logo_geo
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის დაბადება
- +

16 აპრილი. 2018. 12:33

 

 

„მე მამა ვარ შენი, ჯერალდინა! მე ჩარლი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!“ – ასე სწერდა თავის გოგონას წერილში...

ჩარლი ჩაპლინმა იცოდა, რას ნიშნავდა, იყო ჩარლი ჩაპლინი და იცინო მაშინ,  როცა სულ არ გეცინება და ეს სიცილი იყოს წრფელი...

ანუ იდგე სცენაზე, თამაშობდე და არ თამაშობდე.

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ლონდონში. მისი მშობლები-მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და დედა ჰანა ჩაპლინი - მსახიობები იყვნენ. დედა სცენაზე ლილი ჰარლის სახელით გამოდიოდა, ამან განაპირობა ის, რომ ჩარლი მუსიკას და სცენას ადრეული ბავშვობიდანვე ეზიარა.

როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო, მშობლები განქორწინდნენ და ბავშვის ერთადერთი პატრონი დედა აღმოჩნდა.

მალე ჰანა ჩაპლინმა ხმა დაკარგა და სცენას დაემშვიდობა. დაიწყო წარმოუდგენელი სიღატაკე. მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინს ფსიქიკური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი დროებით მამას მიაბარეს, მაგრამ მალე ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა. განკურნებულმა ჰანამ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგაც ვერ შეძლო შვილების რჩენა და თავშესაფარს მიაშურა. ჩარლი ობოლთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

 

ჩარლი სცენაზე პირველად 1894 წელს, 5 წლის ასაკში ავიდა, როცა დედამისს მოულოდნელად ხმა წაერთვა სიმღერის დროს. პატარა ჩარლის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა და იხსნა წარმოდგენა ჩავარდნისაგან.

ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველად, მხერხავებთან, ექიმის დამხმარედ, დამლაგებლად - თუმცა ასაკის გამო, ყველგან დროებით.

ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება, გამართულად კითხვაც კი არ შეეძლო. სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა.

16 წლის ასაკში ჩარლი ვიოლინომ გაიტაცა და რეგულარულ მეცადინეობას მოჰკიდა ხელი, ხანდახან დღეში 16 საათის განმავლობაშიც კი. დამხმარე გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა.

 

1908 წლიდან დაიწყო ჩარლის სამსახიობო კარიერა - მან მსახიობის როლი მიიღო ფრედ კარნოს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება მაკ სენეტი.

ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში, „კისტოუნში“ გადასაღებად. ჩარლის პირველი ფილმი იყო „ცხოვრების სახსარი“.

 

მალევე ჩარლი თავს ანებებს „კისტოუნს“ და გადადის „ესენეის სტუდიაში“.

ცხოვრების მანძილზე, ჩაპლინმა მიიღო კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო.

2009 წელს ჩარლი ჩაპლინის ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნა დამატებული ეროვნული ფილმების რეესტრში: „ემიგრანტი“ (1917), „ოქროს ციებ-ცხელება“ (1925), „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“ (1931), „ახალი დროება“ (1936), და „დიდი დიქტატორი“ (1940).  შრომას შედეგი მოჰყვა და შედეგს წარმატება....

მაგრამ პირადი ცხოვრება არცთუ ისე დალაგებული ჰქონდა...

ოთხი ქორწინება და ათი შვილი.

პირველ ქორწინებას ტრაგედია მოჰყვა - მათმა პირმშომ მხოლოდ სამ დღეს იცოცხლა.

1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი „ჩაპლინი“ (გადაღებული 1992 წელს)ю

ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს, შვეიცარიაში, თავის სახლში, ვევეში.

 

1889 წლის 16 აპრილს კი ის დაიბადა....

 

 

 

 

big_banner
არქივი