logo_geo
რომელი ქვეყნები იყენებენ დღემდე სასჯელის უმაღლეს ზომას?
- +

10 მაისი. 2018. 13:30

 

 

ქვეყნები, რომლებიც სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯას იყენებენ, მსოფლიოში აბსოლუტურ უმცირესობაში არიან. 2017 წელს, ასეთი განაჩენები მხოლოდ 23 სახელმწიფომ აღასრულა. 106 ქვეყანაში სიკვდილით დასჯა საერთოდ გაუქმებულია, რამდენიმე ათეულ სახელმწიფოში კი ასეთი განაჩენის შესაძლებლობა კანონის დონეზე შენარჩუნებულია, მაგრამ პრაქტიკაში მას არ იყენებენ. საქართველოში სიკვდილით დასჯა 1997 წელს გაუქმდა, რაც ევროპის საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომლის წევრიც ქვეყანა 1999 წელს გახდა. ბოლო დღეებში საქართველოში ნარკოტიკებით ადამიანების დაღუპვისა და ნარკოტიკით მოვაჭრეების დაპატიმრებების ფონზე საჯარო სივრცეში სასჯელის ამ ზომის აღდგენის ინიციატივაც გაჩნდა.

 

ძველი და თანამედროვე მეთოდები

ისტორიის განმავლობაში კაცობრიობა სიკვდილით დასჯის უამრავ მეთოდს იყენებდა. ესენია, დაწვა, ცოცხლად დამარხვა, ჯვარზე გაკვრა, ხელ-ფეხის და თავის მოკვეთა, ამოქოლვა, დაბორბვლა. ამ გზით უსწორდებოდნენ დამნაშავეებს და მიუღებელ ადამიანებს. დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის თანამედროვე მეთოდებია: ინექცია, დახვრეტა, ჩამოხრჩობა, ელექტროსკამი და თავის მოკვეთა.

 

სტატისტიკა

უფლებადამცავი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ინფორმაციით, სიკვდილით დასჯის სისრულეში მოყვანის მაჩვენებლები 2015 წელს მკვეთრად გაიზარდა, შემდგომ წლებში კი სტატისტიკა საშუალო მაჩვენებლებს დაუბრუნდა. 2017 წელს მსოფლიოში სიკვდილით სულ ცოტა 993 ადამიანი დასაჯეს, რაც წინა წელთან შედარებით (1032) ნაკლებია. ამ მონაცემებში არ იგულისხმება ჩინეთი, სადაც სიკვდილით დასჯის განაჩენი სისრულეში სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ხშირად მოჰყავთ, მაგრამ შემთხვევების რეალური მასშტაბი უცნობია, რადგან ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებაა. სიკვდილით დასჯილთა სიები გასაიდუმლოებულია ასევე კორეის სახალხო რესპუბლიკაში, სამხრეთ სუდანსა და ვიეტნამში. ეს უკანასკნელი იმ ქვეყნების ხუთეულშია, სადაც ასეთ განაჩენს ყველაზე ხშირად აღასრულებენ.

 

სიკვდილით დასჯის ცნობილი შემთხვევების უმრავლესობა (84%) სისრულეში მოჰყავთ შემდეგ ქვეყნებში: ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი და პაკისტანი. ამასთან, შემთხვევათა ნახევარი ირანზე მოდის. 2016 წელს, პირველად 10 წლის განმავლობაში, აშშ არ მოხვდა ხუთეულში და მეშვიდე პოზიციაზე გავიდა, მეექვსეზე - ერაყი. სიაში ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც სასჯელის უმაღლეს ზომას იყენებს - ბელარუსია.

 

ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატები ამ საკითხში ყველაზე გახსნილი ქვეყანაა. ხელისუფლება აქვეყნებს იმ ადამიანების სიას, რომლებიც სასჯელს ელოდებიან, ჟურნალისტები აკვირდებიან მათ ისტორიებს და აქვეყნებენ მათზე სტატიებს, საჯაროა ინფორმაცია ჩატარებული „პროცედურების“ შესახებაც.

 

დღესდღეობით სასჯელის უმაღლეს ზომას იყენებენ 31 შტატში, რომელთა კანონებიც 5 სხვადასხვა მეთოდს გულისხმობს. მთავარი მეთოდი ყველა რეგიონში - სასიკვდილო ინექციაა, სხვა მეთოდები, როგორებიცაა ელექტროსკამი, გაზი, დახვრეტა და ჩამოხრჩობა შეიძლება მხოლოდ მსჯავრდებულის თხოვნით და ცალკეულ ტერიტორიაზე გამოიყენონ, ასევე ზოგჯერ და მხოლოდ განაჩენის განსაზღვრულ თარიღამდე გამოტანის შემთხვევაში. მაგალითად, ბრალდებულს შეუძლია აირჩიოს დახვრეტა იუტას შტატში, თუ ის 2004 წლის 3 მაისამდე გაასამართლეს.

 

ჩამოხრჩობა ან გაზით სიკვდილით დასჯა აშშ-ში უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში არ გამოუყენებიათ. გაზი ბოლოს გამოიყენეს 1999 წელს არიზონაში, ხოლო ჩამოხრჩობა დელავერში - 1996 წლის დასაწყისში. მას შემდეგ დელავერის შტატში სასჯელის უმაღლესი ზომა არაკონსტიტუციურად ცნეს და ყველა სიკვდილმისჯილს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა. სამაგიეროდ ელექტროსკამის საშუალებით მსჯავრდებული სიკვდილით 2013 წელს დასაჯეს, ხოლო მანამდე, 2010 წელს გამოიყენეს დახვრეტის ფორმა. სიკვდილით დასჯის ამგვარი მეთოდების არჩევით მსჯავრდებულები ცდილობდნენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ზოგადად ამ პრაქტიკისადმი ან კონკრეტულად თავისი საქმეებისადმი, რადგან მიაჩნდათ, რომ უსამართლოდ გაასამართლეს.

 

2017 წლის 1 ივლისისთვის აშშ-ში სიკვდილით დასჯას ელოდებოდა 2817 ადამიანი, მათ შორის 53 ქალი. ამასთან, ბოლო 40 წლის განმავლობაში აღასრულეს ორჯერ ნაკლები განაჩენი, ხოლო 155 ადამიანმა შეძლო თავისი უდანაშაულობის დამტკიცება და ისინი გაათავისუფლეს. მთლიანობაში აშშ-ში სასიკვდილო განაჩენი სულ უფრო ნაკლები დამნაშავისათვის გამოაქვთ: 1998 წელს ასეთი იყო 295 ადამიანი, ხოლო 2017 წელს - უკვე 39.

 

განაჩენის სისრულეში მოყვანა ხშირად წლობით ჭიანურდება; სიკვდილმისჯილების დაახლოებით 40% განაჩენის აღსრულებას ორი ათწლეულის განმავლობაში ელოდება.

 

პროცედურა

 

სიკვდილმისჯილები განაჩენის აღსრულებას ციხეში ელოდებიან. პროცედურის თარიღი თავიდანვე არ ისაზღვრება - ამას აკეთებს სასამართლო აპელაციის განხილვის შემდეგ. სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე დღით ადრე მსჯავრდებული გადაჰყავთ სპეციალურ საკანში. მას არ უნდა ჰქონდეს თან არაფერი აკრძალული ნივთებიდან; ართმევენ ძველ ტანსაცმელს, უტარებენ სრულ სამედიცინო გამოკვლევას. ბოლო დღეს მას აქვს ოჯახთან შეხვედრის უფლება.

 

არსებობს ასევე ბოლო ტრაპეზის ტრადიცია: სიკვდილმისჯილს ნებისმიერი კერძის არჩევა შეუძლია, თუმცა ჩვეულებრივ, საკვების ფასი შეზღუდულია. ამ „რიტუალს" ყველა შტატში იცავენ, გარდა ტეხასისა, სადაც ის 2011 წელს გააუქმეს.

 

განაჩენის აღსრულების ოთახში მსჯავრდებული პროცედურამდე 10 წუთით ადრე შეჰყავთ, აწვენენ და აძლევენ ბოლო სიტყვის უფლებას, რის შემდეგაც უკეთებენ სასიკვდილო ინექციას. შენობაში ჩვეულებრივ არის ტელეფონები და სასამართლოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია პროცედურის შეწყვეტა. „რიტუალს“ ხშირად მოწმეების სახით ესწრებიან ჟურნალისტები და მსჯავრდებულის ოჯახის წევრები და მეგობრები.

 

იაპონია

ლოდინთან დაკავშირებით ანალოგიური სიტუაციაა იაპონიაშიც. თუმცა იქ ეს დადებით მომენტად მიიჩნევა, რადგან ხელისუფლება ასწრებს საქმეში სრულად გარკვევას და მცდარი განაჩენების რაოდენობა მაქსიმალურად მცირდება.

 

იაპონიაში სიკვდილით დასჯის ერთადერთ მეთოდს - ჩამოხრჩობას იყენებენ. დიდწილად ასეთ ზომას უსჯიან მასობრივ მკვლელობაში ბრალდებულ ადამიანებს. პატიმრები ერთკაციან საკნებში სხედან, კვირაში ორჯერ შეუძლიათ ვარჯიში, ნათესავებთან პაემნები ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

 

ხშირად პროცედურის თარიღი გასაიდუმლოებულია როგორც მსჯავრდებულისათვის, ასევე მისი ოჯახისთვისაც. ადამიანმა ის შეიძლება განაჩენის აღსრულების დღეს, დილით გაიგოს, მისმა ნათესავებმა კი - განაჩენის აღსრულების შემდეგ. აშშ-ის მსგავსად, სიკვდილის წინ დამნაშავეს უფლება აქვს, ბოლოჯერ მიირთვას საკვები და ელაპარაკოს მღვდელმსახურს.

 

ის, თუ ზუსტად როგორ სჯიდნენ სიკვდილით იაპონიაში, დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, მაგრამ 2010 წელს ჟურნალისტებს დაათვალიერებინეს სპეციალური საკანი ტოკიოს ერთ-ერთ ციხეში.

 

პროცედურა

 

თავდაპირველად მსჯავრდებულები მიჰყავთ ოთახში, სადაც მოწყალების ქალღმერთის, კენონის ქანდაკებაა. ეს არის ბოლო გამოსახულება, რომელსაც სიკვდილმისჯილი ხედავს. ოთახში, რომლის იატაკზეც ლიუკია, ის თვალახვეული მიჰყავთ, სადაც თავს აყოფინებენ ყულფში. იატაკზე წითლად არის მონიშნული ადგილი, სადაც ის უნდა დადგეს. ლიუკი ფეხებქვეშ იხსნება მეზობელი ოთახიდან: კედელზე არის სამი ღილაკი, რომელსაც ერთდროულად სამი ადამიანი აჭერს ხელს - ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ მათ ვერ გაიგონ, თუ რომელმა დააჭირა ხელი „იმ“ კონკრეტულ ღილაკს.

 

ჩინეთი

ადრე ჩინეთში სიკვდილით დასჯის მთავარი ფორმა დახვრეტა იყო. ჯარისკაცი ბრძანების მიღებისთანავე მსჯავრდებულს იარაღიდან ესროდა კეფაში, თუ ის არ კვდებოდა, მას განმეორებით ესროდნენ. 1996 წელს ჩინეთში დაუშვეს სიკვდილით დასჯა სასიკვდილო ინექციის საშუალებით. დახვრეტების რიცხვი ნელ-ნელა შემცირდა. 2009 წელს ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დამხვრეტთა რაზმების გაუქმების გადაწყვეტილება გამოიტანა: ინექცია უფრო ჰუმანურ და იაფ მეთოდად მიიჩნიეს.

 

ჩინეთში ძალიან უცნაური სისტემაა. აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში არსებობს სპეციალური ფურგონები, რომელიც გარედან პოლიციელების სატვირთო მანქანას ჰგავს, შიგნით კი საოპერაციოს. მსჯავრდებულს სწორედ ასეთ მანქანაში აწვენენ სპეციალურ საკაცეზე და უკეთებენ სასიკვდილო ინექციას. ეს ყველაფერი ხდება ვიდეოდაკვირვებით და მკაცრი წესების შესაბამისად.  

 

არსებობს ვერსია, რომ მოკლული მსჯავრდებულები ორგანოების დონორები ხდებიან, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ორგანოების გაყიდვა აკრძალა. აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ამის შემოწმება შეუძლებელია, რადგან სიკვდილით დასჯის შემდეგ მალევე დამნაშავის სხეულს კრემაციას უტარებენ (წვავენ).

 

ჩინოსნები სატრანსპორტო საშუალებას ტრადიციული დახვრეტის ცივილიზებულ ალტერნატივად მიიჩნევენ. იმავდროულად, მანქანები ეკონომიურია, რადგან ამ პროცედურისათვის სპეციალურ შენობებს არ აშენებენ. ასევე მსჯავრდებული შეიძლება სიკვდილით დასაჯონ იმ ადგილას, სადაც მან დანაშაული ჩაიდინა.

 

ჩინელი მსჯავრდებული სიკვდილით დასჯას საშუალოდ დაახლოებით 50 დღეს ელოდება. ზოგჯერ პროცედურას საგანგებოდ გადაავადებენ, რომ ის სპეციალურ თარიღს დაუკავშირონ, ან შეიძლება გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად გამოიტანონ. მაგალითად, ნარკოვაჭრობისთვის გასამართლებულების სიკვდილით დასჯის პროცედურა შეიძლება ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაამთხვიონ. ჩინეთში სასჯელის უმაღლესი ზომა განსაზღვრულია დაახლოებით 50-მდე სხვადასხვა დანაშაულისათვის.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში სიკვდილით დასჯილებზე ინფორმაცია ძალიან დახურულია, ამ მხრივ უარესი ვითარებაა ირანსა და საუდის არაბეთში.

 

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი სიკვდილით დასჯის სტატისტიკით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ამ ქვეყანაში მსჯავრდებულებს თავს კვეთენ, მათ სხეულებს კი საჯაროდ ხალხის დასანახად გამოფენენ ხოლმე. ზოგიერთი პროცედურა, როგორც გაფრთხილება სხვებისათვის, საჯაროდ ტარდება. არსებული ინფორმაციით, ბევრი მსჯავრდებული სასამართლომდე ჩვეულებრივზე დიდი ხნის განმავლობაში არის დაპატიმრებული, მათ აწამებენ და აიძულებენ იმ დანაშაულების აღიარებას, რომელიც არ ჩაუდენიათ; ხშირად გადაწყვეტილება ბოლო წუთამდე არ ცხადდება, არამედ მაშინ, როდესაც მსჯავრდებული უკვე ეშაფოტზეა.

 

იმავდროულად, საუდის არაბეთში სასიკვდილო განაჩენი შეიძლება შეიცვალოს. ამას დიის პრაქტიკას უწოდებენ. კერძოდ, ოჯახმა ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ შეიძლება უარი თქვას დამნაშავის სიკვდილით დასჯაზე. ასეთ შემთხვევაში საქმეს სამი თვით გადაავადებენ - ამ ხნის განმავლობაში ნათესავებმა საჭირო თანხა უნდა შეაგროვონ. ჩვეულებრივ აქ საქმეში ერთვებიან მომლაპარაკებლები, რომლებიც ასტრონომიულ თანხმებს ითხოვენ, რის გამოც პრაქტიკა სარფიან ბიზნესად იქცა.

 

ოჯახი იწყებს თანხის შეგროვებას და ცდილობს, დაარწმუნოს მდიდარი და გავლენიანი ადამიანები, რომ მათ ფული გაიღონ. ამ საქმისთვის მედიის და სოციალური ქსელების გამოყენებას კანონმდებლობა კრძალავს, მაგრამ ეს ცოტას თუ აბრკოლებს. 2011 წელს სამეფო ბრძანებით დიის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა - დაახლოებით 100 ათასი ევრო. მაგრამ იმის გამო, რომ მსგავს ბრძანებებს სავალდებულო ხასიათი არ აქვს, მას ცოტა თუ იცავს. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულის სიცოცხლის გამოსასყიდად 15 მილიონამდე ევროს ითხოვდნენ.  

 

შეწყალებული დამნაშავე პასუხისმგებლობისაგან სრულად არ თავისუფლება. 2016 წელს ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობისათვის გასამართლებულმა სულ ცოტა 5 წელი უნდა გაატაროს ციხეში.

 

ირანი

ირანი სტატისტიკით მეორე ადგილზეა. ფულის გადახდის პრაქტიკა ირანშიც აქვთ. იქ მსჯავრდებულის ოჯახს შეუძლია თანხის გადახდა მსხვერპლის ნათესავებისათვის და ასეთ დროს სიკვდილით დასჯა პატიმრობით შეიცვლება. 2017 წელს იქ სიკვდილით 507 ადამიანი დასაჯეს.

 

ირანში, ჩვეულებრივ პროცედურა დილით ადრე ტარდება და მას დაღუპულების და მსჯავრდებულების ოჯახები ესწრებიან. სიკვდილით დასჯის ფორმა - ჩამოხრჩობაა: გასამართლებულს ფეხებქვეშ სკამს აცლიან, ზოგჯერ ამას ამწეს საშუალებით აკეთებენ - დიდწილად საჯაროდ, სანახაობისათვის.

 

პატიმრები ირანშიც ჩივიან, რომ მათ აწამებენ აღიარებითი ჩვენებების მისაღებად. აღწერენ პატარა სამკაციან საკნებს და დამთრგუნველ ატმოსფეროს. ამასთან, ახლობლებთან პაემნები ძალიან შეზღუდულია: 45 დღეში ერთხელ 20 წუთი.

 

ეგვიპტე

სასიკვდილო განაჩენის რაოდენობით ეგვიპტემ ბოლო წლებში აშშ-ს გაუსწრო. 2017 წლის ბოლოს ამ ქვეყანაში მსჯავრდებულებს ყოველ ორშაბათს სჯიდნენ სიკვდილით. დეკემბრიდან მარტის დასაწყისამდე ეგვიპტეში სულ ცოტა 23 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

 

არსებული ინფორმაციით, მსჯავრდებულები განაჩენს დილეგის მსგავს ოთახებში (1,5X3 მეტრზე) ელოდებიან. ოთახები მიწის ქვეშაა, აქვთ პატარა სარკმელი და საპირფარეშოს ნაცვლად - ვედრო. მათ საჭირო სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. 2017 წელს სიკვდილით დასჯილთა უმრავლესობა ტერორიზმისთვის და გადატრიალების მცდელობისათვის გაასამართლეს. მთლიანობაში, ეგვიპტის სამოქალაქო და სამხედრო სასამართლოებმა ერთი წლის განმავლობაში სასჯელის უმაღლესი ზომა განუსაზღვრეს 330-ზე მეტ ადამიანს. ბევრი პროცესი საიდუმლოდ ჩატარდა.

 

ჯალათები

სიკვდილით დასჯა უკიდურესად რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია. თანამედროვე სამყაროში სულ უფრო ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელიც მზად არის საკუთარი მოქალაქეები მოკლას. საზოგადოებებში სასჯელის უმაღლესი ზომის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იზრდება, შესაბამისად სულ უფრო მეტი სახელმწიფო აუქმებს სიკვდილით დასჯის პრაქტიკას ან თავს იკავებს მისი აღსრულებისაგან.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში სასჯელის ამ ზომის მიმართ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ფაქტობრივად გათანაბრდა: მომხრეა 49%, მოწინააღმდეგე - 42%. მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს 50 წლის წინ დაფიქსირდა. ამასთან, აშშ-ში სულ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება ინექციის ნივთიერებებთან დაკავშირებით. შტატებში ცდილობენ ახალი მეთოდები მოიგონონ, მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო წინადადებაა - მსჯავრდებულის აზოტით მოკვლა, რაც ჯერ არსად გამოუყენებიათ.

 

სადავოა ისიც, რომ თითქოს ინექციები უმტკივნეულო და ჰუმანური ფორმაა. ბევრჯერ სიკვდილით დასჯა მსჯავრდებულის წამებაში გადაზრდილა, მათ შორის „სასიკვდილო კოქტეილის“ უხარისხო კომპონენტების გამო. განაჩენის ჰუმანურობას ეჭქვეშ აყენებს მისი სისრულეში მოყვანის ხშირი გადავადებაც.

 

სიკვდილის ხანგრძლივი მოლოდინის გამო მსჯავრდებულები ფსიქიკურად ავადდებიან, რაც დამახასიათებელია ჯალათებისთვისაც. ამიტომ მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ და ტრენინგებს უტარებენ; მათ მიერ განაჩენის აღსრულების რაოდენობაც ლიმიტირებულია. თუმცა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ციხის ზედამხედველები არიან, რომლებსაც მსჯავრდებულებთან ურთიერთობა აქვთ, შემდეგ კი მათ სიკვდილზე პირადად აგზავნიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი