logo_geo
მეტეორიტში ნაპოვნი ალმასები მზის სისტემის დაკარგულ პლანეტას ეკუთვნის
- +

18 აპრილი. 2018. 21:02

 

 

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ მეტეორიტში ნაპოვნი ალმასები სათავეს იმ დაკარგულ პლანეტაზე უნდა იღებდეს, რომელიც მზის სისტემის გარიჟრაჟზე უნდა არსებულიყო.

 

ამ გასაოცარი აღმოჩენის წყალობით, შესაძლოა, პასუხი გავცეთ ასტრონომიის ერთ-ერთ უმთავრეს კითხვებს პლანეტათა წარმოშობის შესახებ.

 

ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის მკვლევართა განცხადებით, ასტეროიდი სახელად ალმაჰატა-სიტა წარმოქმნილია ისეთი წნევის ქვეშ, რომელიც დამახასიათებელი იყო ადრეული მზის სისტემის პროტოპლანეტებისათვის. ამ ობიექტის ტექნიკური სახელწოდებაა 2008 TC3 და ის 2008 წელს, სუდანში, ნუბიის უდაბნოში ჩამოვარდა.

 

პლანეტათა წარმოშობის მრავალი დეტალი იდუმალებითაა მოცული, თუმცა ჩვენი მზის სისტემისა და ეგზოპლანეტათა შესწავლის კვალდაკვალ, გარკვეული წარმოდგენა ასე თუ ისე, უკვე გვაქვს.

 

ყველაფერი ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო გაწოლილი პროტოპლანეტური დისკოს მტვრის მარცვლებში იწყება. ელექტროსტატიკური ძალების წყალობით, მარცვლები ერთმანეთთან შეწებებას იწყებს.

 

თუკი მტვრის საკმარისი ნაწილაკები დროთა განმავლობაში აკუმულირდება და წარმოიქმნება შეჯგუფებები, ამის შემდეგ კი საკმარისი ოდენობის ასეთი შეჯგუფებები შეეჯახება და შეერწყმება ერთმანეთს, თანაც ხშირად და მაღალი სიჩქარით, ეს ყველაფერი გრავიტაციულად კოლაფსირდება და გადაიქცევა უფრო დიდ, 1-10 კმ სიგანის სხეულად. ასეთ სხეულებს პლანეტოშენადედები ეწოდება.

 

პლანეტოშენადედთა უმტესობა ამ ზომის რჩება. მაგრამ ზოგიერთი მათგანი, თავიანთ გრავიტაციული ველისა და ექსცენტრიული ორბიტების წყალობით, ერთმანეთს ეჯახებიან და ერთიანდებიან. ხშირად ეს პროცესი ძალიან მაღალი სიჩქარით ხდება და თანდათან, წარმოიქმნება მთვარის, ანდაც მარსის ზომის ობიექტები, რომლებსაც გამდნარი ბირთვი აქვთ.

 

მათ პროტოპლანეტებს, ანუ „ემბრიონულ“ პლანეტებს უწოდებენ. ადრეულ მზის სისტემაში ასობით ასეთი ობიექტი იყო.

 

დროთა განმავლობაში, ისინი გამუდმებით ეჯახებიან ერთმანეთს, სანამ საბოლოოდ არ წარმოიქმნება გაცილებით დიდი მასის მქონე სხეულები, რომლებსაც დღეს პლანეტებს ვუწოდებთ.

 

ასტრონომები დარწმუნებული არიან, რომ მზის სისტემაში დღეს მოლივლივე ასტეროიდები სწორედ იმ პერიოდის ნარჩენებია, როცა გამუდმებული შეჯახებების შედეგად ნამსხვრევები უკან, კოსმოსში გაიფანტებოდა.

 

ალმაჰატა-სიტა განსაკუთრებით იშვიათი შემთხვევაა. ის არის მეტეორიტი, რომელიც ერთ დროს სივრცეში მოხეტიალე ასტეროიდის შემადგენელი ნაწილი ყოფილა. ეს ასტეროიდი შემდეგ დედამიწას შეეჯახა.

 

მაგრამ ალმაჰატა-სიტა მხოლოდ ამ ფაქტის გამო როდია განსაკუთრებული. გაირკვა, რომ ის მეტეორიტთა უიშვიათეს ტიპს — ურელიტებს მიეკუთვნება. ქვის მეტეორიტებისგან განსხვავებით, ურელიტებს უჩვეულო შემადგენლობა აქვთ, რადგან შეიცავენ საკმაოდ ბევრ ნახშირბადს ნანოალმასების სახით.

 

არსებობს ურელიტების წარმოქმნის სამი მოდელი: ნახშირბადის ალმასად გარდაქმნის შოკური გზა სწრაფი შეჯახების შედეგად; ქიმიური ორთქლის დალექვა მზის ნისლეულში; და სტატიკური მაღალი წნევა დიდ სხეულს შიგნით, მაგალითად პროტოპლანეტაში.

 

თუმცა, ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა რაიმე მტკიცებულების პოვნა, რომელიც ამ რომელიმე მეთოდზე მიუთითებდა.

 

მკვლევართა ჯგუფმა, პლანეტარულ მეცნიერ ფარჰანგ ნაბიეის ხელმძღვანელობით, მეტეორიტში არსებული ალმასები შეისწავლა და აღმოაჩინა შედარებით დიდი, 100 მიკრომეტრამდე ინდივიდუალური ალმასები, რომლებიც შეჯახების შედეგად ვერ წარმოიქმნებოდა, რადგან ასეთი შეჯახებები იმდენად ცოტა ხანს გრძელდება, რომ შეუძლებელია ამ ზომის ალმასების წარმოქმნა.

 

მკვლევართა აზრით, ამ ზომის კრისტალებს ვერ წარმოქმნიდა ვერც ქიმიური ორთქლის დალექვა (დეპონირება). რჩება მხოლოდ სტატიკური მაღალი წნევის მეთოდი.

 

კიდევ ერთი საოცარი დეტალი ალმასების შესახებ ისაა, რომ ხშირად, წარმოქმნის პროცესში, მათში ჩაიჭედება იმ გარემოში არსებული მინერალები. ტრანსმისიური ელექტრონული მიკროსკოპისა და ელექტრონული ენერგიის დაკარგვის სპექტროსკოპის გამოყენებით, ჯგუფი შეეცადა გაერკვია, თუ რა მინერალები იყო ჩაჭედილი ალმაჰატა-სიტას ალმასებში.

 

შედეგად, მათ აღმოაჩინეს ალმასში ჩაჭედილი ქრომიტი, ფოსფატები და რკინა-ნიკელის სულფიდი. ასეთი შემადგენლობა და მორფოლოგია კი უნდა წარმოქმნილიყო მხოლოდ 20 გიგაპასკალზე მეტი წნევის ქვეშ, რაც 200 000-ჯერ აღემატება ზღვის დონეზე არსებულ ატმოსფერულ წნევას.

 

აქ, დედამიწაზე, ალმასების უმეტესობა წარმოქმნილია მხოლოდ 4,5 გიგაპასკალი წნევის ქვეშ. როგორც ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, ალმაჰატა-სიტაში ჩაჭედილი ალმასები წარმოქმნილია მერკურიდან მარსის ზომამდე პროტოპლანეტაში.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ეს გახლავთ პირველი პირდაპირი მტკიცებულება არსებული და შემდეგ გაუჩინარებული მოზრდილი სხეულისა, მათ არსებობას ადრეულ მზის სისტემაში, ნათლად მიუთითებდა პლანეტათა ფორმაციის მოდელები“, — წერია კვლევაში.

 

მეცნიერთა განცხადებით, მარსის ზომის სხეულები საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ შეჯახებათა შედეგად მათ ან უფრო დიდი პლანეტები წარმოქმნეს, ან მზეს შეეჯახნენ და შთაინთქმნენ, ანდაც საერთოდ გაიტყორცნენ მზის სისტემიდან.

 

„ეს კვლევა გვთავაზობს სარწმუნო მტკიცებულებას, რომ ურელიტების მშობელი სხეული ერთი დიდი, „დაკარგული“ პლანეტა იყო, რომელიც შეჯახებათა შედეგად დაიმსხვრა“, — წერია დოკუმენტში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი