logo_geo
ნივთები და სერვისები რომლებიც მალე წარსულს ჩაბარდება
- +

18 მარტი. 2018. 19:44



ტექნოლოგიური წინსვლა ბევრ ნივთს გამოყენებას უკარგავს. ვიდეოკასეტა, ზურგიანი ტელევიზორი თუ სახლის დისკიანი ტელეფონი სკოლამდელი ბავშვების უმრავლესობას არც კი უნახავს. მომავალი თაობებისთვის სია გაფართოვდება.


როცა 2018 წელს დაბადებული ბავშვები სრულწლოვანები გახდებიან ისინი ბევრ ისეთ ნივთსა და მომსახურებას აღარ გამოიყენებენ დღეს რომ მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად ჩანს.



გრძელი, დამღლელი მგზავრობა. ზებგერითმა „კონკორდმა" უკანასკნელი ფრენა 2003 წელს შეასრულა. ბილეთის სიძვირემ მისი გამოყენება არაეფექტური გახადა. უახლოეს პერიოდში მოელიან ახალ ზებგერით და შემდგომ უკვე ჰიპერბგერით სამოქალაქო თვითმფრინავების შექმნას, რომელიც მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. საავიაციო ტრანსპორტის გარდა სიჩქარის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელია სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტითაც.



მართვის მოწმობა. დღეისთვის ყველას, ვისაც ავტომობილის მართვა სურს, ვალდებულია მართვის მოწმობის ასაღებად თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩააბაროს. უპილოტოების ეპოქაში ეს ვალდებულება გაუქმდება. მგზავრი უბრალოდ ჩაჯდება ავტომობილში და ეკრანზე ლოკაციის სასურველ ადგილს მონიშნავს, ან ხმოვანი რეჟიმით დაავალებს ჭკვიან პროგრამას. სამსახურში ყოფნისას კი, დამატებითი შემოსავლის მისაღებად მისი გაქირავებაც შეეძლება.

 


ენობრივი ბარიერი. ადამიანები წლების მანძილზე კვირაში რამდენიმე ათეულ საათს, ენერგიასა და ფულს ხარჯავენ უცხო ენის შესასწავლად. მის გარეშე საზღვარგარეთ მოგზაურობა, უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტი და ლიტერატურის გაცნობა შეუძლებელი ან ძალიან ძნელია. თუმცა, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ჭკვიანი პროგრამის მეშვეობით ერთი ენიდან მეორეზე ხმოვან რეჟიმში თარგმნა გახდება შესაძლებელი, GOOGLE TRANSLATE-ზე უკეთესი სიზუსტით. უცხო ენას მაინც შეისწავლიან ოღონდ მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელები და სხვა მცირე ოდენობით დაინტერესებული პირები.

 


შიმშილობა. მკვლევარები საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა პროცენტული მაჩვენებელი ბოლო 70 წელიწადში 7-ჯერ შემცირდა, მაგრამ დღესაც 750 მილიონზე მეტი ადამიანი დღეში $1.9-ზე ნაკლებს მოიხმარს. წელიწადში მილიონობით ადამიანი შიმშილით ან შიმშილისგან გამოწვეული რაიმე დაავადებით იღუპება. ტექნოლოგიების გამოყენებით მოსავლიანობის და აფრიკის რეგიონში ეკონომიკის ზრდამ შესაძლოა დააყენოს ეპოქა, სადაც საკვებით ყველა უზრუნველყოფილი იქნება.

 

 

ქაღალდის ფული. კაცობრიობამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ბარტერით დაიწყო, რასაც ჯერ სასაქონლო ფული მოჰყვა, შემდეგ ძვირფასი ლითონისგან დამზადებული მონეტა, რომელსაც თავად გააჩნდა შინაგანი ღირებულება, შემდეგ მონეტა ქაღალდის ფულმა ჩაანაცვლა რომელსაც, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა ამყარებდა. ის დღესაც გამოიყენება, თუმცა ინტერნეტ-გადარიცხვები და ბარათის მეშვეობით ანგარიშსწორება სულ უფრო და უფრო იზრდება. უნაღდო ანგარიშების წილმა ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, შვედეთსა და გერმანიაში 80%-ს გადააჭარბა. ერთ დღეს ფული ფიზიკური ფორმით შესაძლოა საერთოდ აიკრძალოს. თავის მხრივ კონკურენტი ბარათსაც ჰყავს კრიპტოვალუტის სახით, რომელიც შუამავლის რგოლს არ საჭიროებს.

 


სია ცხადია არასრულია, შესაძლოა დღევანდელი კომპიუტერები კვანტურმა კომპიუტერებმა ჩაანაცვლოს, ტელევიზორი ჰოლოგრამულმა გამოსახულებამ, კაბელი კი უსადენო ტექნოლოგიებმა. ისიც ნათელია, რომ ცვლილებები მსოფლიო მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება და არა ერთდროულად.



 

წყარო: m2b.ge 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი