logo_geo
მე-19 საუკუნის მარკეტერი და სამშობლოსთვის ანდერძად დატოვებული 3 მილიონი მანეთი – დავით სარაჯიშვილის გზა!
- +

17 მარტი. 2018. 00:48



შთამბეჭდავ ისტორიებს დიდი ადამიანები ქმნიან. სწორედ ისინი, ვისაც ჰყოფნის გონიერება და გამბედაობა, არ დაკმაყოფილდეს იმით, რაც აქვს, არამედ ყოველდღიურად რაღაც უფრო მეტის შექმნისკენ იყოს მიმართული. სწორედ იმ ეპოქაში, როდესაც „საქართველო", როგორც სახელმწიფო, მსოფლიო რუკიდან 200 წლით იყო გამქრალი და თითქოს, ყველაფერი ქართულიც რუსულ ჩექმას უნდა გაესრისა, ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებმაც გარდა სოციალურ-კულტურული ფასეულობისა, ქართული ბიზნეს ისტორია შექმნეს. მათ შორის იყო დავით სარაჯიშვილი. ბევრი მას საზოგადო მოღვაწედ, ქველმოქმედად, მეცნიერად ან ვაჭრად იხსენიებს, თუმცა ამ სტატიაში მის მარკეტინგულ აზროვნებასაც გვინდა შევეხოთ, ხედვას, რომელიც ათწლეულებით უსწრებდა თანამედროვეობას. სარაჯიშვილს საკმაოდ მსუყე მემკვიდრეობა ერგო წილად და ცხოვრების ბოლომდე უზრუნველად შეეძლო ცხოვრება, თუმცა ახლის შეცნობის დაუძლეველმა სურვილმა ის აქცია იმ პიროვნებად, რომელზეც დღეს გვინდა გიამბოთ.


 

ოჯახი


სარაჯიშვილების ოჯახი პირველი გილდიის ვაჭართა სოციალურ კატეგორიას მიეკუთვნებოდა და სამეფო კართანაც მჭიდროდ იყო დაახლოებული. მამა, ზაქარია სარაჯიშვილი დიდი ქველმოქმედი იყო. მისი მხარდაჭერით აღადგინეს და ააშენეს დიდი ტაძრები (სვეტიცხოველი, ქაშუეთი, იკორთა, სოფელ დიღმის თეთრი გიორგის ეკლესია). ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ (1880 წელს), დავითს ანდერძად 700 000 მანეთი ერგო. ჰყავდა ბიძაც - სოლომონი, რომელიც ერთ დროს ქალაქის თავი ყოფილა. სოლომონის გარდაცვალების მერე, მისი მემკვიდრეობაც დავითს დარჩა.



მეუღლე


დავითი 1888 წელს დაოჯახდა, ცოლად ცნობილი ვაჭრის ივანე ფორაქიშვილის ქალიშვილი ეკატერინე შეირთო და მასთან ერთად, სასახლის ქუჩაზე დასახლდა, იქ, სადაც ახლა მწერალთა სახლია. მეუღლე ყველა საქმეში მხარში ედგა დავითს. წყვილს შვილი არ ჰყოლია, თუმცა დავითი იტყოდა ხოლმე: "რას მიქვია უშვილობა? განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩემი შვილი არ არის?"


დავით სარაჯიშვილის ბინაზე ჩატარებულ შეკრებებს და საღამოებს, რომლის დამამშვენებელი და სულის ჩამდგმელი ეკატერინე სარაჯიშვილი იყო, უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. მე-19 საუკუნის 80-90-იან წლებში სარაჯიშვილის ცნობილ ბრწყინვალე სალონში ლიტერატურული შეკრებები ხშირად ეწყობოდა. ილია ჭავჭავაძემ "განდეგილი" და "ოთარაანთ ქვრივი" პირველად სწორედ სარაჯიშვილების სახლში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე წაიკითხა.


 

განათლება


დავითის მამა, ზაქარია, თვლიდა, რომ შვილისთვის საუკეთესო, რაც შეიძლებოდა მიეცა, იყო განათლება. სკოლაში შესვლამდე, დავითი სახლში იღებდა განათლებას, ხოლო შემდეგ, პირველ გიმნაზიაში შევიდა, რომელსაც მოგვიანებით, უკვე წარმატებული მეწარმე, რეგულარულად ეხმარებოდა. გიმნაზიის შემდეგ, დავითმა სწავლა პეტერბურგში განაგრძო, თუმცა 1 წლის შემდეგ, გერმანიაში გადაინაცვლა, სადაც მიიღო კიდეც ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.



როდესაც გაიგო, რომ კონიაკი, სასმელი, რომელიც ასე მოთხოვნადი იყო, ყურძნის ფუძეზე მზადდებოდა, გაუკვირდა, ყურძნის ქვეყანაში კონიაკი რატომ არ მზადდებოდა. ამ საქმეში დიდი პოტენციალი დაინახა. სწორედ ამიტომ წავიდა საფრანგეთში და 2.5 წლის მანძილზე (1878-1879 წლებში) მეღვინეობა შეისწავლა. ამ ცოდნამ მისცა საშუალება, დაეფუძნებინა სამრეწველო ნიადაგზე კონიაკის წარმოების საქმე. 1888 წელს, სარაჯიშვილმა თბილისში გახსნა კონიაკის პირველი ქარხანა.




 

ანტრეპრენუარი


როგორც ზევით ვახსენეთ, დავითი კონიაკის იდეამ შთააგონა. მას კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის მისაღწევად, ადგილობრივი წარმოების განვითარება აუცილებელი იყო. ამავდროულად, რუსეთის იმპერიაში (რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საქართველო, იმ დროისთვის) კონიაკის ადგილობრივი წარმოება თითქმის არ იყო, სასმელი შემოდიოდა საფრანგეთიდან, ისიც, საკმაოდ დაბალი ხარისხის.


 

 

ყურძნის ჯიშების შესწავლისას, დავითმა აღმოაჩინა, რომ ქართული ნედლეულისგან მაღალი ხარისხის კონიაკის დამზადება შეიძლებოდა. 1888 წელს, მან კონიაკის პირველი ქარხანა გახსნა თბილისში. კონიაკის დამზადების ყოველ ნაბიჯს პირადად აკონტროლებდა. საუკუნის მიწურულს 50-მდე სახეობის კონიაკს ამზადებდა. ამავდროულად, წარმოება გააფართოვა და ქარხანა გახსნა ერევანსა და ბაქოში. ადგილობრივ ყურძენზე დამზადებულ სასმელს მუხის კასრებში ათავსებდნენ, რაც განსაკუთრებულ არომატს სძენდა კონიაკს. წარმოებამ მალე გაითქვა სახელი. სარაჯიშვილის კონიაკს ყველგან იცნობდნენ და აფასებდნენ, გამოფენებზეც უმაღლეს შეფასებას აძლევდნენ.




ანტონ ფილიპოვი ( "Российский Альманах Вин"-ის რედაქტორი) წერდა:


„საქართველოში კონიაკის დამზადება დაიწყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა, თავისი ხარისხით, ვერ უწევდა კონკურენციას ცნობილ ფრანგულ კონიაკს - მათი წარმოება საქართველოშიც და რუსეთის იმპერიაშიც, მაშინ, კუსტარული იყო, ხოლო ტექნოლოგია ეფუძნებოდა არა ცოდნას, არამედ მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, თუ როგორ აკეთებენ კონიაკს ფრანგები. შესაძლებელია, რომ ქართული კონიაკის წარმოება კვლავაც იმ დაბალ დონეზე დარჩენილიყო, ახალგაზრდა მეწარმეს, დავით სარაჯიშვილს რომ არ გასჩენოდა სურვილი, მოეწყო საკუთარი კონიაკის წარმოება მკაცრად მეცნიერულ საფუძველზე. სარაჯიშვილი თავისი ოცნების განხორციელებისაკენ მიისწრაფვოდა ჯიუტად, როგორც რომანტიკოსი და გააზრებულად, როგორც გონიერი ბიზნესმენი."

 

 

 

ჩერჩილი და სარაჯიშვილი


თბილისის კონიაკის ქარხნის სახელგანთქმულმა კონიაკმა „ენისელმა", სხვადასხვა დროს საერთაშორისო გამოფენებზე მიიღო 21 მედალი, აქედან, 14 ოქრო. 1945 წლის თებერვალში, იალტის სამშვიდობო კონფერენციაზე ჩამოსული დიდი სამეულის წევრები - სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი, - ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც იგი დააგემოვნეს. სამუშაო შეხვედრებს შორის გამართულ დეგუსტაციაზე ჩერჩილმა, რომელიც კარგად ერკვეოდა კონიაკში, ჯერ ფრანგული კონიაკი გასინჯა და უკმაყოფილო დარჩა, "ენისელი" კი მოეწონა:„აი, ეს კი საუკეთესოა, ფრანგული" - წამოიძახა. „ფრანგული კი არა, ქართულია", - გაუსწორა მას სტალინმა. მაშინ ჩერჩილმა ივარაუდა - საქართველოში, ალბათ, ფრანგი სპეციალისტები მუშაობენო. გაუკვირდა, როცა უთხრეს, თბილისის კონიაკის ქარხანაში არც ერთი უცხოელი არ მუშაობსო. კმაყოფილმა სტალინმა განკარგულება გასცა, დაეჯილდოებინათ „ენისელის" ავტორი. ასე გახდა კონიაკის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი ვახტანგ ციციშვილი სტალინური პრემიის ლაურეატი.


მარკეტინგი


თავდაპირველად, როდესაც ქართული კონიაკის წარმოება დავითს ჯერ კიდევ ახალი დაწყებული ჰქონდა, კონკურენციის გაწევა უხარისხო, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი ფრანგული კონიაკისთვის, საკმაოდ რთული ამოცანა იყო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ საკომუნიკაციო საშუალებები თითქმის არ იყო განვითარებული.


სწორედ ასეთ დროს, სარაჯიშვილის ფარული მხარდაჭერით, დაიწყო, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ვირუსული კამპანია. კინტოები შედიოდნენ რესტორნებში და ყველგან სარაჯიშვილის კონიაკს ითხოვდნენ. ბუნებრივია, მასზე მეპატრონეს გაგებულიც არ ჰქონდა, რაზეც პასუხად კინტოები იქაურობას დალეწავდნენ ხოლმე. გაოგნებული რესტორნის მფლობელი, ყოველი შემთხვევისთვის, მენიუს სარაჯიშვილის კონიაკსაც ამატებდა. ამასთან, სარაჯიშვილის დაფინანსებით, მიყენებულ ზარალსაც აღუდგენდნენ ხოლმე.


სარაჯიშვილის კონიაკის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა ერთ-ერთი პირველი ქართული სარეკლამო პოსტერიც. სურათზე ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ქალს ხელში სარაჯიშვილის კონიაკი უჭირავს და მგზნებარედ უცქერს. ამგვარად გადმოსცეს მაშინდელმა კრეატორებმა კონიაკის წარმომავლობა და სასურველობა ერთდროულად.


მენეჯმენტი


დავით სარაჯიშვილმა პირველმა შემოიღო 8-საათიანი სამუშაო დღე (მანამდე 9-10-საათიანი იყო), ასევე ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, მუშებისათვის მოაწყო სასადილო, გახსნა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და რაც მთავარია, ანდერძში დაიბარა, რომ ქარხნებიდან შემოსული თანხები მუშების კეთილდღეობას მოხმარებოდა.



რას ამბობდნენ მასზე


„დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი, - წერდა გაზეთი „ზაკავკაზიე", საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო შვილთაგანი, უნაკლო და კეთილშობილი საზოგადო მოღვაწე, ძველ თბილისელ მოქალაქეთა შთამომავალი, ევროპული განათლების მქონე, პატრიარქალურ ქართულ წეს-ჩვეულებებზე აღზრდილი, გერმანიის უნივერსიტეტის ქიმიის დოქტორი, იყო პიროვნება, რომელიც სამრეწველო წარმოების წამომწყები და მხატვრული ლიტერატურის ფაქიზი დამფასებელი, პრაქტიკოსი საქმის კაცი და მოაზროვნე თეორეტიკოსი გახლდათ".



რუსული მედია დავით სარაჯიშვილზე:


„არ არსებობდა ხალხისთვის სასარგებლო საქმე, რომელშიც მონაწილეობა არ მიეღოს. ძნელია ყველაფრის ჩამოთვლა. მისი მატერიალური დახმარებით საქართველოში აშენდა მრავალი ეკლესია, მათ შორის, ცნობილი ქაშვეთის ტაძარი თბილისის ცენტრში".

 

„დავით სარაჯიშვილი თავის თავში აერთიანებდა ძველი ქართველი კაცის ყველა სიმპატიურ თვისებას, რომელიც მზად იყო წმინდა ქართული გულკეთილობით და საზოგადოებრივი საქმისათვის თავდადებით, მთელი თავისი სიმდიდრე შეეწირა სამშობლოსა და ტანჯული კაცობრიობისთვის".


მხატვარი მოსე თოიძე: „დავით ზაქარიას ძე უყურადღებოდ არავის სტოვებდა, მისი მგრძნობიარე გული ყველასათვის ჰფეთქდა, მარამ ხელოვნების მუშაკთა მეგობარი ჩვენში პირველი ის იყო. მხოლოდ იმას შეეძლო, როგორც ნივთიერი, ისე ზნეობრივი დახმარება. ვისაც დავით ზაქარიას ძე ეხმარებოდა, არა ჰგრძნობდა მოვალეობას, მძიმე უღელს კერძო პირისადმი. მას ვუყურებდით, როგორც სამშობლოს წარმომადგენელს, მშობელს."



მეგობრობა


დავით სარაჯიშვილი და მიტროფანე ლაღიძე მეგობრები იყვნენ. სწორედ დავითის ხელშეწყობით შეძლო მიტროფანემ სასმელის წარმოების დაწყება. როდესაც დავითი გარდაიცვალა, გოლოვინის პროსპექტის (ახლანდელი რუსთაველის გამზ.) სიგრძეზე, მიტროფანემ ჯიხურები ჩაადგმევინა, რათა მეგობრის გასვენების დროს, დიდი მსვლელობისას, ზაფხულის პაპანაქება სიცხეში, ნებისმიერ მსურველს ყელი, სრულიად უფასოდ, ლაღიძის გემრიელი წყლით გაეგრილებინა.


დავითი სიცოცხლის ბოლომდე პატრონობდა ილია ჭავჭავაძის მეუღლესაც, რომელიც დაქვრივების შემდეგ, მთაწმინდის ქუჩაზე დასახლდა, ახლანდელი სულხან-საბას ბაღის წინ, რათა ყოველდღე ევლო მეუღლის საფლავზე.



ანდერძი


ჩვეულებას, დახმარებოდა ყველას, დავით სარაჯიშვილმა სიკვდილის შემდეგაც არ უღალატა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1910 წლის 3 ივნისს, დონის როსტოვში ნოტარიუსთან შეადგინა ანდერძი და დაიბარა, რომ 3 მლნ მანეთი ერის განვითარებას მოხმარებოდა. მათ შორის:


500 ათასი მანეთი - წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.


150 ათასი მანეთი - ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.


200 ათასი მანეთი - ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.


25 ათასი მანეთი - ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.


50 ათასი მანეთი - თბილისში პოლიტექნიკური ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.


30 ათასი მანეთი - ვლადიკავკაზის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);


25 ათასი მანეთი - საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.


100 ათასი მანეთი - თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.

 

10 ათასი მანეთი - სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.


171 ათასი მანეთი - სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;


5 ათასი მანეთი - ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;

 

20 ათასი მანეთი - ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას - ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად.


50 ათასი მანეთი - ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.


10 ათასი მანეთი - მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.

 

10 ათასი მანეთი - დიდუბის ტაძარს.

 

5 ათასი მანეთი - რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.


200 ათასი მანეთი - ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.








 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი