგან და არ აძლევს სხვებთან კომუნიკაციის საშუალებას; შეიძლება მარტოსულობა ადამიანს უბიძგებდეს ასევე უარი თქვას ჯანმრთელი ცხოვრების წესზე.

 

მოხუცების უმრავლესობა მარტოობას განიცდის

მოხუცები არ არის ერთადერთი ასაკობრივი კატეგორია, რომელშიც მარტოობის განცდა ხშირია. არსებობს ამ მდგომარეობის სხვა ასაკობრივი პიკიც - მოზარდობის პერიოდი. იმავდროულად, კვლევები მოწმობს, რომ მოხუცების 50%-60% ძალიან იშვიათად გრძნობს თავს მარტოსულად.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი