logo_geo
ფრონტის სხვადასხვა მხარეს მყოფი ოსი და აფხაზი მფრინავების შეხვედრა ქართულ ცაში...
- +

25 აპრილი. 2018. 20:24

 

 

ისტორიები, რომელიც ომის დროს „თავისით იწერება”, ყველაზე წარმატებული მწერლებისა და რეჟისორებისთვისაც კი არაერთხელ გამხდარა მუზა. გამორჩეულად ემოციური და ადამიანური ამბები, მრავლად ახასიათებს 90-იანი წლების აფხაზეთის ომს.

 

საბჭოთა კავშირის წლებში, იმ დროს, როდესაც თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებთან ერთად, სოხუმის აეროპორტიც საქართველოს იურისდიქციაში შედიოდა, მფრინავები ერთმანეთს იცნობდნენ და მეგობრობდნენ კიდეც...

 

ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს, ამბავი კი, რომელიც 90-იანი წლების ომში გადახდა, მისი თანამებრძოლებისთვის კარგად არის ცნობილი... ამ ემოციურ ისტორიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტრანსპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი მიშა ანდღულაძე გვიამბობს.

 

„თბილისის აეროპორტში, სხვებთან ერთად მუშაობდა ეროვნებით ოსი, სერგო გაზაევი, რომელსაც ახლობლები „გაზიკას” ეძახდნენ. სოხუმის აეროპორტში კი - აფხაზი სლავა ეშბა, რომელსაც ნაცნობები ძალიან კარგი თვისებების მქონე ადამიანად ახასიათებდნენ... 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში ვითარება აირია და აფხაზეთის ომიც დაიწყო, თბილისელი პილოტები ქართულ ჯარს ეხმარებოდნენ, - ბაბუშერას აეროპორტში დაფრინავდნენ, იქ მეომრები ჩაჰყავდათ, შესაძლებლობის ფარგლებში საჭირო ტვირთი ჩაჰქონდათ და იქიდან დაჭრილები და გარდაცვლილები მოჰყავდათ... იმ წლებში აფხაზი მფრინავი სლავა ეშბა ფრონტის მეორე მხარეს აღმოჩნდა - აფხაზური საჰაერო ძალების სარდალი გახდა.

 

1993 წლის ადრიან გაზაფხულზე, ბაბუშერას აეროპორტიდან ТУ 134 აფრინდა - თბილისისკენ დაჭრილები და ჯარისკაცები მოჰყავდა. მას სწორედ სერგო გაზაევი მართავდა, რომელსაც როგორც მისი მეგობრები ამბობენ, თავისებური, სახასიათო ხმა აქვს.

 

აფრენიდან რამდენიმე წუთში, თვითმფრინავის რადარმა, საფრენი აპარატის უკანა მხრიდან მისკენ მოძრავი მფრინავი ობიექტი დააფიქსირა. მიახლოების სიჩქარის მიხედვით, „გაზიკა” მიხვდა, რომ მას სამხედრო თვითმფრინავი უახლოვდებოდა, მაგრამ აუცილებლად მოწინააღმდეგე მხარის იქნებოდა, რადგან ახლომახლო ქართული თვითმფრინავი არ იყო...

 

სერგო გაზაევი თბილისს დაუკავშირდა და გადმოსცა - უკნიდან სამხედრო თვითმფრინავი მიახლოვდება და ალბათ ჩამოგვაგდებსო... ТУ 134 ერთ-ერთი ყველაზე ტლანქი და ცუდი მანევრის მქონე თვითმფრინავია. მისგან გაქცევა, ან რაიმე მანევრით რაკეტის ან ჭურვის აცილება, წარმოუდგენელია... მოკლედ, გადარჩენის შანსი თითქმის არ ჰქონდა. ერთადერთი ისღა დარჩენოდა, თბილისისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა და ასეც მოიქცა...

 

შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, გაზაევი ასე იხსენებდა: "ამ დროს, სიხშირეზე უცხო ხმა ჩაერთო, - „გაზიკ“, ბრატ, ეტა ტი? – ჯერ ვიფიქრე, შიშისგან მოჩვენებები ხომ არ დამეწყო-მეთქი, მაგრამ უცნობმა შეკითხვა გამიმეორა... და ეტო ია - ვუპასუხე მე... (საუბარი რა თქმა უნდა, რუსულ ენაზე გაგრძელდა) .ავტ) – „ალბათ ვერ მიცანი, მე ვარ - სლავა ეშბა“ - გაისმა ყურსასმენში. - ამის გაგონებაზე მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და სალამი ენის ბორძიკით დავუბრუნე - სალამი სლავა - ვუთხარი.

 

- სალამი! აი, შევხვდით ძმაო! – მიპასუხა აფხაზმა მფრინავმა... ისევ დაბნეულმა გავუმეორე: სალამი ძმაო! კი, შევხვდით და მერე რა იქნება? - მივუგე და რაღაც საშინელისთვის მოვემზადე.

 

„მერე? მერე არაფერი! იცოცხლე ძმაო! იცოცხლე! - მიპასუხა აშბამ, ჩემს ТУ 134-ს დაბლიდან დიდი სიჩქარით ამოუფრინა, გაასწრო, მერე სიმაღლე აკრიფა, მარცხენა ვირაჟით წრე მოხაზა და უკან, სოხუმისკენ გაფრინდა. რაციაც დადუმდა...” - იხსენებდა მეგობრებთან ომის დღეებზე საუბრისას ოსი მფრინავი.

 

საუბარია, აფხაზ მფრინავ ვიაჩესლავ ეშბაზე, რომელმაც 70-იან წლებში ეგოროვის საავიაციო უნივერსიტეტი დაამთავრა. საბჭოთა კავშირის წლებში საბჭოთა ავიაციაში მსახურობდა... ამჟამად, „აფხაზეთის საერთაშორისო აეროპორტ „სოხუმის“ გენერალური დირექტორია და სხვადასხვა წლებში, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებებს მის გარემონტებას უშედეგოდ სთხოვდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი