logo_geo
Facebook თქვენი სატელეფონო ზარების ისტორიას და SMS-ების მონაცემებს აგროვებს!
- +

26 მარტი. 2018. 21:59



თუ თქვენ ანდროიდ-მოწყობილობაზე დაინსტალირებული Facebook Messenger-ით სარგებლობთ, შესაძლოა, მარკ ცუკერბერგის კომპანია აგროვებდეს თქვენს კონტაქტებს, SMS-ებისა და ზარების ისტორიას, მინიმუმ, გასული წლიდან.


დილან მაკქეიმ, პროგამისტმა ახალი ზელანდიიდან, Twitter-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ იპოვა მან Facebook-იდან გადმოწერილი არქივის ZIP ფაილში გასული წლის მონაცემები, მათ შორის, დასრულებული ზარებისა და SMS შეტყობინებების შესახებ.

 


Facebook-ის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ყველა სოციალური ქსელი შექმნილია იმისათვის, რათა მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და სასურველ ადამიანებთან დაკავშირება და კომპანიის მიერ მსგავსი ინფორმაციის შეგროვება სწორედ ამ მიზნის შესრულებას უკავშირდება.


აღსანიშნავია, რომ ასეთი ინფორმაცია Facebook-ისა და მსგავსი შინაარსის პლატფორმების შესახებ მედიაში არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ამ საკითხებს დიდი ყურადღება არ ეთმობოდა. ახლა, როცა ცუკერბერგის კომპანია Cambridge Analytica-სთან ერთად ცნობილ სკანდალში გაეხვა, თითოეული ასეთი პოსტი თუ გამოხმაურება საზოგადოების ინტერესს უფრო მეტად იწვევს, ვიდრე ადრე, თუმცა ახალი ამაში, ფაქტობრივად, არც არაფერია.


რატომ მხოლოდ Android? - საქმე იმაშია, რომ Android-ის ძველი ვერსიები მონაცემთა შეგროვებაზე ნებართვას მარტივად გასცემდნენ და Facebook-ის აპლიკაცია ინსტალაციისას ზარებსა და შეტყობინებებზე ავტომატურ წვდომას იღებდა. საბოლოოდ Google-მა ეს ხარვეზი ახალ ვერსიებში შედარებით გამოასწორა და მომხმარებლების ინფორმირების დონე გაზარდა.


რაც შეეხება Apple-ს, მის პროდუქტებს ეს საფრთხე არ ემუქრება, რადგან iOS-ის ოპერაციული სისტემა მსგავს წვდომაზე ნებართვას არ გასცემს.

 

➡️თუ გსურთ, შეამოწმოთ, რა ინფორმაციას აგროვებდა თქვენზე Facebook, უნდა გახსნათ Facebook's Settings→Download a copy of your Facebook data→Start My Archive.


➡️თუ არ გსურთ, კომპანიამ საკუთარ სერვერზე რეგულარულად განათავსოს თქვენი კონტაქტები, მაშინც Messenger-ის აპლიკაციაში უწყვეტი ატვირთვის ფუნქცია უნდა გათიშოთ. ცვლილების შედეგად, წაიშლება დღემდე ატვირთული კონტაქტებიც.

 

 

 

 

 

წყარო cyber - kvira.ge

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი