logo_geo
გერმანიაში აღმოჩენილი გრძელთავიანი ჩონჩხების საიდუმლო მალე ამოიხსნება!
- +

17 მარტი. 2018. 00:31



1500 წლის განმავლობაში, ისინი შუა საუკუნეების გერმანიის რელიკვიებთან ერთად იყო ჩამარხული: ქალთა ნაშთები, რომლებიც საოცრად განსხვავდებოდა მის გარშემო მიმოფანტული სხვა ჩონჩხებისგან, ჰქონდათ უცნაურად წაგრძელებული თავის ქალები.


სინამდვილეში, თავის ქალის ხელოვნური დეფორმაცია კაცობრიობის ისტორიაში იმდენად შორს წასული და საკვირველია, რომ ზოგიერთებს ასეთი ნამარხები არამიწიერი სიცოცხლის მტკიცებულებად მოჰყავთ. მაგრამ ახალი გენეტიკური ანალიზები სრულიად სხვას ამბობს: ნათელს ჰფენს უძველეს და მივიწყებულ, იმდენად უცნაურ კულტურულ პრაქტიკას, რომ ეს ადამიანები მართლაც უცხოპლანეტელებს ჰგვანან.


თუ არ ჩავთვლით არაბუნებრივ თავის ქალებს, სხვა მხრივ, ჩონჩხები ჩვეულებრივია, არაფრით გამორჩეული. მე-20 საუკუნეში, ბავარიაში აღმოჩენილ ამ ჩონჩხებს შეიძლება მეცნიერთა განსაკუთრებული ყურადღება ვერასოდეს მიეპყრო, რომ არა ერთი გარემოება.


„არქეოლოგიურად ისინი არაფრით განსხვავდება დანარჩენი მოსახლეობისგან, მაგრამ გენეტიკურად სრულიად სხვანაირნი არიან", - განუმარტა National Geographic-ს მაინცის უნივერსიტეტის გენეტიკოსმა ჯოაკიმ ბურგერმა.


სამხრეთ გერმანიაში აღმოჩენილ მე-5 საუკუნის 40-მდე ჩონჩხს ბურგერმა და მისმა კოლეგა მკვლევრებმა გენომის სეკვენსირება ჩაუტარეს.


მათგან ცხრა ქალს აღენიშნებოდა თავის ქალის აშკარა დეფორმაცია, ხუთს თავი საშუალოდ წაგრძელებული ჰქონდა, დანარჩენ ინდივიდებს კი ამ პრაქტიკის არანაირი ნიშანი არ ჰქონდათ.


მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცისფერთვალება და ქერა ძველ ბავარიელთა გვერდით ცხოვრობდნენ, გენეტიკურმა ანალიზებმა გამოავლინა, რომ დეფორმირებული თავების მქონე ქალები სრულიად სხვანაირი წარმოშობის არიან.


„ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ ეგზოტიკური შესახედაობის, წაგრძელებული თავების მქონე ქალები დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მცხოვრებ ტომებს არ მიეკუთვნებიან", - განმარტავს გენეტიკოსი კრიშნა ვერმაჰი.


გენომები უფრო ემთხვევა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისას, განსაკუთრებით ბულგარეთისა და რუმინეთისას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქალებს უფრო მუქი თმა და თვალები უნდა ჰქონოდათ, ვიდრე ბავარიელებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ვრცელ შუბლზე.


დიდი ხნის წინანდელი ამ ხალხის შესახებ, გენეტიკურმა ანალიზმა მხოლოდ ამის თქმა შეძლო. მაგრამ საინტერესოა, საიდან მოხვდნენ ეს ქალები ბავარიაში და რატომ ჰქონდათ წაგრძელებული თავები?


მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, რომ დაგრძელების მიზნით, ჩვილ ბავშვებს თავზე სახვევებს ადებდნენ, რათა განსხვავებული, გამორჩეული შესახედაობა ჰქონოდათ. ამ კულტურულ პრაქტიკას მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც მისდევდნენ, მათ შორის აზიასა და სამხრეთ ამერიკაში.


მკვლევართა აზრით, გრძელთავიანი ქალები დიდგვაროვანი ოჯახების წარმომადგენლები იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც ბავარიელ კაცებზე თხოვდებოდნენ გარკვეული პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნებით.


თუ ეს ჰიპოთეზა მართებულია, ძალიან ბევრ ახალ ცნობას გავიგებთ ამ ქალებისა და მათი წაგრძელებული თავების შესახებ. გარდა ამისა, გაღრმავდება ამ რეგიონის ისტორიის ცოდნაც.


თუმცა ამ ჰიპოთეზას ყველა არ ეთანხმება. კიდევ ძალიან ბევრი კვლევაა საჭირო იმისათვის, რათა გადაჭრით ითქვას, რომ წაგრძელებულთავიანი ადამიანების საიდუმლოს კარგად ხსნის ბარბაროსთა ქორწინებები ბავარიაში.


თხოვდებოდნენ თუ არა ეს დიდშუბლიანი, უცხოპლანეტელთა მსგავსი თავების მქონე ქალები სამშობლოდან ასე შორს? დეტალები შესაძლოა, ვერც ვერასოდეს გავიგოთ, მაგრამ მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ საბოლოო ჯამში, სადუმლოს მაინც ამოხსნიან.


„არსებობს ვარაუდი, რომ თავის ქალის ხელოვნური დეფორმაცია კოგნიტურ დეფექტებსაც იწვევდა", - განმარტავს მკვლევარი მიკაელა ჰარბეკი.

 

„როგორც ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, ამ პრაქტიკასთან დაკავშირებული იყო რამდენიმე პათოლოგია, მაგალითად, ამოზნექილი თვალები. თუმცა ეს მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული დეფორმაციის ხარისხზე. ვფიქრობ, საშუალო დეფორმაციის მქონე ინდივიდებს ეს პრობლემები არ უნდა ჰქონოდათ", - ამბობს ჰარბეკი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი