logo_geo
თენგიზ არჩვაძე: რამდენჯერ მინახავს ჩემი სკოლის დირექტორი თვალცრემლიანი და გახარებული
- +

17 აპრილი. 2018. 19:54

 

 

ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბავშვობას იხსენებს:

 

„თბილისში დავიბადე, მამაჩემიც და ბაბუაჩემიც თბილისში ცხოვრობდნენ.

 

თბილისის ერთ-ერთ ძველ და კოლორიტულ უბანში, „ვორონცოვზე“ ვცხოვრობდით, სადაც თითქმის ოცდაათი წელი გავატარე. ახლაც დიდი სიყვარულით მახსენდება ჩემი ძველი სახლი, პატარა “იტალიური” ეზო, ერთ ოჯახად მცხოვრები ქართველები, ებრაელები, სომხები ერთმანეთის ჭირისა და სიხარულის გამზიარებლები იყვნენ. ერთი სტუმარი, ყველას სტუმრად ითვლებოდა. საოცარი სითბო და სიყვარული სუფევდა ჩვენს ეზოში.

 

​ბავშვობა უბედნიერესი ხანაა!

მე გულჩათხრობილი ბავშვი გახლდით, მეოცნებე… ჩხუბი და დავიდარაბა არასოდეს მყვარებია. მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, გეოგრაფიაც მიყვარდა, აი, ტექნიკურ საგნებს კი ნაკლებად ვწყალობდი.

 

ხატვა ჩემი სერიოზული გატაცება იყო. ვხატავდი ცარცით, ნახშირით, რაც მომხვდებოდა ხელთ, სადაც მომიწევდა, – ყველგან და ყველაფერზე. ხატვის სიყვარული არასოდეს გამნელებია. ავიკიდებდი მოლბერტს და ვხატავდი წყნეთის, უძოს, კოჯრის პეიზაჟებს.

 

პიონერთა სასახლეში ხატვის წრეზე დავდიოდი. იქვე დრამწრეც იყო. მე და ჩემმა მეგობარმა გურამ მაცხონაშვილმა (შემდგომში თეატრის რეჟისორმა) დრამწრეში შესვლა გადავწყვიტეთ. იქ ისეთი ბრწყინვალე პედაგოგები – და საერთოდ ქართველები – ასწავლიდნენ, როგორებიც იყვნენ ვახტანგ სულაქველიძე და ნოდარ ჩხეიძე. ისინი არამარტო მსახიობად, არამედ ქართველებად და მეგობრებად გვზრდიდნენ. მოწიფულობაში ბატონი ვახტანგი და ნოდარი ჭეშმარიტ უფროს მეგობრებად მექცნენ.

 

ჩემთან ერთად პიონერთა სასახლის დრამწრეში ფეხი აიდგეს ზინა კვერენჩხილაძემ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა, რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე კი იქ დაგვხვდნენ (რამაზი და გურამი ჩემზე 4-5 წლით უფროსები არიან).

 

ნორჩ მსახიობთა თეატრში ჩემი პირველი როლი „აჩაკუნე“ იყო პიესა „პატარა მეგობრებში“.

 

ზაფხულობით პედაგოგებს ჩვენი დრამწრის წევრები ქვიშხეთში, “ბერიას” ბანაკში მიჰყავდათ. ეს ერთი დიდი ოჯახი იყო. პიონერთა სასახლეს უკავშირდება ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები. სწორედ დრამწრე იყო იმის მიზეზი, რომ მეცხრეკლასელი სკოლიდან ქუჩაში გამიძახეს. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემს გატაცებას არასერიოზულად უყურებდნენ და გაკვეთილებს რომ ვაცდენდი, გამოუსწორებელ ყალთაბანდად მთვლიდნენ. მერე, იცოცხლეთ, მსახიობის გზას რომ სერიოზულად გავყევი, ვინ იცის, რამდენი სპექტაკლის შემდეგ დამხვედრია თეატრის გამოსასვლელთან ჩემი სკოლის დირექტორი, თვალცრემლიანი და გახარებული.

 

...სხვათა შორის, მე ჯერ ინსტიტუტში მომცეს დიპლომი, სკოლის ატესტატი კი მხოლოდ ამის შემდეგ მიბოძეს“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი