logo_geo
იოსებ სტალინი: ნუ შემაწუხებთ, მე ჯერ ასე კარგად არსად მიგრძვნია თავი!
- +

12 მარტი. 2018. 00:40



1951 წელს სტალინთან ერთად საქართველოში ჩამოვედი, ბელადს გელათის ნახვა სურდა. რამდენიმე დღე ბორჯომში დაისვენა, შემდეგ წყალტუბოში. 3 მანქანით მივდიოდით, მას არ უყვარდა მრავალრიცხოვანი ამალით სიარული. ბელადის მანქანა გელათის ჭიშკართან გაჩერდა და დინჯი ნაბიჯებით სტალინი ეკლესიის ეზოში შემოვიდა. დავითის საფლავს ფეხი არ დააბიჯა, ცოტახანი დასცქეროდა შემდეგ გვერდის ავლით მთავარ საყდრისკენ წავიდა. ჩვენ უხმოდ მივყვებოდით უკან. ჩვეულებრივზე მეტხანს შეჩერდა კიბესთან და შენობას უყურებდა. ბელადი მიდიოდა, ყველა ხატთან ჩერდებოდა და ასე აგრძელებდა სვლას, შემოვლა რომ დაამთავრა დამიძახა:


- ამხანაგო ვოლკოვ (მგელაძე), - მომმართა რუსულად, - თუ სადმე არის, იქნებ სკამი მოატანინოთ!


სასწრაფოდ სკამი მოართვეს და ისიც ნელა ჩამოჯდა.


- ნუ შემაწუხებთ, - გამოგვიცხადა ბელადმა, - მე ჯერ ასე კარგად არსად მიგრძვნია თავი!


ჩვენც გამოვერიდეთ და შორიახლოს დავდექით. სტალინი იჯდა პირით ქუთაისისკენ და ღრმად ჩაფიქრებული ჩანდა.


ორი საათი გავიდა, რაც გელათში ვიყავით, ექსკურსიის რეგლამენტი კი მხოლოდ 20 წუთი იყო.


ბოლოს წამოდგა სტალინი და მითხრა: - არქიტექტორები ხომ გყავთ, ამხანაგო ვოლკოვ? მოეთათბირეთ და იქნებ აქ, სადაც ახლა ვდგავართ, დააპროექტოთ ორსართულიანი კოტეჯი, ოღონდ გაფრთხილებთ არ ეცადოთ არქიტექტურიდან გადახვევას, შენობა უნდა ერწყმოდეს არსებულს!


არ ვიცი ბელადი უბრალოდ აზრს მიზიარებდა თუ რა ხდებოდა, მაგრამ ჩემთვის ჰქონდა ნათქვამი, რომ სამონასტრო ცხოვრება გადაწყვეტილი ჰქონდა, რისთვისაც გელათი აირჩია.


აკაკი მგელაძის მემუარებიდან (ქუთაისის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი)



 

big_banner
არქივი