logo_geo
რატომ იქცა კურდღელი აღდგომის დეკორატიულ სიმბოლოდ
- +

8 აპრილი. 2018. 11:37

 

 

კურდღელი კათოლიკური, ბაპტისტური, ანგლიკანური და პროტესტანტული სამყაროს სააღდგომო ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი დეკორაციაა.

 

აღდგომის დეკორატიულ სიმბოლოდ კურდღლის გამოყენება მე-16 – მე17 საუკუნეების გერმანიაში იღებს სათავეს. ამ პერიოდში, გერმანელებს სჯეროდათ, რომ აღდგომის ღამეს ბავშვებისთვის საჩუქრად ფერადი კვერცხები კალათით კეთილ, ჯადოსნურ თეთრ კურდღელს მიჰქონდა.

 

ლუთერანმა გერმანელებმა კურდღელი აღდგომის დღესასწაულის ნაწილად აქციეს, მე-18 საუკუნის დასაწყისიდან კი გერმანელმა ემიგრანტებმა ეს ტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში დანერგეს. დროთა განმავლობაში, კურდღელი კათოლიკური, ბაპტისტური, ანგლიკანური და პროტესტანტული სამყაროს სააღდგომო ტრადიციის ერთ-ერთ მთავარ დეკორაციად იქცა.

 

მაგრამ რატომ მაინცდამაინც კურდღელი. სანამ კურდღელი, ლეგენდის თანახმად, აღდგომის ღამით ბავშვებისთვის საჩუქრების მიტანას დაიწყებდა, ეს ცხოველი წარმართული რიტუალის ნაწილი იყო და ადრეული შუა საუკუნეების ჩრდილოეთ ევროპაში გავრცელებულ მითიურ არსებას, ქალღმერთ ოსტარას უკავშირდება.

 

ძველ გერმანულ მითოსში ნაყოფიერების ქალღმერთ ოსტარას პატივსაცემად, გაზაფხულზე დღესასწაული იმართებოდა, ოსტარას სიმბოლო კი კურდღელი იყო – ცხოველი, რომელიც ნაყოფიერებასთან ასოცირდებოდა. ამ წარმართულ დღესასწაულს გერმანიაში მე-13 საუკუნემდე აღნიშნავდნენ. ოსტარასადმი მიძღვნილ დღესასწაულზე კვერცხებს ხარშავდნენ, რაც ასევე ახალი სიცოცხლისა და ნაყოფიერების გამომხატველი რიტუალი იყო.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში სააღდგომო მისალოც ბარათებზე კურდღელი პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დახატეს. მას შემდეგ დასავლურ სამყაროში აღდგომის დღესასწაულზე, შეღებილ კვერცხებთან და პასკასთან ერთად, კურდღლის ქანდაკებაც განუყოფელი სიმბოლოა.

 

big_banner
არქივი