logo_geo
როგორ იქმნებოდა ფილმი „როცა აყვავდა ნუში“ ...
- +

18 აპრილი. 2018. 12:36

 

 

ნუშის ყვავილობის პერიოდი დგება. ჰაერში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, მზე გეალერსება და მოაბიჯებ რომანტიკულ ფიქრებსა და ოცნებებში გზააბნეული... ამ დროს, გია ყანჩელის ჰანგები გახსენდება, მერე - ის კადრი, ველოსიპედით როგორ მოსეირნობენ ამ ჰანგის ფონზე თინა ვარდანაშვილი და ზურა ყიფშიძე...

უკვე 46 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანზე გამოვიდა ლანა ღოღობერიძის „როცა აყვავდა ნუში“, ფილმი, რომელიც თავიდანვე შეიყვარა მაყურებელმა და რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალურობას... როგორც ვიცი, ეკა მაღალაშვილისთვის, რომელმაც ფილმში თავისი მოსახელე პერსონაჟი განასახიერა, ეს როლი ერთადერთია - მან პროფესიად მხატვრობა აირჩია. ჩვენს ინტერვიუში ქალბატონი ეკა თავისი ცხოვრების ყველაზე ლამაზ პერიოდზე გვიამბობს და იხსენებს, თუ რა ხდებოდა ნუშის ყვავილობის პერიოდში.

- ეს ყველაფერი იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ხანდახან მგონია, სხვა ცხოვრებაში ხდებოდა. ფილმში 15 წლის ვარ. რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დედას მეგობარი იყო, შვილებიც ვმეგობრობდით. თავიდანვე ვიცოდი, რომ სცენარი იწერებოდა და ისიც, რომ ერთ-ერთ პერსონაჟად პუტკუნა, გულუბრყვილო და ცოტა სასაცილო ტიპაჟს ეძებდნენ. ასეთი ორი ვყავდით. გაგვგზავნეს სინჯებზე და რატომღაც, მე ამარჩიეს. დღეს რომ ვუყურებ, სულაც არ მეჩვენება, რომ პუტკუნა ვარ. წონის პრობლემა არ მაწუხებდა, მაგრამ გარდამავალ ასაკში შესამჩნევად მოვსუქდი. ამის გამო დედა სულ მეუბნებოდა: „ეკა, ნუ ჭამ! დიეტურად იკვებე!“ გადაღებები რომ დაიწყო, აღმოჩნდა, რომ არც ისეთი მსუქანი ვიყავი, როგორიც ფილმისთვის სჭირდებოდათ, ამიტომ დედაც და ქალბატონი ლანაც დამდევდნენ: ეკა, ჭამე! ეკა, ჭამეო!

ხომ იცით, თბილისი პატარა ქალაქია, ამიტომ გადაღების დაწყებამდე, ფილმის თითქმის ყველა მსახიობი ერთმანეთს ვიცნობდით: ზოგი ჩემი სკოლელი იყო, ზოგი უბნელი, ზოგიც მეგობრის მეგობარი: გოგა ფიფიაც, ზურა ყიფშიძეც (რომელიც 2-3 წლითაა ჩემზე უფროსი) და თინა ვარდანაშვილიც. თუმცა, გადაღებისას ძალიან დავახლოვდით.

- გადაღებები სად მიმდინარეობდა?

- ფილმის დიდი ნაწილი ბიჭვინთაში გადავიღეთ. როგორც მახსოვს, იქ გახსნილი კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი სახლის ერთ-ერთი პირველი ბინადრები ვიყავით და მთავარ ბირთვსაც ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი წარმოვადგენდით. 24 დღე გავატარეთ იქ.

- განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ფილმიდან ცეკვის სცენა, ზღვის სანაპიროზე.

- კინემატოგრაფისტთა შემოქმედებით სახლში, ზედა სართულზე ბარი იყო, რომელიც საღამოს 8-დან 11 საათამდე მუშაობდა. ახალგაზრდები საღამოობით, ყოველთვის იქ ვიყრიდით თავს. სადაც ჩვენ ვიყავით, იქვე ტრიალებდნენ უფროსებიც. 8 საათზე რომ ჩავართვევინებდით ხოლმე მუსიკას და ავცეკვდებოდით, არ ვჩერდებოდით 11-მდე. გოგა არაჩვეულებრივად ცეკვავდა, მეც მოძრავი ბავშვი ვიყავი, სულ ციბრუტივით ვტრიალებდი. ქალბატონი ლანა, ზაირა არსენიშვილი (სცენარის ავტორი), ოპერატორები შემოგვარტყამდნენ წრეს და როგორც კინოს უყურებენ, ისე ადევნებდნენ თვალს ჩვენს ცეკვას. არ გამოვრიცხავ, რომ იდეა ჩვენი ცეკვის ფილმში გამოყენებისა სწორედ მაშინ გაჩნდა. ალბათ ასე გულუბრყვილოდ, წრფელად, უდარდელად მას შემდეგ არც მიცეკვია.

- როგორი რეაქცია გქონდათ, როდესაც ფილმი ეკრანებზე გამოვიდა?

- მომწონდა და მიხაროდა. ახალგაზრდობაში, ხომ იცით, როგორაა, ცოტა მსუბუქად ვუყურებდი ამ ამბავს. თუმცა, ძალიან მსიამოვნებდა პოპულარობა. ყველა, ვინც კი მხვდებოდა, მეუბნებოდა: უიმე, შენ ის არ ხარ, ეკას რომ თამაშობსო? ვარსკვლავური შეგრძნობა მიპყრობდა, მაგრამ წონასწორობა არ დამიკარგავს. მიხარია, რომ ერთადერთ ფილმში ვითამაშე და ისიც ასეთ კარგში.

ჩემთვის ყველაზე საყვარელი და არაჩვეულებრივი კადრია, ლიკა ქავ­ჟარაძე რომ მოდის ნუშის რტოთი ხელში - მართლა როგორც გაზაფხული, ისეთია.

- ამ ფილმმა თქვენს პროფესიულ არჩევანზე არ იქონია გავლენა...

- არა, მსახიობობაზე არც მიოცნებია. თუმცა, კინოსგან შორს მაინც არ წავედი. დაახლოებით იმავე სფეროში დავრჩი. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ბევრი წლის განმავლობაში, კინოში ვმუშაობდი მხატვრად. დღესდღეობით ერთი კონკრეტული სამსახური არ მაქვს, ბევრგან და პერიოდულად ვმუშაობ. ოჯახს რაც შეეხება - განქორწინებული ვარ და ერთი გოგონა მყავს, რომელიც უკვე 27 წლისაა... ჩემს შვილს, მარადიას ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა ფილმის ნახვისას. მერე, დრო რომ გავიდა, ეტყობა, სულ სხვანაირი თვალით უყურა და ერთ მშვენიერ დღეს, შინ მოსულს ემოციებით შემეგება. იცი, ის ფილმი ვნახე, ძალიან მომეწონა, როგორი საყვარელი ხარო, - სიცილით მეუბნებოდა. დრო გადის, მაგრამ ახალგაზრდული პრობლემები სულ არ მოძველებულა, მართლა მარადიულია პრობლემა, რომელზეც ფილმი მოგვითხრობს. ამიტომაც დაიმკვიდრა ადგილი თაობებში. დღესაც აქტუალურია გავლენიანი, ყოვლისშემძლე მამების დამოკიდებულება შვილებისადმი. არადა, რა სასაცილოა, თავის დროზე „საბჭოთა ხელოვნება“ წერდა: ეს ფილმი ცარისტულ იდეებს ქადაგებს, მამებისა და შვილების დაპირისპირების შესახებო...

სხვათა შორის, თავდაპირველად, ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ „როცა აყვდავდა ნუში“ მოთხილამურეებზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთ ადამიანს მოეჩვენა, რომ ფილმის სიუჟეტი მის ცხოვრებას ჰგავდა და ამას იმხელა ამბავი მოჰყვა, რომ ქალბატონი ლანა იძულებული გახდა, სპორტის სახეობა შეეცვალა და სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირა ფილმი ველოსპორტს.

- რას ნიშნავს თქვენთვის ეს ფილმი?

- თითქოს რეალურადაც არ იყო, ის ლამაზი დღეები კარგი სიზმარივით მახსენდება. ბევრი რამ შეიცვალა: მომხიბვლელი და საყვარელი თინა ვარდანაშვილი დღეს ჩვენ გვერდით აღარაა, ისევე, როგორც კეთილშობილებასთან და სისადავესთან ასოცირებული გოგა ფიფია, ხოლო ზურა ყიფშიძე უკვე ბაბუაა... მართლაც, რა დრო გასულა ნუშის ყვავილობის ასაკიდან დღემდე.

იმდენად შორს არის ფილმის ეკა, დღევანდელ ეკა მაღალაშვილისგან, რომ ხანდახან მავიწყდება, ის მე თუ ვარ. დროდადრო ეკრანზე მოვკრავ თვალს ფილმის კადრებს და უცნაური სითბო მეღვრება გულში... სანაპირო, ზღვა, ცურვა ზღვაში, სეირნობა ველოსიპედით - ეს ყველაფერი ერთად მართლა რაღაც დაკარგულის ასოციაციას იწვევს. დავდივარ, ვწუხვარ და მენანება - ამაზე შეიძლება ვთქვათო, - ნამდვილად არაჩვეულებრივი შედარება გააკეთა ლანა ღოღობერიძემ. უფრო ლამაზად ვერც გადმოსცემ ამ განცდას, რომელიც ასე შორი და ამავე დროს, ამდენად ახლობელია ჩემთვის.

 

ეკა სალაღაია

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი