logo_geo
წმინდა სინოდმა ბაგრატ მესამე წმინდანად შერაცხა
- +

22 დეკემბერი. 2016. 21:38



22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს მეფე ბაგრატ მესამე წმინდანად შერაცხეს.


ვინ იყო ბაგრატ III


1014 წლის 7 მაისს , გარდაიცვალა ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ III. თუმცა ასევე,  ერთიანი საქართველოს პირველ მეფედ შეიძლება ჩაითვალოს ფარნავაზი, რადგან იგი ფლობდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოსაც...


ბაგრატ მესამის წინა პერიოდში საქართველოში რამდენიმე სამეფო-სამთავრო არსებობდა და ამიტომ მისი და მისი თანამებრძოლების დამსახურება უდაოდ დიდია ქართველი ერის წინაშე.


ბაგრატ III გახლდათ გურგენ II-ის ვაჟი. გურგენი გახლდათ ბაგრატ II ქართველთა მეფის ძე. ბაგრატის დედა, გურანდუხტი აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფის, გიორგის II ასული იყო. ბაგრატი იშვილა ტაოს დიდმა ხელმწიფემ დავით III კურაპალატმა...


ღმერთმა ისე მოაწყო, რომ საქართველო გაერთიანებულიყო. ტაოს დიდ ხელმწიფეს, დავით III კურაპალატს მემკვიდრე არ ჰყავდა, მემკვიდრე არ დარჩათ აფხაზთა მეფის გიორგი II-ის შვილებსაც. მემკვიდრეობით ტაო-ლკარჯეთის ნაწილი ისედაც ეკუთვნოდა ყმაწვილ ბაგრატს.


ეს ბედნიერი დრო იყო ჩვენი ქვეყნისათვის, ყველაფერი კარგად დაემთხვა ერთმანეთს. დიდმა პატრიოტმა, რომლის ღვაწლიც ჯეროვნად დაფასებული არ არის, იოანე მარუშისძემ, აფხაზთა სამეფოში შემავალი ქართლის ერისთავმა, ყველაფერი გააკეთა, რომ დავით მესამეს თავისი შვილობილი ბაგრატი ქართლის ტახტზე დაესვა. ეს მოხდა 975 წელს. მაშინ ბაგრატი 15 წლისა უნდა ყოფილიყო.



978 წელს გარდაიცვალა ბაგრატის ბიძა, აფხაზთა მეფე, თეოდოსი „უსინათლო", აფხაზეთის ტახტს მამრობითი მემკვიდრეები არ დარჩა, ამიტომ, ბაგრატი III, ვითარცა აფხაზთა (დასავლელ ქართველთა) პრინცესის ვაჟი, ქუთათისის ტახტზეც აიყვანეს.


1001 წელს გარდაიცვალა დავით III დიდი კურაპალატი, 1008 წელს კი ბაგრატის მამა, გურგენ II და სამხრეთ საქართველო ბაგრატის III-ეს დაემორჩილა. 1010 წელს ბაგრატ მესამემ კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა. 1011 წელს მან დალაშქრა განძა, შემდეგ ჩრდილოეთ კავკასია, ჯიქეთიდან დარუბანდის ზღვამდე, სადაც გაავრცელა თავისი გავლენა.


რა თქმა უნდა, ამ დროს ღალატიც ბევრი იყო, მაგრამ ბაგრატ მესამემ და მისმა დამხმარე მამულიშვილებმა, მოხერხეს და დაამარცხეს მოღალატე აზნაურები...


ისტორიკოსების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ამით გაერთიანების პროცესი დასრულდა, რაც მთლად მართალი არ უნდა იყოს. რასაკვირველია, ბაგრატი III დიდი ხელმწიფე იყო, მაგრამ ტფილისი ვერ შემოიმტკიცა. ლაზეთიც ისევ რჩებოდა ბიზანტიელთა ხელში. თუმცა, იმდროინდელ საქართველოს, მაინც, შეგვიძლია გაერთიანებული ვუწოდოთ... და კავკასიის გაერთიანებაც დაწყებული გახლდათ.


ბაგრატ III-მ ააშენა ბედიისა (რომელიც მერე, როგორც ჩანს, გადააკეთეს) და ბაგრატის ტაძრები (ასევე ნიკორწმინდის). მისმა წინამორბედმა დავით III კურაპალატმა ოშკი (და სხვა გასაოცარი ტაძრები), ბაგრატ III-ის მემკვიდრემ, გიორგი I-მა სვეტიცხოველი (დაასრულა ბაგრატ მეოთხემ), ალავერდი ააგო კვირიკე კახთა მეფემ.  ეს ტაძრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი იდეოლოგიისათვის.


ალავერდი კახეთშია, სვეტიცხოველი ქართლში, ბაგრატის ტაძარი იმერეთში, ბედია აფხაზეთში, ოშკი ტაო-კლარჯეთში. ეს ხუთი ტაძარი (და სხვები) გამოხატავს ჩვენი წინაპრების სწრაფვას გაერთიანებისაკენ და დიდი სახელმწიფოს შექმნის იდეოლოგიას. ამიტომ, ამ ტაძრების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.




ბედიის ტაძარი ბაგრატ III-ს უკანასკნელი განსასვენებელია. დიდი ქართველი ხელმწიფე დაიბადა ტაოში, გააერთიანა საქართველო, ჰქონდა რამდენიმე სატახტო ქალაქი, გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხე-სიმაგრეში, მაგრამ დაკრძალეს აფხაზეთში, ბედიაში, ანდერძის მიხედვით...


რატომ?


იმიტომ, რომ აფხაზეთის მიწა მისი მშობლიურია... სწორედ რომ მისი მამული, მისი სამშობლო იყო ტაოც და აფხაზეთიც.


 

ბაგრატ III-ის ბედიაში დაკრძალვის ფაქტი დოკუმენტური მტკიცებაა, საკრალურად წინასწარ განჭვრეტილი და შთამომავლებისათვის ანდერძად დატოვებული, რომ ქართველი მეფე, ვახტანგ გორგასლის მერე ქვეყნის გამაერთიანებელი, განისვენებს საკუთარ, ქართულ მიწაში, და ეს მიწა მუდამ საქართველოს საკუთრება უნდა იყოს! და ასეც იქნება!


ბედიის ტაძარი ღთისმშობლის სახელობისაა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კი ერთიანი საქართველოს მფარველია!


ახლა კი გავიხსენოთ, როგორაა დახასიათებული დიდი ხელმწიფე, ბაგრატ III „ქართლის ცხოვრებაში".



ქართლის ცხოვრება:


ამან-ვე დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა, და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყჳსა საეპისკოპოსო, შეწირნა სოფელნი მრავალნი ყოველთა ჴევთა და ადგილთა, განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასუა ეპისკოპოსი. უკეთუ ვის-მე ენებოს განცდად და გულის-ხმის-ყოფად სიმაღლისათჳს დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ბედიისა ეკლესიისა, და მისგან გულის-ხმა ყოს, რომელ არა-ვინ ყოფილ არს სხუა მეფე მსგავსი მისი ქუეყანასა ქართლისასა და აფხაზეთისასა.

 

ამან-ვე აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწდომელითა. რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენი და კათალიკოსნი, მღდელთ-მოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინა-მძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი.

 

ხოლო ამან ბაგრატ მეფემან კურაპალატმან დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთ-მპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე, და ადარბადაგანი და შირვანი მოხარკე ყო სომხითისა ჴელმწიფებითა. მეფე სპარსთა მეგობარ და ერთ-გულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა, უფროს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთა მეფესა-ცა შიში აქუნდა ამისი ყოვლად-ვე.

 

ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ჴელმწიფეთა ყოვლითა განგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ ვითარცა თჳსნი და მისანდობელნი. და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინა-აღმდგომნი მისნი; მომადლა დღეთა მისთა მშჳდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა. და უკეთუ ვინ-მე ინებოს თჳთოეულად წარმოთქმად ყოველთა განგებულებათა მისთა, მოუძლურდეს ძალი მისი, რომელთაგან მცირედი წარმოვთქუ ჟამთა სიგრძისაგან არა-დავიწყებისათჳს.

 

და ვთქუა ესე-ცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არა-ვინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა გონებითა; ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის-მოქმედი ყოველთა კაცთათჳს"...

 

... „მეფობდა ოცდათექუსმეტ წელ და გარდაიცვალა შემკობილი მჴცითა შუენიერითა, ქრონიკონსა ორას ოცდათოთხმეტსა, თუესა მაისსა შჳდსა, დღესა პარასკევსა. და იყო დღეთა მიცვალებისა მისისათა ტაოს და წარმოიღო გუამი მისი ზჳადმან ერის-თავთ-ერის-თავმან, და დამარხა ბედიას.


წყარო: www.georoyal.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი