logo_geo
„როგორც კი გაიგეს, რომ გოგონა ბორდელში ცხოვრობდა, სკოლიდან გარიცხეს..." - ბავშვი, რომელიც დიდ მომღერლად იქცა!
- +

24 აპრილი. 2018. 22:43

 

 

ედიტ ჯოვანა გასიონი ქუჩაში დაიბადა. გადმოცემით, 1915 წლის სუსხიანი დეკემბრის ღამეს, პოლიციელს, რომელიც უბნის პატრულირებას ახდენდა, ყვირილი შემოესმა. ადგილზე მისვლისას მან მშობიარე ქალი აღმოაჩინა. ახალშობილი დედამ პოლიციელის ლაბადაში შეახვია და ედიტი დაარქვა. მალე გოგონას მამა, ლუი გასიონი, ომში წაიყვანეს. თავქარიანმა დედამ კი, რომელიც მოხეტიალე ცირკის აკრობატი იყო, გოგონა ალკოჰოლზე დამოკიდებულ მშობლებს მისცა. მათ შვილიშვილის აღზრდაზე თავიანთი წარმოდგენა ჰქონდათ, ბავშვს სიბინძურეში ამყოფებდნენ და ღვინოს ასმევდნენ. გულწრფელად სჯეროდათ, რომ ამით ის გაძლიერდებოდა და მომავალში ცხოვრების სირთულეებს შეებრძოლებოდა.

 

როდესაც ედიტის სანახავად მამამისი მივიდა და ჭუჭყიანი, გამხდარი, ძონძებში გახვეული დაინახა, თავზარი დაეცა. მან წამსვე ხელი მოჰკიდა შვილს და თავის დედასთან წაიყვანა. ლუის დედა ბორდელის მეპატრონე იყო.

 

მეძავებმა ოთხი წლის ედიტი ძალიან თბილად მიიღეს და მზრუნველობას არ აკლებდნენ. მათ გარემოცვაში გოგონა ბედნიერი იყო. მაგრამ ერთი თვის შემდეგ გარშემო მყოფებმა შეამჩნიეს, რომ გოგონა ვერ ხედავდა. დრო გადიოდა. ედიტს შვიდი წელი შეუსრულდა, მაგრამ მას კაშკაშა სინათლის დანახვაც არ შეეძლო. ბორდელის გოგონებმა გადაწყვიტეს, რომ ედიტს მხოლოდ ღვთაებრივი ძალები დაეხმარებოდნენ და ლოცვა დაიწყეს. მოხდა სასწაული: ერთი კვირის შემდეგ 1921 წლის 25 აგვისტოს გოგონას მხედველობა აღუდგა.

 

გახარებულმა ბებიამ ედიტი სკოლაში მიიყვანა, მაგრამ იქ როგორც კი გაიგეს, რომ გოგონა ბორდელში ცხოვრობდა, სკოლიდან გარიცხეს და ლუის მოსთხოვეს, ბავშვი თავისთან წაეყვანა. მას შემდეგ პატარა ედიტი მთელ დღეებს მამასთან ქუჩაში ატარებდა და პურის ფულს მაღალი, ჟღერადი ხმით შოულობდა.

 

როდესაც გოგონას 15 წელი შეუსრულდა, გადაწყვიტა, მამისგან წასულიყო და დამოუკიდებელი ცხოვრება დაეწყო. გაბედულმა ედიტმა, ნახევარდა სიმონასთან ერთად, იაფფასიანი სასტუმროს ნომერი დაიქირავა. ის ფულს კვლავ ქუჩაში სიმღერით შოულობდა.

 

როდესაც 17 წლის ედიტ გასიონს ქალიშვილი გაუჩნდა, დებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვის დამოუკიდებლად გაზრდას შეძლებდნენ. გოგონა ავადმყოფი და სუსტი იყო. ორი წლის შემდეგ ის ავად გახდა და მოკვდა. საწყალი ბავშვი რომ დაესაფლავებინათ, ედიტი ქუჩაში ფულის საშოვნელად გამოვიდა. ამბობენ, რომ სწორედ ამ მძიმე დღეს მასთან მივიდა კარგად ჩაცმული მამაკაცი და ჰკითხა, რატომ აკეთებდა ამას. ედიტი მას თავის ტრაგედიაზე მოუყვა. მამაკაცმა საფულედან მსხვილი ბანკნოტები ამოიღო და ედიტს მისცა.

ცხოვრება გრძელდებოდა. ედიტი კვლავ ქუჩაში მღეროდა. საღამოობით გამომუშავებულ ფულს მეგობრებთან ხარჯავდა, სახლში ახალი საყვარლები მიჰყავდა, რომელთა სახელებიც ხშირად დილით აღარ ახსოვდა. ერთხელ კი გამხდარი გოგონა ცნობილი ღამის კლუბის მეპატრონემ შეამჩნია.

 

ლუი ლეპლე ედიტის მფარველი გახდა. მან გოგონა სცენაზე გამოიყვანა და პიაფი დაარქვა. ლუი მის აღზრდასა და ცხოვრების დალაგებას შეუდგა. გოგონა ვერ ხვდებოდა, ლუი ასეთი მზრუნველობის სანაცვლოდ მისგან რატომ არაფერს ითხოვდა. მიზეზი მარტივი იყო: მის მფარველს ქალები არ აინტერესებდა, ახალგაზრდა, ნიჭიერი გოგონას მიმართ კი მხოლოდ მამობრივ გრძნობას განიცდიდა.

 

პიაფის წყალობით ლეპლეს კაბარე უზარმაზარ შემოსავალს იღებდა: ედიტი ცნობილი ხდებოდა. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ უბედურება მოულოდნელად, 1936 წლის 6 აპრილს მოვიდა. ამ დღეს ლეპლე საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. გახმაურებული სასამართლო პროცესი, ეჭვმიტანილი ედიტი... ამ ყველაფერმა მისი რეპუტაცია ძლიერ შეარყია. მომღერალს აღარსად იწვევდნენ, ის უბრალოდ ყველას მიავიწყდა.

 

მაგრამ იყო ადამიანი, რომელმაც პარიზელ „პატარა ბეღურას” ზურგი არ შეაქცია. თეატრის აგენტი რეიმონ ასო ედიტის სიმღერების ავტორი და მისი საყვარელი იყო. მან უწიგნურ ედიტს ასწავლა წერა-კითხვა და საზოგადოებაში მოქცევის წესები. რეიმონმა ედიტი პარიზის ცენტრში კარგ სასტუმროში გადაიყვანა.

 

 

ედიტის და სიმონა მოგვიანებით ამბობდა: “ლეპლემ აღმოაჩინა პიაფი. მაგრამ მას დიდება ასომ მოუტანა”. სწორედ ის დაეხმარა ედიტს, საფრანგეთის პირველი მომღერალი გამხდარიყო. პიაფი რეიმონს მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს დაშორდა.

 

ედიტი საყვარლების ცვლას განაგრძობდა, ხანდახან ღამეებს სრულიად უცნობ მამაკაცებთან ატარებდა. მომღერალი თავს ყოველთვის იმართლებდა და ამბობდა, რომ საწოლში მარტო დაძინება არ შეეძლო. „სახლი, სადაც მამაკაცის პერანგი არ კიდია და აქა-იქ მამაკაცის წინდები არ ყრია, მკლავს”, - ეუბნებოდა პიაფი თავის დას. ის ყოველთვის პირველი ტოვებდა მამაკაცებს.

 

ედიტმა მხოლოდ ერთი მამაკაცისგან ვერ შეძლო წასვლა. ეს იყო ულამაზესი მარსელ სერდანი: მაღალი, ძლიერი, მომავალი ჩემპიონი კრივში. მარსელი კეთილი, რბილი და დამთმობი იყო. მაღალი და კუნთმაგარი ათლეტის გვერდით პიაფი, რომელიც მხოლოდ 147 სანტიმეტრის სიმაღლის იყო, პატარა ბავშვს ჰგავდა.

მათ ერთმანეთი ამერიკაში გაიცნეს. მაშინ როდესაც პიაფი ნიუ-იორკში გასტროლებს მართავდა. სერდანი იქ საწვრთნელ ბანაკში იმყოფებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ მარსელმა მომღერალს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. დილით კი მათ იგრძნეს, რომ ერთმანეთი უყვარდათ.

 

სერდანს ცოლი და სამი შვილი ჰყავდა. ცოლის მიტოვება არ უნდოდა და ედიტს სიყვარულის მეტს ვერაფერს სთავაზობდა. ედიტი არც სთხოვდა.

 

მარსელის მწვრთნელები აღშფოთებულები იყვნენ: მოკრივემ სრულიად დაივიწყა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებელი ბრძოლა. მალე სერდანი გაემგზავრა ამერიკაში საწვრთნელ ბანაკში, კატსკილში. პიაფიც, რომელსაც საყვარელ მამაკაცთან განშორება არ უნდოდა, მის კვალს გაჰყვა. ერთ სახლში ცხოვრება შეუძლებელი იყო, მოკრივემ ბანაკის ახლოს მიტოვებული შენობა იპოვა, სადაც ედიტი მიიყვანა.

 

ათი დღე ედიტმა შუქისა და ცხელი წყლის გარეშე გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სახლიდან არ გასულა. გვერდით ეგულებოდა რა საყვარელი ქალი, მარსელმა 1948 წლის 21 სექტემბერს ორთაბრძოლა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

ედიტმა სერდანი საჩუქრებით აავსო. 1949 წელს მარსელს უზარმაზარი სახლი უყიდა რიუ გამბეტზე, სადაც ნათელი, ფართო სპორტდარბაზის მოწყობა უნდოდა. მაგრამ პიაფის გეგმებს ასრულება არ ეწერა.

 

მომღერალი ამერიკაში მორიგ გასტროლზე გაემგზავრა. სერდანი მასთან მოგვიანებით მატარებლით უნდა წასულიყო. მაგრამ არ გასულა რამდენიმე დღე, რომ პიაფს მარსელი საშინლად მოენატრა და დეპეშა გაუგზავნა, სადაც სთხოვდა, სასწრაფოდ ჩაფრენილიყო მასთან . სერდანმა საქმეები მიატოვა და ნიუ-იორკში პირველივე რეისით გაფრინდა. 1949 წლის 28 ოქტომბერს მისი თვითმფრინავი აზორის კუნძულების მახლობლად ჩამოვარდა. იმ დღეს ედიტს კონცერტი არ გადაუდია. მან მხოლოდ ჩუმად სთხოვა მაყურებელს, ტაში არ დაეკრათ - „დღეს თქვენ ტაში არ უნდა დამიკრათ. ახლა მე მარსელ სერდანისთვის ვმღერი, მხოლოდ მისთვის”...

 

სასოწარკვეთილმა ედიტმა სმა დაიწყო. იცვამდა ძველ ტანსაცმელს, დადიოდა ქუჩებში და გამვლელებს უმღეროდა. პიაფი ჭკუიდან შეიშალა. და უცებ პარიზში მოვიდა ტელეგრამა: მარსელის ცოლი ედიტს სთხოვდა, სასწრაფოდ ჩასულიყო კასაბლანკაში. რამდენიმე დღის შემდეგ ედიტი მასთან ჩაფრინდა. ორი ქალი, რომელსაც ერთი მამაკაცი უყვარდა, დამეგობრდა. მათ ხომ გასაყოფი აღარავინ ჰყავდათ.

დრო გადიოდა, მაგრამ ტკივილი არ ყუჩდებოდა. ახალ საყვარლებს მარსელის შეცვლა არ შეეძლოთ. ედიტი ცოლად გაჰყვა ჟაკ პილსს იმ იმედით, რომ მარსელს დაივიწყებდა, მაგრამ ოთხწლიანი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა...

 

პიაფი მოგზაურობდა ქვეყნებში, ჰქონდა გასტროლები, იპყრობდა ახალ გულებს და მღეროდა. ედიტი ყოველთვის ამბობდა, რომ მღერის დახუჭული თვალებით, ასე მას შეუძლია დაინახოს ბგერები, რომელიც მისი სულის სიღრმიდან მოდის. კონცერტებიდან მიღებული შემოსავლით პიაფი მეგობრებისთვისა და საყვარლებისთვის საჩუქრებს ყიდულობდა, იძენდა ვილებს, რომლებიც არც ერთხელ არ უნახავს, ყიდულობდა ტანსაცმელს, რომლებიც არასდროს ჩაუცვამს. მას არ შეეძლო, ფული არ დაეხარჯა. „ის მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობდა”, _ იხსენებდა შემდეგ სიმონა.

 

1961 წელს ედიტისთვის ცნობილი გახდა, რომ ძლიერ ავად იყო. ახლა ის მუდმივად საავადმყოფოებში იმყოფებოდა და მხოლოდ ერთი-ორი დღით გამოდიოდა, რათა მორიგი კონცერტი გაემართა პარიზში. პიაფი 33 კილოგრამს იწონიდა, მისი ფეხები გამოიფიტა, თავზე თმა, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. მაგრამ ის ხალხს ძველებურად უყვარდა. მას გვერდით ჰყავდა 27 წლის მომღერალი თეოფანის ლამბუკასი, რომელსაც მომღერალი დიდი ხანია უყვარდა. ახალგაზრდა ბერძენმა ედიტს ცოლობა სთხოვა. გარშემომყოფებს ახალგაზრდა მამაკაცის გულწრფელობის არ სჯეროდათ და ფიქრობდნენ, რომ თეოს დაქორწინება მხოლოდ ედიტის ფულის გამო სურდა. მაგრამ როგორც სიმონა იხსენებდა, „ის ვერ ამჩნევდა, რომ ედიტის ხელები დამჭკნარი იყო, რომ ის ასი წლის მოხუცს ჰგავდა. ის არასდროს ტოვებდა მას...“ 1962 წლის 9 ოქტომბერს პიაფი ცოლად გაჰყვა ლამბუკასს. ედიტმა მას ახალი სცენური ფსევდონიმი მოუფიქრა - თეო სარაპო, რაც ბერძნულად ნიშნავს „მე შენ მიყვარხარ” და აიძულა, დიდ სცენაზე გასულიყო.

 

მისი ბოლო სასცენო გამოსვლა 1963 წლის 18 მარტს შედგა. თავის უკანასკნელ კონცერტზე პიაფმა შეასრულა სიმღერა „არა, მე არაფერს ვნანობ”.დარბაზმა ხუთწუთიანი ოვაცია მოუწყო. სწორედ ამ დროს ის ცუდად გახდა და სცენაზე წაიქცა , რის შემდეგაც ფართო საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა.

 

ედიტი 1963 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. ვატიკანმა ცოდვილი ქალისთვის წესის აგება აკრძალა. მის დაკრძალვას 40 000 ფრანგი დაესწრო. ედიტ პიაფი მხოლოდ 48 წლის იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი