logo_geo
დიდსულოვნებისა და თავმდაბლობის იშვიათი მაგალითი - ცოტა რამ იოჰანეს ბრამსის შესახებ
- +

27 თებერვალი. 2018. 03:09


 

„შეუძლებელია, და არც შეიძლება ხელოვანის ადამიანისაგან გათიშვა" - ეს სიტყვები ეკუთვნის დიდ გერმანელ კომპოზიტორს იოჰანეს ბრამს. ბრამსის ფსიქოლოგიური პორტრეტის აღდგენის ცდა, ვფიქრობ, ხელს შეგვიწყობს უფრო ღრმად ჩავწვდეთ მისი მუსიკის საოცარ სამყაროს.


„ჩემი ცხოვრების ორი უდიდესი მოვლენაა გერმანიის გაერთიანება და ბახის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემის დასრულება" - ეს სიტყვები მეტყველებენ იმაზე, რომ ბრამსი ღრმად ეროვნული ხელოვანია, სისხლხორცეულად დაინტერესებული სამშობლოს ბედ-იღბლით. „რაოდენ ღრმად შეაღწია ამ სერიოზულ, ჭეშმარიტად მამაკაცურ სულში მგზნებარე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, პატრიოტიზმმა" - მოგვითხრობს კომპოზიტორის მეგობარი, შვეიცარიელი პოეტი იოზეფ ვიქტორ ვიდმანი.


ბრამსის პიროვნება გვაჯადოებს ვაჟკაცობით, სულიერი სიჯანსაღით, არაჩვეულებრივი მთლიანობით (ხასიათში აშკარა წინააღმდეგობების არსებობასთან ერთად), უდიდესი შინაგანი ძალისხმევითა და მორალური სიმტკიცით. ასეთად წარმოუდგება ბრამსი იმას, ვინც ყურს მიუგდებს მის მუსიკას და ეს წარმოდგენა კიდევ უფრო განმტკიცდება იმის შემდეგ, რაც გავეცნობით კომპოზიტორის წერილებს, აგრეთვე მის თანამედროვეთა გამონათქვამებს.

 

აი, ერთ-ერთი წერილი, რომლის ადრესატი კლარა შუმანია:

 

„... ძვირფასო კლარა, შენ სერიოზულად უნდა ესწრაფვოდე იმას, რომ შენმა ნაღვლიანმა განწყობილებამ არ გადაამეტოს ყოველგვარ ზომას და შეიცვალოს, იზრუნე ამაზე.

 

სიცოცხლე ძვირფასია, ასეთი განწყობილება ძლიერ აზიანებს სხეულს, ნუ შთააგონებ შენს თავს, თითქოს სიცოცხელს შენთვის ფასი არ ჰქონდეს. ეს არ არის სიმართლე, ეს შეიძლება მართალი იყოს, მხოლოდ ადამიანთა სულ მცირე ნაწილისათვის.

 

თუ შენ მთლიანად მიეცემი ასეთ განწყობილებას, ვეღარ დატკბები სასიხარულო დღეებით ისე, როგორც ეს შეგეძლო. რაც უფრო მიეჩვევი დუხჭირი დღის მშვიდად და უდრტვინველად გადატანას, მით უფრო დატკბები იმ სასიხარულო დღეებით, რომლებიც მას მოსდევენ. თუ არა და რისთვის მიიღო ადამიანმა ზეგარდმო ნიჭი-იმედი?

 

იმედს შიშს ნუ შეურევ, ხომ იცი რომ ამ თვეებს, ისევე როგორც ნებისმიერ უსიამოვნო დროს, საამური მოსდევს.

 

ნათქვამს ზერელედ ნუ მოეკიდები, ეს ძალზე სერიოზულია. ასეთ დარდიან განწყობილებას არ შეიძლება მიენდო, იგი ღუპავს სხეულსა და სულს. აუცილებელია იგი დაძლიო ან არ მისცე აღმოცენების საშუალება.

 

ისეთი მავნე სულიერი საკვები,, როგორიცაა გამუდმებული მელანქოლია - უბოროტესი შავი ჭირის მსგავსად, ღუპავს სხეულსა და სულს. შენ სერიოზულად უნდა შეიცვალო, ჩემო ძვირფასო კლარა, უბრალოდ ყოველ დილით კვლავ მიიღე მტკიცე გადაწყვეტილება, დღე, მთელი დრო უფრო მშვიდ, უფრო მხნე განწყობილებით გაატარო. ვნებები ადამიანისათვის არ არის დამახასიათებელი. ისინი ყოველთვის გამონაკლისია ან გაუკუღმართებული. ვისთანაც ისინი ზომას აღემატებიან, ავადმყოფად უნდა ჩაითვალოს და წამლების საშუალებით უნდა იზრუნოს თავის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

 

მშვენიერი, ჭეშმარიტი ადამიანი მშვიდია სიხარულში და მშვიდია ტანჯვასა და მწუხარებაში. ვნებები სწრაფად უნდა დაცხრეს ან საჭიროა მათგან თავის დახსნა.

 

შეხედე შენს თავს, როგორც ავადმყოფს, ძვირფასო კლარა, სერიოზულ ავადმყოფს და იზრუნე საკუთარ თავზე, უშიშრად, მშვიდად და გამუდმებით. მაპატიე ეს ყბედობა, მაგრამ არ მეხერხება წერა, ვერ ვისწავლე საკუთარი აზრების მოწესრიგება და გამოთქმა. ყოველივე სერიოზულად მოიფიქრე და ამასთან შეთანხმებით იმოქმედე, მაშინ უკეთესად გახდები, თავს სულ უფრო ბედნიერად იგრძნობ და ყველას, შენ ახლობლებს, კიდევ უფრო ბედნიერს გახდი".


ბრამსის ერთგულება მუსიკისადმი უსაზღვროა. თვლიან რომ იგი ენათესავება ბახს თავისი უზარმაზარი შრომისმოყვარეობით, უდრეკელობითა და სრულყოფილებისაკენ მუდმივი სწრაფვით. უმკაცრესი თვითკონტროლის, წმინდა ბრამსისებური საფუძვლიანობის წყალობით, მისი გარდაცვალების შემდეგ არ დარჩენილა არცერთი დაწყებული და დაუმთავრებელი ნაწარმოები.


ბრამსი დიდად განსწავლული პიროვნება იყო. განუწყვეტელი თვითგანვითარების გზით მან დიდი ცოდნა შეიძინა. ოჯახში და სკოლაში მიღებული ცოდნის მოკრძალებული მინიმუმი წიგნისადმი არაჩვეულებრივი სიყვარულის მეშვეობით შეივსო. „წიგნი - ჩემი უდიდესი გატაცებაა!" - წერდა ის. სიჭაბუკეში ბრამსმა შემოიღო რვეული, რომელსაც „იოჰანეს კრაისლერი უმცროსის საუნჯე" უწოდა, და რომელშიაც ის აკეთებდა ამონაწერებს სოფოკლეს, ციცერონის, ლუთერის, სვიფტის, შილერის, გოეთეს, ლესინგის, ნოვალისის, ჟან პოლის, ჰოფმანის, ჰერდერის და სხვათა ნაწარმოებებიდან. გერმანელ რომანტიკოსთა შემოქმედებაში შეყვარებულმა ჭაბუკმა ბრამსმა თავის თავს „იოჰანეს კრაისლერი - უმცროსი" უწოდა, ე.ტ.ა. ჰოფმანის ნაწარმოების გმირის, კაპელმაისტერ კრაისლერის, რომელსაც შუმანმა „კრეისლერიანა" უძღვნა, პატივსაცემად.


ჩრდილოგერმანელი პროტესტანტი ბრამსი სწავლობდა ბიბლიას, ფილოსოფიას, გერმანულ ლიტერატურას, მსოფლიო ისტორიას, დაინტერესებული იყო პოლიტიკით. ხოლო მუსიკის ცოდნაში - ძველი პოლიფონისტებიდან დაწყებული მის დრომდე -არ ჰყავდა ბადალი.


ბრამსის ხასიათის განმასხვავებელი ნიშანია არაჩვეულებრივი ადამიანური სიკეთე. „იგი დიდსულოვნებისა და თავმდაბლობის იშვიათ მაგალითს წარმოადგენდა" - წერდა ბრამსის შესახებ მისი გამომცემელი და მეგობარი, იმავე დროს, მისი ფინანსური საქმეების რწმუნებული, ფრიც ავგუსტ ზიმროკი. წლების მანძილზე მზარდი კეთილდღეობა (ხუმრობით ის თავის ქონებას „მამონას" - უწოდებდა) ბრამსს საშუალებას აძლევდა გულუხვი მატერიალური დახმარება გაეწია და ხშირად საიდუმლოდაც. იმ დროს, როდესაც თავად სადად და უბრალოდ ცხოვრობდა, ბრამსი უსაზღვროდ ბედნიერი იყო იმის გამო, რომ შესაძლებლობა ჰქონდა უზრუნველეყო თავისი ახლობლები, მეგობრები. ბრამსი წერს თავის დედინაცვალს: „ფული მე იმაზე მეტი მაქვს, ვიდრე მჭირდება. ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, თუ შენ გამოიყენებ მას შენთვის და ახლობლებისათვის".


ანტონინ დვორჟაკს, რომელსაც ბრამსი დიდ პატივს სცემდა, და, რომელმაც ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ოჯახი რიცხვმრავალია, ბრამსმა უპასუხა:


„რა ვუყოთ მერე, მე არა მყავს შვილები, არავინ მყავს მოსავლელი, შეხედეთ ჩემს ქონებას, როგორც თქვენს საკუთრებას".


ბრამსისათვის ზედმიწევნით აუცილებელი იყო სიწყნარე და მყუდროება (ეს სიტყვა ხშირად გვხვდება მის გამონათქვამებში). ბუნების წიაღში ყოფნა - ბუნება მას გატაცებით უყვარდა.


ბეთჰოვენის მსგავსად, ბრამსიც სეირნობის დროს ქმნიდა ხოლმე მუსიკას. აი, რას წერს მისი ერთ-ერთი თანამედროვე, რომელიც ერთხელ, ივლისში, დილით ადრე ტყეში სეირნობდა: "უეცრად ტყეში დავინახე ადამიანი, რომელიც სწრაფად მიახლოვდებოდა, - მე ის გლეხი მეგონა. შევშინდი, რადგანაც მეგონა აკრძალულ სამფლობელოში აღმოვჩნდი, ამიტომ მოსალოდნელ უსიამოვნებებს ველოდი. მაგრამ, როცა დავაკვირდი, ამ გლეხში, ჩემდა სასიხარულოდ, ბრამსი შევიცანი. რა მდგომარეობაში იმყოფებოდა იგი, როგორ გამოიყურებოდა! შიშველი თავით, აკაპიწებული სახელოებით, უჟილეტოდ და უსაყელოდ, ერთ ხელში ქუდი ეჭირა, ხოლო მეორე ხელით პირდაპირ ბალახზე პიჯაკს მიათრევდა და ისეთი სიჩქარით გარბოდა, თითქოს ვიღაც მოსდევდა. როცა მივუახლოვდი, დავინახე, რომ ოფლი ნაკადულებდ მოკამკამებდა მის  სახეზე, თმები შუბლზე ჩამოშვებოდა, თვალები სადღაც შორს მიეპყრო და მტაცებელი მხეცივით უელვარება. სანამ მე შიშისაგან გონს მოვიდოდი, მან გვერდით ჩამიქროლა. ჩვენ თითქმის შევეხეთ ერთმანეთს, მაგრამ მე მივხვდი, რომ მისი დაძახება არ შეიძლებოდა: მას შთაგონების ცეცხლი ჰქონდა მოდებული. არასოდეს დამავიწყდება გამაოგნებელი შთაბეჭდილება იმ სიძლიერისა, რომელსაც მთელი მისი გარეგნობა ასხივებდა".


ბრამსისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა.


მან ადრე გამოთქვა თავის დამოკიდებულება თავისუფლების მიმართ. ადრეულ წლებში ბრამსის უახლოესმა მეგობარმა,  მევიოლინე, იოაჰიმმა თავის მუსიკალურ-ფსიქოლოგიურ დევიზად აირჩია: F.A.E. (რეი ბერ ინსამ) - ("თავისუფალი, მაგრამ მარტოხელა"). ამის შემდეგ, ოცი წლის ბრამსიც ირჩევს თავისი განწყობილების გამომხატველ დევიზს: F.A.F. (რეი ბერ როჰ) - „თავისუფალი, მაგრამ ბედნიერი".


თავისუფლებამ და სიმარტოვემ ბრამსს საშუალება მისცა განევითარებინა თავისი ყველა პიროვნული ძალა, მასში არსებული ყველა შესაძლებლობა და ნიჭიერება. "დაბრკოლების გარეშე მუსიკით ტკბობა, ნეტარება, უმაღლესი ფანტასტიკური სამყაროს რწმენა, აი ყოველივე ის, რაც მას აღელვებს; და არის რაღაც გენიალური მის მანერაში - განერიდოს ყველა ავადმყოფულ შეგრძნებასა და გარშემომყოფთა წარმოსახვით ტკივილებს" - ვკითხულობთ იოაჰიმთან. კიდევ ერთი ამონაწერი მუსიკოს ჰერმან ლევის წერილიდან კლარა შუმანისადმი: „აი, ეს არის კაცი! ჩვეულებრივ, ყოველი მოკვდავი შუბლზე ატარებს დროისა და საკუთარ სისუსტეთა ბეჭედს, ის კი ერთადერთია, რომელმაც შეძლო ყოველივე მიწიერის, ცხოვრების ყოველგვარი ჭუჭყისა და უბადრუკობის უარყოფა და აღმაფრენა სულის სიმაღლეებამდე, იქ, სადაც ჩვენ მხოლოდ ჩახედვა, მისი ზეფრენის თვალყურის დევნება ძალგვიძს, რადგანაც არ შეგვწევს ძალა თვით ავფრინდეთ მის ნაკვალევზე, შეიძლება განა ჩვენი დადანაშაულება, თუ ზოგჯერ თავბრუ გვეხვევა?"


მიუხედავად იმისა, რომ ბრამსი მარტო ცხოვრობდა, იგი არასდროს ყოფილა გულგრილი ადამიანი, ანდა მიუკარებელი ეგოისტი. სწორედ სიმარტოვით, რომელიც აგრერიგად აუცილებელია შემოქმედებისათვის, იყო განპირობებული ბრამსის დაუძლეველი ლტოლვა ადამიანებისადმი, მეგობრული კავშირებისადმი. ამაზე მისი ფართო მიმოწერაც მეტყველებს. „მე მეგობრობისადმი ძალზე უბრალო და ძალზე სერიოზულ დამოკიდებულებას ვარ მიჩვეული" -წერდა ბრამსი.


ბრამსს არ უყვარდა მაღალი წრის საზოგადოება - „რიტუალური ტაბლდოტები მთელი სიცოცხლის მანძილზე საძულველი  იყო მისთვის და იგი შეძლებისდაგვარად გაურბოდა მათ - უკვე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ უყვარდა ტანისამოსის გამოცვლა. ყველაზე უკეთ იგი თავს გრძნობდა ზოლიან შალის პერანგში, ჰალსტუხისა და მისაბნევი თეთრი საყელოს გარეშე, რბილ ფეტრის ქუდასაც კი უფრო ხელით ატარებდა, ვიდრე თავზე ეხურა" - წერს ვიდმანი.


ბრამსი თავს კარგად გრძნობდა მხოლოდ და მხოლოდ მეგობართა წრეში, -გამოჩენილ ქირურგთან, თანამედროვე ქირურგიის ფუძემდებელთან, მუსიკის დიდ მოყვარულ თეოდორ ბილროტთან, მუსიკის თეორეტიკოს ედუარდ ჰანსლიკთან, გამომცემელ ზიმროკთან, „ვალსების მეფე" იოჰანეს შტრაუსთან. მას ძლიერ უყვარდა მათთა შეხვედრა ვენის ძველ რესტორანში „წითელი ზღარბი" (სადაც დადიოდა ხოლმე ბეთჰოვენი). „მე აქ დავსახლდი პრატერიდან ორი ნაბიჯის მანძილზე და შემიძლია დავლიო ჩემი ღვინო იქ, სადაც ბეთჰოვენი სვამდა თავისას" - წერდა ბრამსი ი. ო. გრიმს ვენიდან.


მეგობრებთან ბრამსი გულითადი და  მხიარული იყო, ხოლო სხვებთან ხშირად უკმეხობის, აგრესიულობის და სარკაზმული იუმორის ნიღბის ქვეშ მალავდა ხოლმე თავის ჭეშმარიტ ბუნებას. „თუ აქ არის ვინმე, ვისი წყენაც მე დამავიწყდა, მე მათ ბოდიშს ვუხდი" - იტყოდა ხოლმე ის სალონიდან გამოსვლისას, მოხდენილად მოტრიალდებოდა და გადააბიჯებდა ზღრუბლს.


უკმეხობას იგი ხანდახან ამჟღავნებდა არა მარტო გარეშე, მისთვის სულიერად უცხო პირებთან დამოკიდებულებაში, არამედ აგრეთვე მის საუკეთესო მეგობრებთან ურთიერთობაშიც. მისი აღფრთოვანებული თაყვანისმცემელი, ჰანს ფონ ბიულოვი, არ თუ იშვიათად მას „დათვს" ეძახდა.


ასეთი ქცევის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ალალმართალი ბრამსი, რომელსაც სძაგდა შური, მლიქვნელობა, პირფერობა, მკაცრი იყო არა მარტო საკუთარი თავის, არამედ სხვების მიმართვაც.


საზოგადოდ კეთილმოსურნე ადამიანი, ბრამსი ხდებოდა უკმეხი, არ მიდიოდა დათმობებზე, როდესაც აწყდებოდა რაღაც ისეთს, რასაც ის არასრულყოფილად ან მცდარად მიიჩნევდა.


მიუხედავად იმისა, რომ ორ გულითად მეგობარს - იოაჰიმსა და ბრამსს შორის, წლების განმავლობაში უთანხმოება იყო, იოაჰიმი წერდა: „ის, ვისაც შეუძლია ასე წერა, კეთილშობილია და გულკეთილი". და კიდევ, „გერმანული რექვიემი" - თხზულებაა, რომელიც აყენებს ბრამსს უშესანიშნავეს ადამიანთა რიგში და მე არასდროს  დავიწყებ მასთან ვაჭრობას იმ წვრილმანების გამო, რომლებიც მასში არ მომწონს".


ბრამსი უცოლოდ დარჩა და ძალიან განიცდიდა ამას მთელი სიცოცხლის მანძილზე. კლარა შუმანისადმი გაგზავნილ წერილში (1862 წ.) ვკითხულობთ "... მაგრამ ადამიანს მაინც სურს სადღაც გაიდგას ფესვები და მიაღწიოს იმას, რაც სიცოცხლეს ჭეშმარიტ სიცოცხლედ აქცევს, მას ეშინია სიმარტოვისა. საქმიანობა სხვებთან მღელვარე ურთიერთობაში, ცოცხალ კავშირში, ოჯახური ბედნიერება - განა მოიძებნება სადმე იმდენად არაადამიანური ადამიანი, რომელსაც შეიძლება ეს არ სურდეს?"


თავის მარტოხელა ცხოვრებას ბრამსი შემდეგნირად ხსნიდა: "მაშინ, როდესაც ყველაზე უფრო დიდი ხალისით დავოჯახდებოდი, ჩემს ნაწარმოებებს სტვენით ხვდებოდნენ, ყოველ შემთხვევაში მათ ძალზე ცივად იღებდნენ. მე ამას ძალზე კარგად ვიტანდი იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი მათი ფასი, და ის, რა ელით მათ მომავალში. და როდესაც ამგვარი ჩავარდნების შემდეგ ვბრუნდებოდი ჩემს განმარტოებულ სახლში, ეს არ იყო ჩემთვის იმდენად მძიმე. მაგრამ, მსგავს შემთხვევაში, საჭირო რომ გამხდარიყო ცოლის წინაშე წარდგომა, მისი ჩემსკენ მომართული მღელვარედ გაკვირვებული თვალების დანახვა და თქმა: "კიდევ ერთხელ არ გავიდა" - აი, ამის დაშვება მე არ შემეძლო".


ბრამსი საუცხოოდ მოსიყვარულე შვილი და  ძმა იყო. განსაკუთრებით ნაზი იყო მისი გრძნობები დედის მიმართ. ადრეული წლებიდან იოჰანესი ეხმარებოდა მამას ოჯახის რჩენაში - იგი არც თუ იშვიათად უკრავდა საცეკვაო მუსიკას იმავე სამიკიტნოებში, სადაც უკრავდა მამამისი. "ის (მამა. რ. ხ.) და მისი მეუღლე, ჩემი მხურვალედ საყვარელი დედა, - შესანიშნავი ადამიანები არიან, რომელთა ამაგს ჩემდამი მე ვერასოდეს გადავიხდი", - წერდა ბრამსი.


გარეგნულად ბრამსის ცხოვრება საოცრად მოგვაგონებდა ჩვეულებრივი, კეთილი, მშვიდი მოქალაქის ცხოვრებას - ვაგნერის საპირისპიროდ, მას ზედმიწევნით ეშინოდა ნორმალურობის ჩარჩოების მიღმა გასვლისა. ამის  გამო ბრამსი ხშირად განიცდიდა კრიტიკოსთა თავდასხმას.


ბრამს ახასიათებდა იშვიათი თავმდაბლობა და აქედან გამომდინარე, გულგრილობა ხმამაღალი პატივისა და ჯილდოებისადმი. „რაც მე არ შემიძლია გავიგო - ეს ჩვენი კომპოზიტორთა საძმოს პატივმოყვარეობაა"- ამბობდა იგი, კომპოზიტორი, რომელიც სიცოცხლეშივე იყო ოლიმპოზე აყვანილი, რაც მანამდე ბევრს არ ხვდომია წილად.


ამავე დროს ბრამსს ჰქონდა უნარი განეცადა ცხოვრების სიამოვნება და სიხარული: მაგალითად, ეს იყო მისი მიდრეკილება კოლექციონერობისადმი (აგროვებდა ძველ ხელნაწერებს), სიყვარული ტურისტული მოგზაურობისადმი - დასვენებისა და გართობის მიზნით. ამავე დროს ბრამსი არც თუ იშვიათად უარს ამბობს საზღვარგარეთულ გასტროლებზე - ორჯერ უარი განაცხადა ინგლისში გამგზავრებაზე, როდესაც წამოიჭრა საკითხი მისთვის კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების შესახებ. მიზეზი მისთვის უცხო გარემოცვაში შეუჩვეველი პირობების შიში იყო. სამაგიეროდ ბრამსი ბევრჯერ იყო იტალიაში როგორც ცნობისმოყვარე ტურისტი. „დგებოდა ყოველთვის განთიადზე, იძინებდა შებინდებისას, ყოველთვის მზად იყო სასეირნოდ წასასვლელად, სძლევდა თავისი კომპანიონების სიზარმაცეს, ხელოვნების შედევრებითა და ბუნების სილამაზით აღფრთოვანებული აღვიძებდა მათ გზნებას კეთილი სიტყვით". ბილროტი, რომელიც ბრამსთან ერთად მოგზაურობდა, წერდა ჰანსლიკს: „რა ოცნებაა! სიცილია! თაორმინა! ხუთასი ფუტი მშფოთვარე ზღვის ზემოთ! სავსე მთვარე! ფორთოხლის სურნელება! უზარმაზარი კლდეების ძირში წითელი ფერის კაქტუსები! ეტნას თოვლიანი მწვერვალები!.. ამავე დროს, სირაკუზის მიდამოთა ღვინო... იოჰანესი შეშლილია აღტაცებისაგან! არის ცხოვრებაში არაჩვეულებრივი მომენტები!".


აი, ვიდამნის კიდევ ერთი მოწმობა, რომელიც გვიხატავს ბრამსის ცხოვრებას ზაფხულში, შვეიცარიაში, ტუნში, ბერნის მახლობლად. „როცა ყოველ შაბათს ბერნში მოემგზავრებოდა ჩემთან კვირა დღეს, უმეტეს შემთხვევაში სამშაბათამდე, ან ოთხშაბათამდეც დასარჩენად, მას თან მოჰქონდა ტყავის სამგზავრო ჩანთა, რომელიც მოგაგონებდათ ქვებით გატენილ მოხეტიალე მინერალოგის ჩანთას; ის დატვირთული იყო უმთავრესად წიგნებით, რომლებიც მე მივეცი მას წინა სტუმრობისას და, რომლებსაც ახლა მიბრუნებდა, რომ ახლებზე გაეცვალა. ასეთ ამინდში მხრებზე წამოსხმული ჰქონდა ნაცრისფერ-ყავისფერი მოსასხამი, რომელიც მოჭერილი ჰქონდა გულ-მკერდზე რაღაც უცნაური ქინძისთავით, და, რომელიც მას საბოლოოდ ამსგავსებდა რაღაც უცნაურ, ძველმოდურ არსებას. ხალხი მას გაკვირვებული უცქერდა". შთაბეჭდილებას ავსებენ ჰანსლიკის მოგონებები: "არემარეში არ იყო არცერთი ბავშვი, რომელიც მთელი სისწრაფით არ მივარდნილიყო ალერსიანი ცისფერი თვალების მქონე ამ ჯმუხ, ჭაღარა წვერიან კაცთან ან შორიდან ხელი არ დაექნია მისთვის... რაც მე ყოველთვის მახარებს ბრამსში, ეს არის მისი ურყევი ჯანმრთელობა. მას, სტუდენტის მსგავსად, დღესაც შესწევს შროეულ მანძილზე ფეხით გასეირნების ძალა და ძინავს, როგორც ბავშვს."


იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ ამ დიდი კომპოზიტორის სახე, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ბრამსი - ამხანაგი, ხშირად მხიარული, ხუმრობის მოყვარული, მახვილგონიერი მოსაუბრე ახლობელ ადამიანთა წრეში. ძალზე სერიოზულ ადამიანს, მას მშვენიერად ესმოდა იუმორის, როგორც განმუხვტვის საშუალების, ძალა. რომში, როდესაც ვიდმანის ლამაზი მოახლე ქალი გამოჩნდა სუფრაზე მისართმევად, მასპინძელმა მას გამოუცხადა, რომ ბრამსს სურს მას ხელი სთხოვოს. „მე რომაელი ვარ - უპასუხა მშვენიერმა მორამ - დაბადებული Ponte rotto - ში, სადაც ვესტას ტაძარია და მე არასდროს გავყვები ცოლად ბარბაროსს". ყველა იცინოდა!"


ბრამსის პიროვნების ვითომდა წიანაღმდეგობრიობის ეს გამოვლინებები უფრო გასაგები გახდება ჩვენთვის, თუ გავიხსენებთ რომ ეს უაღრესად სერიოზული ხელოვანი ავტორია მის სიცოცხლეშივე არაჩვეულებრივად პოპულარული, და ამასთან, როგორც შინაარსით, ასე მნიშვნელობით პოლარურად საწინააღმდეგო ორი ნაწარმოების - „გერმანული რექვიემისა" და „უნგრული ცეკვების", რომლებიც მისი მხატვრული სამყაროს ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებს განასახიერებენ.


ბრამსის მხატვრული გემოვნება მრავალმხრივობით გამოირჩევა, მისთვის უცხო იყო აკადემიური კარჩაკეტილობა. ბრამსი ძალზე გულთბილად ახასიათებდა გრიგს, დვორჟაკს აღფრთოვანებული იყო შტრაუსის მელოდიური ნიჭით. ამავე დროს, ბრამსს მუდამ გააჩნდა თავისი განსაზღვრული თვალსაზრისი, რომელსაც იგი მისთვის ჩვეული პირდაპირობით, უკომპრომისოდ და პატიოსნებით იცავდა.


ამ შემთხვევაში არ შეიძლება არ გავიხსენოთ ბრამსის პოზიცია, მისი ქცევა ვაგნერიანელებსა და ბრამსიანელებს ("ბრამინებს", როგორც ირონიულად უწოდებდნენ ბრამსის მიმდევრებს) შორის მრავალი წლების მანძილზე გაჩაღებულ ბრძოლაში. ბრამსის ხასიათის თვისებებით და, აგრეთვე, იმ ღრმა რწმენით მუსიკის გამომსახველ შესაძლებლობებში, რომელიც მას გააჩნდა, შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა ამ აზრთა ბრძოლაში, საჯაროდ არ გამოსულა პრესის ფურცლებზე - იგი განზე იდგა, თუმცა კი არ იზიარებდა ლისტისა და ვაგნერის შეხედულებებს. "თქვენ იცით, რომ მე სრულიადაც არ მიყვარს მუსიკოსებისა და მათი "ტენდენციების" განსჯა, „გაანალიზება" - წერდა ბრამსი კლარა შუმანს ჯერ კიდევ 1854 წელს.


მხოლოდ ერთადერთხელ, იოაჰიმთან, იულიუს ოტო გრიმთან, ბერნჰარდ შოლცთან 1860 წ. ბრამსმა საჯაროდ გამოთქვა თავისი თვალსაზრისი „ახალი-გერმანული" სკოლის პრინციპების წინააღმდეგ.


მიუხედავად იმისა, რომ ბრამსი სრულიად არ იზიარებდა ვაგნერის იდეებს, იგი როგორც წერილობით, ისე სიტყვირადაც გამოთქვამდა თავის პატივისცემას მის მიმართ, ჩინებულად იცოდა მისი მუსიკალური დრამები. ბრამსი აღნიშნავდა ვაგნერის შემოქმედების სიღრმეს და არაერთხელ უწოდებდა საკუთარ თავს "ვაგნერიანელთა შორის საუკეთესოს". „ვაგნერი აქ არის და მე, მგონი, ვუწოდებ საკუთარ თავს ვაგნერიანელს - უმთავრესად, რასაკვირველია, წინააღმდეგობის გრძნობიდან გამომდინარე, რომლისკენაც აგულიანებს ნებისმიერ გონიერ ადამიანს ის განუსჯელობა, რომლითაც აქაური მუსიკოსები გამოდიან მის წინააღმდეგ."


შვეიცარიაში, ვაგნერის მეგობართან, მატილდა ფონ ვეზენდონკთან სტუმრობისას, ბრამსს ძალზე აინტერესებდა ყოველივე, რასაც მას უამბობდნენ ვაგნერის შესახებ, უღრმესი პატივისცემით სინჯავდა მის ხელნაწერებს, რომლებსაც მას აჩვენებდნენ: „ტრისტან და იზოლდას" პირველ ესკიზებს, საფორტეპიანო სონატას, "რეინის ოქროს" პარტიტურას. ვაგნერისადმი უდიდეს პატივისცემაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბრამსმა თავს იდო დახმარებოდა მას "მაისტერზინგერების" პარტიტურის გადაწერაში.


რაც შეეხება თვით ვაგნერს, მის შეფასებებში არ იგრძნობოდა ისეთივე კეთილმოსურნეობა, ხოლო ვაგნერიანელების საჯარო გამონათქვამები ბრამსის მისამართით სარკაზმულ ხასიათს ატარებდნენ, ისინი ბრამსს უწოდებდნენ პედანტს, სკოლის მასწავლებელს, მშრალს, უგრძნობელსა და პროზაიკულს. ბრამსი არასდროს ღიზიანდებოდა ამაზე და არ პასუხობდა მსგავს გამოხდომებზე. იგი ხედავდა და სავსებით აღიარებდა ვაგნერის ბრწყინვალე ტალანტის ყველა მხარეს.


მსგავს დავათა მიზეზი არა მარტო ამ ორი უდიდესი კომპოზიტორის მუსიკალური ხელოვნების მთავარ საკითხებში განსხვავებულ შეხედულებათა და აზრთა ჭიდილი იყო, არამედ ისიც, რომ ბუნებით ისინი ანტიპოდები იყვნენ. „მგზნებარე თავგუნებას", როგორც იყო რიჰარდ ვაგნერი (ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში შეიცავდა დიამეტრალურად საპირისპიროს, დაუცხრომლობას, ექსპანსიურობას, მჩქეფარე ტემპერამენტს, სხვისი დიდებისადმი შეუწყნარებლობას), უპირისპირდება ბრამსის, ამ უკეთილსშობილესი „ადამიანის გულზე მოაზროვნის" თავმდაბლობა, გონივრულობა, თავშეკავებულობა და რწმენა საკუთარი საქმის სიმართლეში, საკუთარი მუსიკის ძალაში.


ავტორი: პროფესორი - ემერიტუსი რუსუდან ხოჯავა



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი