logo_geo
„სხვა ეროვნების კაცს რომ შეერთო, მიწის დიდი ნაკვეთი გვეკარგებოდაო“ - ექვთიმე თაყაიშვილის მოგონება ილიაზე
- +

11 მაისი. 2018. 12:27

 

 

ექვთიმე თაყაიშვილი იგონებდა: „პეტერბურგიდან თბილისში რომ დავბრუნდი, და იაკობ გოგებაშვილთან ვცხოვრობდი, ერთი მოწინავე ჯგუფი კვირაობით - დავით სარაჯიშვილთან, ხუთშაბათობით კი - ილია ჭავჭავაძესთან იკრიბებოდა. დიმიტრი ბაქრაძე რომ გარდაიცვალა, ილიას კრებებზე ვხვდებოდი. ზოგჯერ ისტორიულ საკითხებზეც მეკითხებოდა. ერთხელ მას იაკობ გოგებაშვილისთვის ეთქვა: „ხვალ ექვთიმე თაყაიშვილი მომგვარეო“.

 

ეტლით წავედით... ჩემი სადღეგრძელოს ჯერი რომ მოდგა, თამადა ილიამ თქვა: „სანამ უნდა იყოს ბატონი თაყაიშვილი ბატონ გოგებაშვილის ბინაზე?! იგი შეირთავს ნინო პოლტორაცკაიას და ოჯახს შექმნისო“. ეს იყო ამ დღეს თითქმის ბოლო სადღეგრძელო.

 

მესამე დღეს, შაბათს პოლტორაცკის ერთ-ერთმა ნათესავმა შემომითვალა: „არ გნახოთ ჩვენთან მოსული, თორემ მეორე ფეხსაც მოგტეხთო!“ ამის გამო, თქვა ექვთიმემ, ორშაბათს ილიასთან მივედი ბანკში და შევჩივლე: ასე და ასე შემომითვალეს, რატომ გამაბახეთ, ბატონო ილია, ის დიდებული ქალი კოჭლაბუხას როგორ მოისურვებდაო!

 

ილიამ მითხრა: „ჯერ ამიხსენით, რას ნიშნავს გაბახება და კოჭლაბუხას მაგიერ ხომ არ იტყვიან კოჭლამუხლა, მუხლით კოჭლსაო?“

 

მე ავუხსენი, რომ პირველს სახელის გატეხაზე იტყვიან გურიაში და მეორეს - აი, მე რომ ვარ კოჭლი, ამაზე ამბობენ, კოჭლამუხლას კი არ იტყვიან...

 

ილიამ ეს სიტყვები ჩაიწერა და მოკლედ მოჭრა:

 

„დღეს ორი სიტყვა გავიგე, ესეც საქმეა, ხუთშაბათს მობრძანდით სადილზეო!“

 

მივედი. ჩემ სადღეგრძელოზე, ეს იყო მეოთხე, ილიამ გაიმეორა: „ბატონი თაყაიშვილი შეირთავს ივანე პოლტორაცკის ასულ ნინოს, ჯვარს მისი ნათესავი ოლღა (ილიას მეუღლე) შეუცვლისო“.

 

ასეც მოხდა. შემდეგო - გაიხსენა ექვთიმემ, - გიგლა ყიფშიძემ ჰკადრა ილიას - „რა იყო რომ ის ლამაზი და მდიდარი ქალი ინვალიდს შერთეთო!“

 

ილიამ ხუმრობით უპასუხაო:

 

„სხვა ეროვნების კაცს რომ შეერთო, მიწის დიდი ნაკვეთი გვეკარგებოდაო“!!!....

 

არადა, ნინო რომ არ შეხვედროდა ექვთიმეს, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ბევრი რამ საქართველოში...

 

 

big_banner
არქივი