logo_geo
სტალინის მიერ სიკვდილს გადარჩენილი ლენინი
- +

30 დეკემბერი. 2016. 14:39



„სტალინის გონება და გამჭრიახობა რომ არა, ლენინს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 1917 წლის ივლისში მოკლავდნენ ტროცკის დაბეზღებით და ბოლშევიკებისთვის ხელისუფლებისკენ მიმავალი გზა გადაიკეტებოდა", - წერს ჟურნალი „თბილისელები". სტატიაში იმ ისტორიულ ფაქტზეა საუბარი, როდესაც სტალინმა ლენინი სიკვდილს გადაარჩინა. როგორც პროფესორი იოსებ კამსკი წერს, აღნიშნული ფაქტის შესახებ საბჭოთა ისტორიოგრაფია ათწლეულების განმავლობაში დუმდა და მხოლოდ 21-ე საუკუნეში გასაიდუმლოებულმა პარტიული არქივის ნაწილმა მოჰფინა მას ნათელი.


1917 წლის 30 ივნისს ტროცკისა და მისი მომხრეების დაჟინებული მოთხოვნით, პეტროგრადში პოლიტბიუროს სხდომა გაიმართა. ტროცკი დროებითი მთავრობის დამხობას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მოითხოვდა და აჯანყების მოწყობისკენ მოუწოდებდა თანაპარტიელებს. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიური ფრთა ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა ტროცკის მოთხოვნას და ლენინიც წინააღმდეგი იყო, მათ მაინც თავისი გაიტანეს და აჯანყება 3 ივლისს დაინიშნა. საკითხი კენჭისყრისას უბრალო უმრავლესობით გადაწყდა.

 

ცინიკურად მოღიმარ ბრონშტეინ-ტროცკის სტალინმა საკმაოდ ემოციურად უთხრა, რომ კენჭისყრაში გამარჯვება სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ის მართალი იყო. მან გააფრთხილა კიდეც ტროცკი, რომ ეს გადაწყვეტილება მას ოდესღაც წინ დაუხვდებოდა.


3-4ივლისის აჯანყება ჩაიშალა. სისხლიც დაიღვარა. დროებითმა მთავრობამ კი 40 ცნობილი ბოლშევიკის სასწრაფოდ დაპატიმრების ბრძანება გასცა და მათზე ძებნა გამოცხადდა. დასაპატიმრებლებს შორის იყო სტალინი და არ იყო ტროცკი. ლენინს კი, გერმანიის აგენტობაში ედებოდა ბრალი - სასწრაფოდ სასამართლოში გამოიძახეს და წინადადება მიეცა, თავი ემართლებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზეც ძებნა უნდა გამოცხადებულიყო.

 

ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე 7 ივლისს, პეტროგრადში, სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, ბოლშევიკთა კონსპირაციული შეკრება გაიმართა. იმ ბინის მეპატრონე, სადაც ეს შეკრება გაიმართა იხსენებს, რომ სტალინმა ტროცკი და ტროცკისტები მიწასთან გაასწორა და მეტიც, ბრონშტეინის მომხრეთა ნახევარი სტალინს მიემხრო და თავიანთ ძველ თანამოაზრეს შეუტიეს კიდეც. ბოლოს, ტროცკიმ და მისმა მომხრეებმა, შეკრების ადგილი უჩუმრად დატოვეს. ლენინმა კი, სასამართლოში გამოუცხადებლობის და იატაკქვეშეთში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.


შეკრების შემდეგ, სტალინმა მიიღო გადაწყვეტილება, ლენინის სხვა საიმედო ადგილზე გადაყვანის თაობაზე. ასეთ ადგილად რაზვილის ტბის მეორე მხარე შეარჩიეს. ღამით კი, როდესაც ლენინი ახალ ადგილზე გადაჰყავდათ, მის ძველ ადგილსამყოფელს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და უმოწყალოდ დაცხრილა.  ამ ფაქტის შემდეგ, სტალინი კიდევ უფრო დარწმუნდა იმაში, რომ მის გარემოცვაში მოღალატეობას ჰქონდა ადგილი.


სტალინი პროვოკატორად და მოღალატედ ტროცკის მიიჩნევდა, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთები არ ჰქონდა და ოფიციალურად არ ამბობდა. ლენინს კი მიაჩნდა, რომ ტროცკი მხოლოდ შეცდა და მისი მოღალატეობის არ სჯეროდა.

 

როგორც ანატოლი შოტმანი იხსენებს, აგვისტოს პირველ დეკადაში რაზვილში ცხოვრებაც სახიფათო იყო და სწორედ ამიტომ, ლენინის ფინეთში გადაყვანა გადაწყდა.


„8 აგვისტოს, საღამოს, სტალინმა პარიკი მოიტანა და ლენინს მოარგო. შემდეგ „შალაშში" სანთელი აანთო და სანთლის შუქზე წვერ-ულვაში მოპარსა, ყბა აუკრა, თითქოს კბილები სტკიოდა და სადგურ დიბუნებში ჩამომდგარ, პეტროგრადიდან მომავალ მატარებელში ჩავსხედით და ჰელსინკისკენ ავიღეთ გეზი. ლენინი, ჩვენი თანამებრძოლის, ივო კაპონაინენის ბინაში ჩავასახლეთ და მე, რახიე და სტალინი პეტროგრადში დავბრუნდით", - იხსენებს ანატოლი შოტმანი.

 

1917 წლის 3 სექტემბერს პეტროგრადში სტალინმა, ძერჟინსკიმ, კამომ, რახიემ და შოტმანმა ბანკის ეტლი გაძარცვეს, რომელსაც შეიარაღებული კაზაკები იცავდნენ და იქიდან 65 ათასი ოქროს მანეთი გაიტაცეს. ეს ოპერაცია თითქმის უსისხლოდ ჩატარდა, მხოლოდ ძერჟინსკის გაჰკრა ტყვიამ მარჯვენა ცერა თითში.

 

ამ თანხიდან 15 ათასი ოქროს მანეთი, ძერჟინსკიმ ლენინს ფინეთში ჩაუტანა, 50 ათასი კი, სტალინმა პარტიულ სალაროში შეიტანა. იმავე წლის 9 სექტემბერს, როდესაც სტალინი ერთი კონსპირაციული ბინიდან მეორეში გადადიოდა და აღნიშნული თანხაც თან ჰქონდა, სროლა ატყდა, რის შედეგადაც ორი თავდამსხმელი დაიღუპა, კამო მკლავში დაიჭრა, სტალინს კი ტყვიამ პალტოში გაუარა.


ბინიდან ბინაზე გადასვლის ამბავი სულ ოთხმა კაცმა, მათ შორის, ტროცკიმაც იცოდა და მხოლოდ 1929 წელს დასდო სტალინმა ბრალი ტროცკის მისი მკვლელობის მცდელობაში და ცოტა ხანში ქვეყნიდანაც კი გააძევა - თურქეთში.

 

რომ არა სტალინის გონება და გამჭრიახობა, ლენინს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 1917 წლის ივლისში მოკლავდნენ ტროცკის დაბეზღებით და ბოლშევიკებისთვის ხელისუფლებისკენ მიმავალი გზაც გადაიკეტებოდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი