logo_geo
ცოლის სილამაზეს შეწირული ინჟინერი და დახვრეტილი ჩემპიონი - „სტალინური სიები“ საქართველოდან!
- +

7 აპრილი. 2018. 10:18

 

„სტალინური სიები“ საქართველოზე" - ასე ქვია დოკუმენტურ მასალებს, რომელიც 1937-1938 წლების რეპრესიებთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის წინ მოამზადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI). დოკუმენტური მასალებიდან კიდევ ერთხელ თვალნათელი გახდა, რამდენად მანკიერი იყო საბჭოთა რეჟიმი, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასად არ უღირდა...

 

პროფესორი გიორგი ელიავა, მუდმივი ზეწოლის მიუხედავად პარტიული არასდროს ყოფილა, თბილისის ბაქტერიოლოგიისა და ბაქტერიოფაგის ინსტიტუტების დირექტორად მუშაობდა...

 

გოგი (გიორგი) ელიავა 1937 წლის 23 იანვარს დააპატიმრეს. შინსახკომის მიერ შედგენილი დოკუმენტების მიხედვით, 1918 წელს, ის თბილისში, საფრანგეთის დაზვერვის სასარგებლოდ, ჯაშუშად გადაიბირეს. თითქოს ის აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას, ქართველი ხალხის განწყობის და საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფრანგული გავლენის შესახებ.

 

1924 წელს წითელ არმიაში ჯაშუშობისთვის, ქართული დივიზიის პოლკოვნიკი, ალექსანდრე მოსიძე, ზედმეტსახელად “ამო” გადაიბირა. ელიავა, მისგან საბჭოთა არმიის სტრუქტურასა და შესაძლებელობის შესახებ მასალებს აგროვებდა და ერთ ინფორმაციაში ჰონორარის სახით, - 500-600 მანეთს უხდიდა.

 

თუმცა, “საბჭოთა სამშობლოს” მიმართ, მისი “მოღალატური საქმიანობა” ამით არ ამოწურულა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ელიავა, საფრანგეთის დაზვერვის წარმომადგენლის დავალებით, ბუდუ მდივანსა და კარპე მოდებაძეს დაუკავშირდა, რათა მათგან “ქართული ნაციონალისტური ცენტრის” საქმიანობაზე ინფორმაცია მოეგროვებინა და “საჭირო მიმართულებით” გაეგზავნა.

 

გიორგი (გოგი) ელიავა

 

 

 

ელიავას საქმის „ჩვენებებში” წერია, რომ ინგლისური დაზვერვის დავალებით, ის დივერსიულ საქმიანობას განაგრძობდა და იმავდროულად, ჯაშუშობისთვის, ახალ-ახალ წევრებს პოულობდა. 1937 წლის 7-9 ივნისს, ელიავას დაკითხვაზე, „ცნობილი გახდა” რომ ის და ბუდუ მდივანი, საბჭოთა არმიის საწინააღმდეგო დარტყმებისას, ბაქტერიოლოგიის გამოყენებას აპირებდნენ... საქმის მიხედვით, 1935 წელს, ბუდუ მდივანმა მას ბაქტერიული მიკრობების საშუალებით, ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა შესთავაზა, რაზეც ელიავამ უარი უთხრა... სინამდვილე სრულიად განსხვავებული იყო - გიორგი ელიავა პირისპირ საუბრებში ყოველთვის აგდებულად და დამცინავად ელაპარაკებოდა ლავრენტი ბერიას. ამასთან, ბერიას ამბავი მიუტანეს, რომ ენაკვიმატი პროფესორი მასზე უხამსად ხუმრობდა, რაც მას ძალიან აღიზიანებდა. სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ქართველ პროფესორს, სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა, რომელიც 1937 წლის 9 ივლისს აღასრულეს...

 

იყო კიდევ ერთი მიზეზი - ქალების მოყვარულმა ბერიამ, უამრავი ადამიანი მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა, გააციმბირა ან დახვრიტა, რომ მათ მშვენიერ მეუღლეზე ეჭირა თვალი...

 

ვლადიმერ ჯიქიას საქმეც ასევე აბსურდულად იყო შეკერილი... 1937 წელს “რიონჰესის” მშენებელი, ინჟინერ-ჰიდროლოგი, ცოლის სილამაზეს შეეწირა, - მისი მეუღლე იმ დროის ულამაზეს ქალი, თინათინ სვანიძე იყო, რომელსაც კონსტანტინე გამსახურდიამ ცნობილი ლექსი “ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას" მიუძღვნა. მისი სილამაზე რეპრესიების ავტორ ბერიას არ გამოჰპარვია. ბერია თინათინს მოსვენებას არ აძლევდა, ტელეფონზე ურეკავდა, საჩუქრებს ჰპირდებოდა... მისი აქტიურობა კი განსაკუთრებით ზაფხულში იზრდებოდა, როცა ცოლ-შვილს დასასვენებლად უშვებდა... თინათინის უარების შემდეგ, ბერიამ ვლადიმერ ჯიქია მალევე ამოიღო მიზანში და მის წინააღმდეგ საქმის შეთხზვას შეუდგა.

 

მაშინ, როდესაც, ვლადიმერ ჯიქია ელექტროსადგურებს, გზებსა და სახლებს აშენებდა, 1936 წელს, მოსკოვში გამოიძახეს, სადაც სტალინს შეხვდა. საბჭოთა ლიდერს ის ადრეც იცნობდა და მისი კაბინეტიც მშვიდობიანად დატოვა. მეტიც, მოსკოვში ლენინის ორდენით დააჯილდოვეს. ბერია ამან უფრო გააღიაზიანა.

 

ვლადიმერ ჯიქია

 

 

ერთ-ერთ ჩვენებაში თინათინ სვანიძე-ჯიქიასი ყვება: „ქმრისთვის არ დამიმალავს, რომ ბერიას ჩემთან ინტიმური კავშირის დამყარება სურდა... 1935 წელს ვლადიმერი ბერიას აგარაკზე იყო მიპატიჟებული. სუფრაზე საუბრისას, ჩემმა ქმარმა ლავრენტის ზღაპარი მოუყვა, სადაც მეფე თავისი ვეზირის ცოლს ეარშიყება... ზღაპარი იმით სრულდება, რომ ვეზირმა ნადირობისას მეფე მოკლა... ამ საუბრის შესახებ მეუღლემ მიამბო, თქვა რომ ბერია მონათხრობმა ძალიან შეაშინა - შენი თაყვანისმცემელი ტილოსავით თეთრი იყოო - მითხრა ვლადიმერმა...“

 

1936 წლის ზაფხულში ვლადიმერ ჯიქია ოჯახთან ერთად კიკეთში ისვენებდა, რა დროსაც სტუმრად იმდროინდელი ცეკას მეორე მდივანი პეტრე აღნიაშვილი ეწვია. ქეიფის დროს, აღნიაშვილმა მას ბერიას სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით დალევა შესთავაზა. კარგად ნაქეიფარმა ვლადიმერ ჯიქიამ უარი განაცხადა. აღნიაშვილმა ეს ამბავი ბერიას მიუტანა...ამ საბედისწერო ვახშმიდან ძალიან მალე, ვლადიმერ ჯიქია დააპატიმრეს... მოსანახულებლად მისულ თინათინს ის უხსნიდა, რომ უდანაშაულო იყო და ყველაფერი მალე დასრულდებოდა, ამიტომაც მისი გათავისუფლების ბერიასთვის თხოვნის საჭიროება არ იყო. ამასობაში, ბერია თინათინის გულის მოგებას გამალებული ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. 1937 წელს თინათინი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და აკმოლინსკის ქალთა ბანაკში გაამწესეს. პატიმრობიდან 3 წლის შემდეგ, მან შეწყალება და შვილებთან დაბრუნების უფლება ითხოვა...

 

თინათინ სვანიძე-ჯიქიასი

 

 

ქალის უარით შეურაცხყოფილი ბერიას შურისძიება ამით არ დასრულებულა - 1940 წელს, კოლონიიდან დაბრუნებული თინათინი მოსკოვში ბერიასთნ მიიყვანეს. ახლად გათავისუფლებულ ქალს გერმანიის წინააღმდეგ აგენტურულ საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა და თანხმობის შემთხვევაში, ქმრის საქმეში დახმარებას შეპჰირდა. თინათინი დასთანხმდა.

 

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, თინათინი ბერიას შეხვდა და მეუღლის საქმე შეახსენა, რაზეც ბერია “გაეხუმრა”, რომ მას დააგვიანდა, რადგან “ვლადიმერი, როგორც ხალხის მტერი - დახვრიტეს”. ისე, როგორც 1937 წლის სხვა რეპრესირებულების საფლავები, არც ვლადიმერ ჯიქიას ძვალშესალაგის შესახებ არის ცნობილი... ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში, საბურთალოზე ერთ-ერთი ქუჩა სწორედ ცნობილი და ტრაგიკული ბედის მქონე ჰიდრომშენებლის ვლადიმერ ჯიქიას სახელობის იყო, მოგვიანებით, მას ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიანიჭეს...

 

საბჭოთა რეჟიმი არც იმ ქალების მიმართ ყოფილა შემწყნარებელი, ვინც მათ იდეოლოგიას ფარულად ებრძოდა. ბერიამ ქართველი “ტროცკისტების” ვრცელ სიაში არაერთი ქალი შეიყვანა, მათ შორის, ლიდია გასვიანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორის მოადგილე იყო. სტალინის რეჟიმმა, ის ერთ დროს ჯუღაშვილის მეგობარსა და თანაპარტიელზე, საფრანგეთში სსრკ-ს მუდმივ წარმომადგენელზე ბუდუ მდივანზე “გასასვლელად” გამოიყენა, რომელსაც განსაკუთრებით ვერ იტანდა ლავრენტი ბერია...

 

ბუდუ მდივანი 1936 წელს დააკავეს, დაკავებიდან 9 დღის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით შვილები დაუპატიმრეს. მასაც და მის ოთხ ვაჟსაც დახვრეტა მიესაჯა. ქალიშვილი - მერი კი გადასახლებაში დახვრიტეს. თურმე, სარეცხს ჰფენდა ღობის ახლოს და ზედამხედველმა დამიზნებით ესროლა.

 

 

 

ერთ დროს ომახიანი და ქეიფის მოყვარული მდივანი, რომელსაც სტალინი ხუმრობით „შეშლილსაც” ეძახდა, პატიმრობაში მართლაც სიგიჟის პირას მისული, გამომძიებლებს აცრემლებული ეხვეწებოდა, შვილებზე მითხარით რამე, მეუბნებიან რომ დახვრიტესო... ბოლოს მოლანდებები დაეწყო. მის ერთ-ერთ შვილს, ჩოგბურთის საბჭოთა ლეგენდას, საბჭოთა კავშირის 26 წლის ჩემპიონ არჩილ მდივანს, ცინიკოსმა ბერიამ გადამწყვეტი ტურნირის წინ შეუთვალა, - თუ მოიგებ, შენებს გავათავისუფლებო.

 

მოიგო, მაგრამ არავინ გაუთავისუფლებიათ... ბანკეტზე კი ვიღაცას უხსენებია ხალხის მტრის ოჯახი... ნასვამ არჩილს უთქვამს - ბუდუ მდივნის ოჯახში არც ყოფილან და არც არიან ხალხის მტრებიო... ესეც არ აპატიეს - არჩილ მდივანი იყო ერთადერთი ჩემპიონი საბჭოთა კავშირში, რომელიც დახვრიტეს. მაშინ 26 წლისა გახლდათ.

 

 

 

მდივანების ოჯახიდან სულ 9 წევრი დასაჯეს. ოჯახიდან მხოლოდ ორი ქალი დაბრუნდა გადასახლებიდან. ბუდუს ერთი ვაჟი - შალვა არ დაუპატიმრებიათ, რადგან ვერ მოასწრეს - 1933 წელს თვითმფრინავის გამოცდისას დაიღუპა... ოჯახში ამბობდნენ, რა ბედნიერი იყო შალვა, რომ ამ უბედურებებს არ მოესწროო.

 

სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორის მოადგილე ლიდია გასვიანს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. ეს გარემოება ჩინებული მომენტი იყო საბჭოთა ხელისუფლებისთვის, საბოლოოდ გასწორებოდა ქართულ ინტელიგენციას. ამიტომაც, გასვიანს დაბრალდა, რომ მას დავალებული ჰქონდა, ემუშავა ქართულ ინტელიგენციასთან შემდეგი მიმართულებით: მას უნდა მოეძებნა ისეთი პირები, რომლებიც პროპაგანდას გაუწევდნენ საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფას; ასევე, გასვიანს უნდა დაერწმუნებინა ქართველი მწერლები, რომ შეიქმნებოდა ტერორისტული ჯგუფი, რომელიც, ტერორისტულ აქტებთან ერთად, შეიარაღებულ აჯანყებაში მიიღებდა მონაწილეობას.

 

 

 

მართალია, მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოფიური ზეწოლის შედეგად, გასვიანმა ციხეში დაწერილ „ჩვენებას“ ხელი მოაწერა, თუმცა, „აღიარებამ“ ის ვერ იხსნა - საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ზედმეტი თავის ტკივილი აირიდა და 1937 წლის 25 ივნისის განაჩენით, ლიდია გასვიანს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი