logo_geo
„გიგანტების ქვაფენილის“ წარმოქმნის საიდუმლო ამოხსნილია
- +

16 აპრილი. 2018. 19:36

 

 

ჩრდილოეთ ირლანდიაში კლდის უჩვეულო და უცნაური ფორმაციები, ე. წ. გიგანტების ქვაფენილი, საუკუნეებია, მრავალ მნახველს იზიდავს. პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ხელახლა შექმნეს ქიმიური პროცესები, რომელთა შედეგადაც უნდა წარმოქმნილიყო კლდის გეომეტრიული სვეტების ეს საუცხოო სილამაზე.

 

გიგანტების ქვაფენილი მოიცავს ერთმანეთზე გადაჭდობილ დაახლოებით 40 000 ბაზალტის სვეტს და ერთგვარ ბილიკს წააგავს. ირლანდიური მითოლოგიის მიხედვით, იგი წარმოქმნიდა ხიდს ირლანდიასა და შოტლანდიას შორის, რომელზეც გიგანტები დადიოდნენ. ბაზალტის ასეთი სვეტები მსოფლიოში სხვაგანაც არის, მაგალითად, გილბერტის ბორცვი მუმბაიში და სვარტიფოსის ჩანჩქერი ისლანდიაში.

 

საინტერესოა, როგორ წარმოიქმნა ეს უჩვეულო ფორმაციები? ამის გასარკვევად, ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფმა კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, ხელახლა შექმნეს ქიმიური პროცესები. ისლანდიის სვეტებიდან აღებული ბაზალტის ნიმუშები მათ 1000 გრადუს ცელსიუსზე გააცხელეს. ამ ტემპერატურაზე ბაზალტი გამდნარ ლავად გადაიქცა.

 

 

გადნობისთანავე ბაზალტი მექანიკურ წნეხში მოათავსეს. გაციებისას და კვლავ ბაზალტად გადაქცევისას, წარმოქმნა დაიწყო გეომეტრიულმა ფორმებმა.

 

მაგმა კლდედ გადაიქცევა 980 გრადუს ცელსიუსზე. როდესაც გაცხელებული ქანების ტემპერატურა 90-140 გრადუსამდე დაეცა, მან დამსხვრევა დაიწყო.

 

შესაბამისად, მკვლევრებს უკვე აქვთ საკმაოდ კარგი მოსაზრება, როგორ შეიძლებოდა დაწყებულიყო გიგანტთა ქვაფენილის წარმოქმნა 50-60 მილიონი წლის წინ.

 

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, გეოლოგიის სამყარო ამაოდ ცდილობდა განესაზღვრა ტემპერატურა, რომელზე გაციებისას მაგმა ასეთი ფორმაციების წარმოქმნას იწყებდა. გვსურდა გაგვერკვია, ტემპერატურა, რომელზეც მაგმა დამსხვრევას იწყებდა, ცხელი იყო, თბილი თუ ცივი. ამჯერად, ახალი კვლევის წყალობით, უკვე გვაქვს პასუხი - ეს გახლავთ ცხელი ლავა, მაგრამ გამკვრივების შემდეგ“, - ნათქვამია მკვლევართა განცხადებაში.

 

 

გაცივების იმ წერტილის გარკვევა, რომელზეც მაგმა დამსხვრევას იწყებს, მხოლოდ თვალწარმტაცი გეომეტრიული ფიგურების წარმოქმნის საიდუმლოს პასუხი როდია. ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად, ვულკანთა მოქმედების პრინციპის გასარკვევადაც.

 

მკვლევართა თქმით, ეს ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან განაპირობებს სითხის ცირკულაციას დამსხვრეულ ქსელში. სითხის ნაკადი კი ვულკანურ სისტემაში აკონტროლებს სიცხის გადაცემას, რისი გამოყენებაც შესაძლებელია გეოთერმული ენერგიის წარმოებისთვის. შესაბამისად, კვლევას მნიშვნელობა აქვს როგორც ვულკანოლოგიური, ისე გეოთერმული კვლევებისთვის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი