logo_geo
სიმშვიდის ძიება ინდოეთში
- +

1 მაისი. 2018. 15:02

 

 

ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ინდოეთში მოგზაურობა რადიკალურად ცვლის ადამიანებს. შეუძლებელია, არ დავეთანხმო.სანამ ინდოეთის ქალაქ ნაინიტალში წავიდოდი, მე და ინდოეთს, როგორც ამბობენ, „love & hate relationship“ გვაკავშირებდა. ამ ქალაქმა დამარწმუნა, რომ ჩემი დამოკიდებულება სიყვარულისკენ უფრო იხრება.



 


ინდოეთში ზუსტად სამი თვე ვიყავი. კვირაში 5-6 დღე სკოლაში ვმუშაობდი, შაბათ-კვირას კი ვმოგზაურობდი. თუ ერთხელ მაინც წაგიკითხავთ სამოგზაურო ბლოგი ინდოეთის შესახებ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ეს არის კონტრასტების ქვეყანა, რაც ნათლად აღწერს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ შინაარსაც. მეორე, რაზეც აგრეთვე გაფრთხილებენ, კულტურული შოკია და ესეც მართალია.



 

 

ნაგავში ჩაფლული სასახლეები და რეზიდენციები, ხმაური, ჭუჭყი, სიღარიბე და ძროხები - თითქმის ყველგან მსგავსი სურათი გხვდებათ. იმისთვის, რომ ინდოეთში მოგზაურობით ისიამოვნოთ, ფიზიკურად და მორალურად მზად უნდა იყოთ. ამიტომ, ჩემი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, წინასწარ შეეგუოთ მოსალოდნელ დისკომფორტს და იფიქროთ იმ საოცარ ადგილებზე, რომელთა გამოც ინდოეთში წახვედით.

ტურისტულ ადგილებზე ბევრია სათქმელი, თუმცა ჯაიპურის და ტაჯ მაჰალის შესახებ ყოველი მეორე მოგიყვებათ. როდესაც ჩემი „აუცილებლად სანახავი“ სია დავასრულე, გადავწყვიტე წავსულიყავი იქ, სადაც ტურისტები თითქმის არ დადიან.


 

გასაკვირი არც არის, რომ ინდოელებს ასე ძალიან უყვართ ნაინიტალში დასვენება. ჩემთვის ეს პატარა ქალაქი აღმოჩნდა ყველაზე სუფთა, კოხტა, გრილი და მშვიდი ადგილი მთელ ქვეყანაში.

2 საათზე მეტი დელიდან გაღწევას მოვანდომე. ჩემი დანიშნულების წერტილი დაახლოებით 400 კილომეტრში იყო. ინდური საცობების გათვალისწინებით, დაახლოებით 12 საათი გზაში ვიყავი.



 

 

ნაინიტალი ჰიმალაის მთებში, უტარაკჰანდის შტატში მდებარეობს, მეზობლად კი ნეპალი და ტიბეტი ესაზღვრება. ქალაქის მთავარი მშვენება 7 მთით შემოსაზღვრული კრიალა ტბაა. ქალაქი ზუსტად ამ ტბის ირგვლივაა გაშენებული. ინდურ ლეგენდებს თუ დავუჯერებთ, ჰიმალაის მთებში ჩამალული ტბა ღმერთების მიერ არის ნაკურთხი, ამიტომ, ნაინიტალი არა მხოლოდ რეკრეაციული, არამედ სპირიტუალური დანიშნულების წერტილიც არის.



 

ნაინის ტბას, სპირიტუალური თვალსაზრისით, თითქმის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც განგს. გარდა ამისა, განგისგან განსხვავებით, ნაინის ტბაში ჩასვლა ბევრად უფრო უსაფრთხოა ჰიგიენის და ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

ინდოეთში მოგზაურობის ჩემი ბოლო დღეები მაისის დასასრულს დაემთხვა. ამ დროს დელიში დაახლოებით 48 გრადუსი იყო, ნაინიტალში კი 22. ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსება შედარებით სიმშვიდეში ყოფნაა. თუ სხვაგან დილის 6 საათიდან საცობის ხმა გაწუხებს, ნაინიტალში ეს ხმაური ნახევრად მაინც მცირდება. ამიტომ, იქ ჩასვლა შეიძლება, აბასთუმანში დასვენებას შევადაროთ - სიმშვიდე, სილამაზე, სუფთა ჰაერი. თუმცა, პასიურ დასვენებასთან ერთად, შესაძლებელია, რამდენიმე ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ადგილი მოინახულოთ.



 

ჩემი ფავორიტი საბაგიროა. ნაინიტალის საბაგირო კი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. სიმაღლის შიშს თუ დაძლევთ, თვალს კარგად შეავლებთ ჰიმალაის მთებსა და ნაინის ტბას. ისე, ჰიმალაის მთების შეთვალიერებას გზაშიც მოახერხებთ. რაღაც მომენტში, ტრასიდან ტყეში გადახვალთ და სულ უფრო და უფრო დაშორდებით ზღვის დონეს. შემდგომ, ისევ დაბრუნდებით შედარებით დაბლობში და მთებს შორის მოქცეულ ტბას მიადგებით.

მეორე ადგილი, რომელსაც ნაინიტალში ყოფნისას უნდა ეწვიოთ, ზოოპარკია. რა თქმა უნდა, ინდოეთისგან არ უნდა ელოდოთ ბერლინის დონეზე მოწყობილ სივრცეს, თუმცა, მშვენიერი ადგილია ეგზოტიკური ცხოველების დასათვალიერებლად. გირჩევთ, აუცილებლად მოინახულოთ წითელი პანდები - ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არსებები არიან პლანეტაზე. ნაიტინალის ზოოპარკი მთაზეა განთავსებული, ამიტომ ბევრი სიარული მოგიწევთ როგორც აღმართზე, ისე დაღმართზე. ბევრი წყალი მოიმარაგეთ და კომფორტული ფეხსაცმელი ჩაიცვით.



 

 

ნაინიტალში უამრავი გამოქვაბულია. ინდოელებმა ეს სივრცე ულამაზეს პარკად აქციეს და Cave Garden-ი დაარქვეს. აუცილებლად სანახავი ადგილია, დამიჯერეთ. დამატებით, შეგიძლიათ ნავით გაცუროთ ნაინის ტბაში. ჯობს დილით ადრე, ან საღამოს, შებინდებისას. დამატებით, შეგიძლიათ ნავით გაცუროთ ნაინის ტბაში. ჯობს დილით ადრე, ან საღამოს, შებინდებისას. 

რამდენიმე დღის წინ ალეკო შუღლაძის ახალ წიგნს ვკითხულობდი, სადაც მისი ინდოეთში მოგზაურობა უნდა ყოფილიყო აღწერილი. ავტორმა ძალიან მარტივად გამოტოვა მთელი ეპიზოდი და აღნიშნა, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა იხილო. მეც იგივე აზრი მაქვს, წარმოუდგენელია სრულყოფილად გადმოსცე ასეთ ადგილებში განცდილი ემოცია, თუმცა, იმედი მაქვს, ნაინიტალის მონახულება ცოტათი მაინც მოგანდომეთ.

 

 

ავტორი: მარიშა მინაზარიშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი