logo_geo
ბედისწერად ტრანსფორმირებული დიდება...
- +

26 აპრილი. 2018. 13:28

 

 

„უჩვეულო, უფრო მეტიც, დამთრგუნავი სიჩუმე იდგა უზარმაზარ დარბაზში. იქნებ არც იყო ასე და ჩვენ გვეჩვენებოდა, რადგან თითოეული წუთის სიმძაფრეს ვგრძნობდით და განვიცდიდით და აი, პირველი კადრი ფრონტზე გაცილებისა. აპლოდისმენტები. ეს ხმა ძლიერდებოდა და ხანდახან ეკრანის ხმას ფარავდა. მრავალათასიან დარბაზს მოწონებების შეძახილი გადაუვლიდა ხოლმე. ვგრძნობდით, რომ გამარჯვება არც ისე შორს იყო“.

ეს ტატიანა სამოილოვას მოგონებაა 1957 წლის კანის კინოფესტივალიდან, სადაც მიხეილ კალატოზიშვილის ფილმმა „მიფრინავენ წეროები“ „ოქროს პალმა“ აიღო. ასევე პრემიები -ქალის როლისათვის, პრემია ოპერატორული ნამუშევრისათვის (სერგეი ურუსევსკი)და პრემია „ფორთოხლის ხე“ - ისევ სამოილოვას, როგორც დამწყებ, უნიჭიერეს მსახიობს.

კინოფესტივალი, სადაც სამოილოვა კინოსამყაროს ვარსკვლავი გახდა, თავისი განუმეორებელი, უბრალო თამაშით, სახის პლასტიკური ძერწვითა და სილამაზის ახალი ტიპის დამკვიდრებით, თითქოსდა გზას უხსნიდა 18 წლის მსახიობ-სტუდენტს უფრო დიდი კვარცხლბეკისაკენ, მაგრამ ასე არ მოხდა. „მიფრინავენ წეროები“ საბედისწერო ფილმი აღმოჩნდა მისთვის. დამწყებმა მსახიობმა ის მასშტაბები ვეღარ გაიმეორა თუ აღარ გაამეორებინეს საბჭოთა კავშირში და არც მიწვევებზე გაუშვეს საზღვარგარეთ (დიდ რეჟისორებთან). სამოილოვა ნერვული სტრესით არაერთხელ მოხვდა სარეაბილიტაციო კლინიკებში, სმა დაიწყო და თავის თავში ჩაიკეტა.

32 წლის შემდეგ კვლავ დაპატიჟეს კანის კინოფესტივალზე და გადასცეს პრემია მსოფლიო კინოს განვითარებისათვის, რომელიც ერთი წლით ადრე ფედერიკო ფელინიმ მიიღო.

მას პარიზსა და კანში არავინ დახვედრია. „ნიცამდე მარტო ჩავედი. კანის ქუჩებში მარტო დავიარებოდი და იმჟამინდელი ქალაქიდანაც აღარაფერი დამხვდა. მე იქაც ვეღარავინ მცნობდა უკვე. აღარ იყვნენ ის ადამიანები, ვინც მაშინ დიდი სიხარული და სიყვარული მაჩუქეს: პაბლო პიკასო, ჟან კოკტო, ჟორჟ სადული, სიმონა სინიორე“...

ერთი, მართლაც დახვეწილი დრამატული კინოროლით მოვიდა მასთან თითქმის მსოფლიო აღიარება და ამავე როლმა შთანთქა და ჩაძირა, მარტოობასა და დავიწყებაში გადაანაცვლა იგი.

ბოლო ორ ფოტოზე: ჯეინს მენსფილდთან ერთად, კანი,1957წ. და - პაბლო პიკასო და ტატიანა სამოილოვა.

 

 

/ნოდარ პაპუაშვილი/

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი