logo_geo
მინესოტის ტყეში ორთავიანი ირმის ნუკრი იპოვეს
- +

15 მაისი. 2018. 20:25

 

მინესოტის შტატის ტყეში, სოკოს შემგროვებელი მუტანტ ქმნილებას გადააწყდა — ორთავიან ირმის ნუკრს, თუმცა, მკვდარს.

 

მეცნიერთა განცხადებით, შემთხვევა უიშვიათესია. აშშ-ის ტყეებში ყოველწლიურად ათობით მილიონი ირმის ნუკრი იბადება, მაგრამ მსგავსი პათოლოგიები იშვიათად ხდება.

 

ნუკრები სიამის ტყუპები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ირმებში ერთ-ერთი პირველია. ამ დრომდე, სიამის ასეთი ტყუპები მკვლევრებს მხოლოდ დაბადებამდე, წინასწარი გამოკვლევისას ჰქონდათ ნანახი.

 

სიამის ტყუპები უფრო დამახასიათებელია შინაურ ცხოველთათვის, მაგალითად, ხშირია ცხვრებში, ძროხებში, კატებში, მაგრამ გარეულ ცხოველებში ეს პათოლოგია იშვიათია.

 

1671-2006 წლებს შორის გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, ველურ ბუნებაში დაფიქსირებულია სიამის ტყუპების მხოლოდ 19 შემთხვევა. მათ შორის, ირემი მხოლოდ 5 იყო.

 

თეთრკუდიან ირმებში სიამის ტყუპები აქამდე მხოლოდ ორჯერ არის დაფიქსირებული. პათოლოგიის ზუსტი მიზეზი უცნობია.

 

სინამდვილეში, ეს კონკრეტული ორთავიანი ირმის ნუკრი 2 წლის წინ, 2016 წლის მაისში, მინესოტის შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთის ტყეში აღმოაჩინეს. პატარა ახალი მკვდარი იყო. გვამი მინესოტის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში გადააგზავნეს და გაყინეს, სანამ დეტალურად შეისწავლიდნენ.

 

მრავალმხრივი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნუკრებს ერთი სხეული ჰქონდათ, მაგრამ გულმკერდთან ხერხემალი ორად იყოფოდა, შესაბამისად, არსებას გააჩნდა ორი ცალკეული კისერი და ორი თავი.

 

წყალში მოთავსებისას, ფილტვები ჩაიძირა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ პატარები ვერ სუნთქავდნენ და მკვდრადშობილები იყვნენ. როგორც ანატომიამ აჩვენა, არ არსებობდა მათი ცოცხლად დაბადების შანსიც.

 

პატარებს ჰქონდათ კუჭ-ნაწლავის ორი სხვადასხვა ტრაქტი, მაგრამ ანუსთან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი იყო სრულად შეერთებული. გარდა ამისა, საერთო პერიკარდიალურ ღრუში ჰქონდათ ორი გული და ზედმეტი ელენთები. თუმცა, საზიარო ჰქონდათ ღვიძლი.

 

მკვლევართა თქმით, პატარებს ეტყობოდათ მოვლისა და ალოკვის კვალი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მშობიარობის შემდეგ, დედა ირემი მათ წაყვანას ცდილობდა, რადგან დედობრივი ინსტინქტი ძალიან ძლიერია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი