logo_geo
რამდენიმე მოგონება გალაკტიონზე...
- +

17 მარტი. 2018. 19:41



ჯანსუღ ჩარკვიანი: „1957 წელს წყნეთში გალაკტიონთან გამგზავნა ვახტანგ ჭელიძემ. მივადექი ღობეს და ვხედავ, გალაკტიონი ვიღაც წყნეთელ მაყვლის გამყიდველს (რომელიც თავის მაყვალს „ჟივაკას" ეძახდა) ეუბნება: რა ღირს, ძამიკო, შენი „ჟივაკა"? მუჭა-მუჭა ამოაქვს ვედროდან და მიირთმევს, თან ყოველ ჯერზე უმეორებს კითხვას. გამყიდველი გაოცებული მიშტერებია, გალაკტიონმა კი ძირამდე დაიყვანა მაყვალი. ახლა გალაკტიონი მიაჩერდა გამყიდველს და ეკითხება: „ძამიკო, იცი რას გეტყვი? ფულს ვერ გადაგიხდი. ქართველმა კაცმა ის თუ არ იცის, რომ „ჟივაკა" და „ეჟევიკა" ქართულად მაყვალია, მაშინ არც ის სცოდნია, რასა ჰყიდისო." მიატოვა და სახლისკენ წავიდა. ვინაა ეგ კაციო, მკითხა წყნეთელმა. მე ვუთხარი: როგორ ვერ იცანი, ქალაქის მილიციის უფროსია-მეთქი. „ვაი-ვაიო", ჩაილაპარაკა და წავიდა.


ვერის ხიდთან (ამჟამად გალაკტიონის ხიდი) „საუცებისო" საარყეები იყო ხოლმე. არყის დასალევად მივედით სტუდენტი მეგობრები. უცებ გალაკტიონი მობრძანდა და დახლიდარს ეუბნება: ჩემი ულუფა ჩამომისხიო. დახლიდარმა 150 გრამიანი ჭიქა გაუვსო. მან ჯერ ორი ყლუპი მოსვა, პირში დააღვარღვარა და წუთშივე უკან გადმოაქცია. მერე წვერებში ხელით შეისხა და მაგრად შეიზილა. გაოცებულმა ვკითხე: ძია გალაკტიონ, აგრე რათ აკეთებ-მეთქი. მან გახარებულმა მიპასუხა: ახლა რომ გავალ „ზემელზე", არყით ვიქნები აქოთებული, ხალხს მთვრალი ვეგონები, მე კი ფხიზელი ვიქნებიო."

 

ქიშვარდ ისაკაძე: „გალაკტიონი მწერალთა კავშირში მობრძანდა და ირაკლი აბაშიძე იკითხა. უთხრეს, ირაკლი არ გახლავთ, მაგრამ კლუბში შებრძანდით, იოსებ ნონეშვილი საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ლექციას კითხულობსო. - რა თემაზე კითხულობს? -დაინტერესდა გალაკტიონი.


- როგორც მითხრეს, საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი საფრანგეთშიო, - უპასუხეს. „საფრანგეთში ნამყოფი ვარ და ვიცი, როგორ ცხოვრობენ ფრანგები. როცა იმაზე ჩაატარებს ლექციას, თუ როგორ ვცხოვრობთ ქართველები საქართველოში, დამირეკეთ და აუცილებლად მოვალ", - ჩაიქირქილა იუმორის ტრფიალმა მგოსანმა, დინჯად ჩაათავა კიბეები და წავიდა."


აკაკი ხინთიბიძე: „ერთმა პოეტმა თავისი ლექსების რუსული თარგმანი გამოსცა წიგნად. გალაკტიონი შეხვედრია: შესანიშნავია, ძამიკო, ახლა ნახე კარგი მთარგმნელი და ქართულად ათარგმნინეო.


„მე და ბარათაშვილის" ავტორს ერთ სალიტერატურო საღამოზე უთქვამს: „ლექსის ვეფხვი და გრიგალი მე ვარ და გალაკტიონი". გალაკტიონი შეხვედრია და ეუბნება: „კარგია, ძამიკო ალიო, მხოლოდ ერთი ასო უნდა შეცვალო: „მე ვარ და" კი არა, „მოვარდა".



საგურამოს მწერალთა სახლში გალაკტიონი და კონსტანტინე გამსახურდია ისვენებდნენ. ყოველ დილით კონსტანტინე ასე ესალმება გალაკტიონს:


- გამარჯობა, ლომო!

- გაგიმარჯოს, ვეფხვო! - პასუხობს გალაკტიონი. ერთ დღეს კონსტანტინემ შეცვალა და ასე მიესალმა:

- გამარჯობა, ვეფხვო! გალაკტიონი შეჩერდა, მცირე პაუზა და...

- გაგიმარჯოს, კოწია!


1958 წელს ოპერის თეატრში მისი სამწერლო მოღვაწეობის 50 წლისთავი აღინიშნა. ტაში და ოვაციები არ დაჰკლებია, მაგრამ საღამოს დამთავრების შემდეგ უნახავთ, მარტოდმარტო ფეხით მიდიოდა სახლისკენ..."



წყარო: ambioni.ge

 

 

big_banner
არქივი