logo_geo
10 სახელმწიფო, რომლებიც პლანეტის სიმდიდრის 2/3-ს განკარგავს
- +

21 აპრილი. 2018. 17:30

 

პირველი სახელმწიფო, რომელმაც $20 ტრლნ-იანი ნიშნული უკან მოიტოვა, შეერთებული შტატებია. საუბარია მშპ-ზე, 2018 წელს პლანეტის უმდიდრესი ქვეყნის ეკონომიკამ 20.4 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

 

საშუალო ამერიკელის შემოსავალი წელიწადში $61 000-ს აღემატება. დედამიწაზე ყველას რომ ამდენი შემოსავალი ჰქონდეს, პლანეტის ეკონომიკა 460 ტრილიონ დოლარზე მეტი იქნებოდა, საქართველოსი კი 225 მილიარდი. შეერთებულ შტატებში ყველა იმ პროდუქტისა და მომსახურების საბოლოო ღირებულება, რაც 1 წლის მანძილზე იწარმოება, საკმარისი იქნებოდა 13 600 „ბურჯ ხალიფას“ ასაგებად, ოლიმპიური თამაშების 2000-ჯერ ჩასატარებლად, პლანეტის ყველა მცხოვრებისთვის ლეპტოპის, სმარტფონისა და ველოსიპედის შესაძენად. სამხედრო სიძლიერით, ეკონომიკითა და პოლიტიკური გავლენით აშშ უპირობო ლიდერია. მისი მხოლოდ ერთი ქალაქის, ნიუ-იორკის ეკონომიკის მოცულობა მთელი რუსეთისას აღემატება.

 

 

 

სიდიდით მეორე ეკონომიკა ჩინეთს აქვს. $14 ტრლნ-ით ის ბევრად უფრო ახლოს პირველ ადგილზე მყოფ ამერიკასთანაა, ვიდრე მესამეადგილოსან იაპონიასთან. წელს უკვე 40 წელი სრულდება, რაც ჩინეთი რეფორმების გზას ადგას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა მინუსში არასდროს გასულა, არც 1981 წლის საბანკო კრიზისის დროს, არც 1997 წლის აზიისა და არც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისების დროს. 2015 წელს ჩინეთმა PPP დათვლით შეერთებულ შტატებსაც კი გაასწრო. მოსახლეობით #1 სახელმწიფო პირველია ექსპორტის მაჩვენებლით $2.2 ტრლნ და ასევე დადებითი სავაჭრო ბალანსით $500 მლრდ. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთის მშპ 6.8%-ით გაიზრდა, რაც ამ ზომის ეკონომიკისთვის უჩვეულოდ მაღალია.

 

 

იაპონია, რომელიც 1972-2009 წლებში მეორე ადგილს იკავებდა, ახლა სამეულს ასრულებს. მისი ეკონომიკაც 1978 წლიდან მოყოლებული 13-ნიშნა რიცხვით იზომება. 1978 წელს, როდესაც იაპონიის მშპ-მ ტრილიონდოლარიან ზღვარს პირველად გადააჭარბა, ჩინეთის ეკონომიკა $150 მლრდ-საც ვერ აღწევდა. დღეს იაპონია ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული სახელმწიფოა. თუმცა ტერიტორიული სიმცირე და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადებული შეთანხმება, რომელიც მას ბირთული იარაღის ქონას უკრძალავს, ზესახელმწიფოებრიობის ამბიციებს გაღვივების საშუალებას არ აძლევს.

 

 

„ევროპის ძრავად“ წოდებული გერმანია, ევროპაში პირველია, მსოფლიოში კი მეოთხე. 82 მილიონი ადამიანი მომსახურების სფეროდან და ინდუსტრიიდან წელიწადში $4.2 ტრლნ-ს პროდუქტს ქმნის. ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის ფინანსური ცენტრი ლონდონიდან ფრანკფურტში გადაინაცვლებს. მთელ ევროკავშირში ბრექსიტის დასრულების შემდეგ ბერლინის პოზიციაზე უფრო მეტი რამ გახდება დამოკიდებული. გერმანიას იაპონიის მსგავსად ბირთული იარაღის ქონა არ შეუძლია. ის ასევე ერიდება საომარ კამპანიებში და სამხედრო ოპერაციებში აქტიურად ჩაბმას. როდესაც აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის კოალიციურმა ჯარებმა სირიის ქიმიური იარაღის ლაბორატორიებზე იერიში მიიტანეს, გერმანიამ მხოლოდ სიტყვიერად დაუჭირა მათ მხარი. რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებშიც უფრო ლოიალურია.

 

 

მეხუთე ადგილის დასაკავებლად ერთდროულად 2 სახელმწიფო იბრძვის - ძველი მეტოქეები ბრიტანეთი და საფრანგეთი. ბოლო წლების განმავლობაში ამ პოზიციას მორიგეობით იკავებენ. ამჯერად მცირე უპირატესობა ბრიტანეთს გააჩნია. მისი მშპ $2.94 ტრლნ-ს უდრის, საფრაგეთის კი $2.84-ს. ბრექსიტის დასრულების შემდეგ ეს უპირატესობა შესაძლოა გაიზარდოს.

 

მათ გარდა ათეულში ასევე შედის: ინდოეთი, იტალია, ბრაზილია და კანადა. 10 სახელმწიფო მსოფლიო ეკონომიკის 2/3-ს ფლობს. 1 სულ მოსახლეზე გათვლით კი შედარებით პატარა ან ძალიან პატარა ქვეყნები ლიდერობენ, ისეთები, როგორებიცაა, ყატარი, ემირატები, სინგაპური, მაკაო, ლუქსემბურგი, მონაკო, ნორვეგია, ირლანდია, შვეიცარია...

 

 

 

 

წყარო: m2b.ge

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი