logo_geo
პირამიდებიდან სტოუნჰენჯამდე - პრეისტორიული ხალხის ასტრონომიული საიდუმლო
- +

19 მარტი. 2018. 19:59




მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ცაში ყურება დაიწყეს, მისი სილამაზითა და უთვალავი საიდუმლოთი გაოცდნენ,. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ასტრონომიას ხშირად უძველეს მეცნიერებას უწოდებენ, რომელიც ადამიანებს ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ შთააგონებდა.


ციური ფენომენები ასახულია პრეისტორიული მღვიმეების კედლის მხატვრობაზეც. როგორც ირკვევა, ისეთი მონუმენტები, როგორებიცაა ხეოფსის პირამიდა და სტოუნჰენჯი, განლაგებულია ზუსტად ისეთ წერტილებზე, საიდანაც მთვარე, მზე ან ვარსკვლავები ამოდის და ჰორიზონტზე დგება.


დღეისათვის საკმაოდ ძნელია იმის წარმოდგენა, როგორ აშენებდა და რა განლაგებას აძლევდა უძველესი ხალხი ასეთ მონუმენტებს ამის გამო მრავალი ვარაუდი წარმოიშვა.


ზოგიერთის აზრით, პრეისტორიულ ხალხს ამის გასაკეთებლად მათემატიკისა და მეცნიერების გარკვეული ცოდნა უნდა ჰქონოდა, ზოგიერთი კი იმდენად შორს მიდის, რომ ვარაუდობს, თითქოს დედამიწას არამიწიერი არსებები სტუმრობდნენ, რომლებმაც ადამიანებს ამ სტრუქტურების აგება ასწავლეს.


მაგრამ საინტერესოა, რა ვიცით სინამდვილეში იმასთან დაკავშირებით, როგორ იკვლევდა უძველესი ხალხი ცას და ავითარებდა კოსმოლოგიას? ამ მიზნით, 1970-იან წლებში განვითარდა სამეცნიერო დისციპლინა „არქეოასტრონომია", იგივე „კულტურული ასტრონომია".


ეს საგანი აერთიანებს რამდენიმე სხვა დარგს, მათ შორის ასტრონომიას, არქეოლოგიას, ანთროპოლოგიას და ეთნოასტრონომიას.

 

მარტივი მეთოდები

 

ეგვიპტის პირამიდები ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი უძველესი მონუმენტებია. ზოგიერთი მათგანი მაღალი სიზუსტის დაცვითაა განლაგებული. მე-19 საუკუნეში, ეგვიპტოლოგმა ფლინდრ პეტრიმ გიზის პირამიდების პირველი, მაღალი სიზუსტის კატალოგიზაცია შექმნა.


მან აღმოაჩინა, რომ პირამიდების საძირკვლის ოთხივე კიდე გრადუსის მეოთხედში მიემართება ჰორიზონტის მხარეებისაკენ.


მაგრამ საიდან იცოდნენ ეგვიპტელებმა ამის შესახებ? სულ ახლახან საინტერესო თეორია შემოგვთავაზა ინჟინერმა გლენ დაშმა, რომელიც გიზის პირამიდებს სწავლობს.


მან ყურადღება გაამახვილა „ინდური წრის" სახელით ცნობილ უძველეს მეთოდზე, რომელიც მოითხოვს ჯოხის ჩრდილს და მის ხაზზე, აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულებით აშენებას. დაშმა აჩვენა, როგორ შეიძლებოდა აშენებულიყო პირამიდები ამ მეთოდის სიმარტივის საფუძველზე.


იყო თუ არა ეს ნამდვილად ასე? შეუძლებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხელს გვიშლის მსოფლიოს ჩვენი ამჟამინდელი ხედვების, მეთოდებისა და იდეების წარსულში გადატანის ე. წ. პოპულარული ხაფანგი.


უფრო სარწმუნო პასუხს იძლევა მითოლოგიასა და იმ დროისათვის ცნობილ და გამოყენებად მეთოდებში ჩახედვა.


ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სამეცნიერო მიდგომებს უძველეს წარსულშიც იყენებდნენ. იგივე მოხდა სტოუნჰენჯის შემთხვევაშიც.


1964 წელს ამ იდუმალ მონუმენტთან ჩაბნელებათა პროგნოზირებისთვის, ასტრონომმა ჯერალდ ჰოკინსმა შეიმუშავა საკმაოდ ჩახლართული მეთოდი, რომელიც მოითხოვდა ორმოებისა და ნიშნულების გამოყენებას. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სტოუნჰენჯი სწორედ ამ მიზნისთვის ააშენეს.

 

მომავლის გზა


წარსულში გასარკვევად და ზოგიერთი იდეის გასაძლირებლად, საჭიროა მრავალი მიდგომის გამოყენება სხვადასხვა დისციპლინებიდან. ასევე აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ არასოდეს იქნება ერთადერთი ახსნა ან პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა განლაგებულიყო ან გამოყენებულიყო ესა თუ ის უძველესი მონუმენტი.


აქედან გამომდინარე, როგორ შეუძლია ახსნას კულტურულ ასტრონომიას პირამიდების განლაგება? 2001 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ საკითხში შეიძლება გადამწყვეტი იყო დიდი დათვის თანავარსკვლავედის ორი ვარსკვლავი - მერგეცი და ფადი.


ეს ვარსკვლავები მთელი ღამის განმავლობაში ჩანს. ღამის მანძილზე მათი ყველაზე დაბალი მდებარეობა ჩრდილოეთით შეიძლება მოინიშნოს ქრონომეტრის უძველესი ინსტრუმენტის, მერხეტის გამოყენებით. ეს ინსტრუმენტი შედგება ვერტიკალურხაზიანი ფირფიტისაგან, რომელიც მიმაგრებულია ხის სახელურზე; მისი დანიშნულება ვარსკვლავთა განლაგების განსაზღვრა იყო.


ეს ინტერპრეტაცია საყურადღებოა იმ მხრივ, რომ უკავშირდება ღმერთ ჰოროსის ედფუს ტაძარში აღმოჩენილ მითოლოგიურ წარწერებს ვარსკვლავების შესახებ. ეს კი მიუთითებს კატალოგიზაციის ინსტრუმენტის - მერხეტის გამოყენებაზე, რასაც ასევე შეუძლია ახსნას სხვა ეგვიპტურ ძეგლთა ორიენტაცია.


წარწერა ასევე მოიცავს ხარის წინა ფეხების გამომხატველ იეროგლიფებს, რაც განასახიერებს დიდ თანავარსკვლავედსა და მის შესაძლოა მდებარეობას ცაზე.


ამის მსგავსად, უკეთესი მოსაზრებები გაჩნდა სტოუნჰენჯთან დაკავშირებითაც. ერთ-ერთმა კვლევამ მონუმენტის სიახლოვეს გამოავლინა ხის უცნაური წრეები. მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ ეს განასახიერებდა სიცოცხლეს, სტოუნჰენჯის ქვები კი სიკვდილს.


იგივე პრაქტიკა შეიმჩნევა კუნძულ მადაგასკარზე აღმოჩენილ მონუმენტებზეც, რაც გვაფიქრებინებს, რომ პრეისტორიულ ადამიანებს დაახლოებით ერთნაირი წარმოდგენა უნდა ჰქონოდათ სიცოცხლესა და სიკვდილზე.


გარდა ამისა, ეს მიგნება გვთავაზობს ახალ, ამაღელვებელ გზას სტოუნჰენჯის ფართომასშტაბიან გაგებაში. მკვლევართა ერთი ნაწილი სტოუნჰენჯს წარმოიდგენს მიწისქვეშეთის რიტუალურ გასასვლელს მთვარისა და ჰორიზონტის ხედებით.


კულტურულმა ასტრონომიამ დღის შუქი ასევე მოჰფინა 6000 წლის პორტუგალიურ პასაჟურ სამარხებს - საფლავის ტიპს, რომელიც შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ქვების კამერითა და გრძელი, ვიწრო შესასვლელით.


როგორც არქეოლოგმა ფაბიო სილვამ აჩვენა, ჰორიზონტის ხედი საფლავის შიგნიდან ექცეოდა ჩარჩოში, ზუსტად ის ადგილი, სადაც მთის თავზე ამოდიოდა ვარსკვლავი ალდებარანი. ეს კი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ სამარხი შეგნებულად აშენდა ასე, რათა შიგნიდან, მიცვალებულთათვის სწორედ ეს ხედი გამოჩენილიყო.


სილვამ ასევე მოიპოვა ამ მოსაზრების მხარდამჭერი უფრო ძლიერი მტკიცებულებებიც. საფლავიდან ჩარჩოში გამოჩენილი მთის ქედი სწორედ ის ადგილია, სადაც სამარხის მშენებლები ზაფხულობით უნდა გადასახლებულიყვნენ თავიანთ საქონელთან ერთად. ალდებარანი წლის განმავლობაში პირველად ზუსტად ამ ადგილიდან ამოდის, რაც მათ მიანიშნებდა, რომ მიგრაციის დაწყება უკვე შეეძლოთ.


საინტერესოა, რომ ამ რეგიონის უძველეს ფოლკლორში ასევე მოხსენიებულია მწყემსი, რომელმაც შენიშნა მთის ქიმზე დაკიდებული ძალიან კაშკაშა ვარსკვლავი. იქ მისულმა გადაწყვიტა, მთისთვისაც და თავის ძაღლისთვისაც, ვარსკვლავის სახელი ეწოდებინა. ორივე სახელი დღემდე შემორჩენილია.


ნოტინგჰემ-ტრენტის უნივერსიტეტის მკვლევარის, დენიელ ბრაუნისა და სილვას ერთობლივმა კვლევამ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოავლინა. აპერტურის შევიწროების გამო, სამარხების ვიწრო, გრძელი შესასვლელებიდან ვარსკვლავი უფრო კაშკაშა მოჩანდა.


მართალია, ადვილია იმის დაჯერება, რომ პრეისტორიული ადამიანები ანალიტიკოსი ასტრონომები იყვნენ მეცნიერების დიდი ცოდნით, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფერს განვსჯით ასტრონომიის თანამედროვე გადმოსახედიდან.


კულტურული ასტრონომიის მიგნებები აჩვენებს, რომ წარსულის ხალხს ნამდვილად იტაცებდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ჭვრეტა, რასაც ისინი თავიანთ ყოველდღიური ყოფის მრავალ ასპექტში ასახავდნენ.


მიუხედავად იმისა, რომ უძველეს სტრუქტურათა წარმოშობისა და დანიშნულების ირგვლივ ჯერ კიდევ მრავალი საიდუმლოა, ყველაფერში საბოლოოდ გასარკვევად საუკეთესო გამოსავალია რაც შეიძლება ბევრი და მრავალმხრივი მიდგომის გამოყენება.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი