logo_geo
შესაძლებელია თუ არა არამიწიერი სიცოცხლის არსებობა მზის სისტემის ყინულოვან მთვარეებზე
- +

6 მაისი. 2018. 21:23

 

 

არამიწიერი სიცოცხლე პოტენციურად შეიძლება არსებობდეს იუპიტერის მთვარე ევროპას ყინულოვანი საფარველის ქვეშ. მსგავსი ეჭვი არსებობს მზის სისტემის სხვა ყინულოვან სხეულებზეც. ახალი კვლევის მიხედვით, მსგავსი ვარაუდის მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ოკეანეთა ფსკერზე, ჰიდროთერმული ღრმულებიდან ამოსული ქიმიური ენერგია და მჟანგველების (ოქსიდენტები) არსებობა.

 

ლობალური ოკეანე არსებობს ისეთი სხეულების ყინულით დაფარული საფარველის ქვეშ, როგორებიცაა იუპიტერის მთვარეები — ევროპა, განიმედე და კალისტო; ასევე, სატურნის მთვარეები — ენცელადი და ტიტანი. დედამიწის ოკეანეებისგან განსხვავებით, რომლებიც ზემოდან, მზის სინათლით თბებიან, წყლის ეს უზარმაზარი აუზები პირიქით, სითბოს ქვემოდან იღებენ, ოკეანის ფსკერზე არსებული ჰიდროთერმული ღრმულებიდან.

 

ამ დამალულ ოკეანეებში არსებული შესაძლო სიცოცხლისათვის გადამწყვეტი ერთ-ერთი პოტენციური ინგრედიენტი შეიძლება იყოს რეაქციები წყალსა და ზღვის ფსკერს, ანდაც ჰიდროთერმულ ღრმულებს შორის. ჰიდროთერმული ღრმულებიდან ამოსული სიცხე წყალს უნდა ათბობდეს, მიკრობებსა და საკვებს კი ზემოთ ამოანთხევდეს.

 

ამავე დროს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სხეულთა ყინულოვანი ზედაპირები გამუდმებით იბომბება ახლომდებარე გიგანტური პლანეტებისგან მომავალი მაღალენერგიული ელექტრონებისგან, უნდა წარმოიქმნას ოქსიდენტების სახელით ცნობილი ქიმიური ნაერთები. შესაძლოა, სწორედ ამ ნაერთებს იყენებდნენ ორგანიზმები საწვავად, ზუსტად ისე, როგორც ჟანგბადი ეხმარება დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს საკვები ნივთიერებების დაწვასა და ენერგიად გარდაქმნაში. ყინულის საფარის ნჯღრევის შედეგად, ეს ოქსიდენტები ზედაპირქვეშა ოკეანეში უნდა აღწევდეს.

 

NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) ასტრობიოლოგის, მაიკლ რასელისა და მისი კოლეგების აზრით, ისეთ ყინულოვან სხეულებზე, როგორიც ევროპაა, სადაც ერთმანეთს ხვდება ყინულის ქერქი და მის ქვეშ დამალული ოკეანე, ზემოთ ნახსენები სიცოცხლის ორი უმთავრესი ინგრედიენტი შესაძლოა, ერთიანდება და ასაზრდოებს სიცოცხლის ევოლუციას. მათი აზრით, ევროპას ყინულის ქერქის ქვეშ შესაძლებელია, რომ ჩამოყალიბდეს მწირი ეკოსისტემის ქსელი.

 

„სიცოცხლისათვის საჭირო ყველა ინგრედიენტი და თავისუფალი ენერგია ადგილზეა“, — აღნიშნავს რასელი.

 

როგორც მეცნიერები შენიშნავენ, დედამიწის ისეთ ადგილებზე, სადაც ერთმენეთს ხვდება ყინულისა და წყლის ფენები, შესაძლებელია სიცოცხლის ფართო მრავალფეროვნების არსებობა. მათ შორის არის მრვალი სახეობის წყალმცენარეთა მკვრივი საზოგადოებები, ბაქტერიები, პროტისტები და მრავალუჯრედიანი უხერხემლოებიც კი.

 

ამის ნათელი მაგალითია ყინულებქვეშ მოქცეული ზღვა ანტარქტიდის სიახლოვეს. გარდა ამისა, კანადის არქტიკაში, კუნძულ აქსელ-ჰაიბერგზე, თოვლისა და ყინულების საფარქვეშ გაედინება გოგირდოვანი წყლები, სადაც ბაქტერიები ბინადრობენ.

 

მკვლევართა აზრით, მათმა ნაშრომმა გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს ევროპაზე სიცოცხლის რაიმე ფორმის პოვნაში, რისთვისაც სპეციალური რობოტული მოწყობილობები იქნება საჭირო, რომლებიც ყინულის ქერქს დაბლა, თხევადი წყლის ოკეანეში ჩავლენ. მათი აზრით, ევროპაზე შესაძლოა, ჩამოყალიბებული იყოს დედამიწის მსგავსი მიკრობული შრეები.

 

„თუკი ევროპაზე სიცოცხლეს ვიპოვით, ფაქტობრივად დადასტურდება წყალქვეშა ტუტოვანი ღრმულების თეორია, რომლის მიხედვითაც, დედამიწაზე სიცოცხლე ოკეანის ფსკერზე, ტუტოვანი ჰიდროთერმული ღრმულების სიახლოვეს წარმოიქმნა“, — აღნიშნავს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) ასტრობიოლოგის მაიკლ რასელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი