logo_geo
თბილისური ტრადიციები – როგორ აღინიშნებოდა ყეენობა ძველ თბილისში
- +

22 მაისი. 2018. 02:34

 

 

დაარსებიდან დღემდე თბილისის ეთნიკური შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა. სწორედ ქალაქის ეთნიკური შემადგენლობა განსაზღვრავდა იმ დღესასწაულებს, რომლებიც თბილისში იმართებოდა. აღდგომა, შობა, ფეთხაინობა, ბაირამი, შაჰსეი – ვაჰსი - ეს ის რელიგიური დღესასწაულებია, რომლებიც თბილისში საუკუნეების განმავლობაში იმართებოდა. საერთო დღესასწაულებიდან  ყეენობა და მოგვიანებით ახალი წელი გახდა  განსაკუთრებით პოპულარული. ფიროსმანის თანამედროვე, თვითნასწავლი თბილისელი მხატვარი და მწერალი, კარაპეტ გრიგორიანცი  ყეენობას ასე აღწერს:

 

„ამ გვარი მაგალითი საქართველოს ხალხში ას წელიწადზე მეტი იყო მიღებული. სპარსეთის აღა მაჰმად შაჰი როდესაც უთვალავის ლაშქრით საქართველოს შემოესია და კრწანისის ველზე საზარელი სისხლის ღვრა დაიწყო, ეს ჩემი აწერილი ყეენობა სწორედ იმისი მაგალითი და დაუვიწყარი სახსოვარი იყო, ყოველწელს დიდმარხვის ორშაბათ დღეს საქართველოს ყველა სოფლებში და ქალაქებში დიდის ამბებით იმართებოდა ეს დღესასწაული. თუმცა შეგნებული კაცები და სასულიერო პირები ყოველთვის ხალხს უქადაგებდნენ, რომ ეს დღესასწაული ერთი ჯოჯოხეთური საქმის მაგალითია, მაგრამ ამით ხალხს ვერაფრით ერევოდნენ. თბილისში ყეენობა მეტათ სამაგალითოდ იმართებოდა, ასე რომ ყველა უბანში ერთმანეთის ჯიბრით უფრო უკეთესად მართავდნენ და მერე სასახლისკენ მიემართებოდნენ უფრო კარგი საჩუქრის მისაღებად. თითონ ყეენი ანუ შაჰი მოირთვებოდა გენერლის ტანისამოსით, ორდენებით და პაგონებით, თავზე სპარსულ გვირგვინს იდგამდა, ჩაჯდებოდა პაოსკაში და სამოვრის ტრუბას ხელში დაიჭერდა და იმით აქეთ იქით გასცქეროდა, ვითომ დურბინდია. შაჰის პაუსკის უკან მისდევდა თავის ამალა ექიმებით და ვეზირებით. შაჰის წინ კიდევ ბორკილ გაყრილი ტყვეები, მღვდლები, ვაჭრები და მეფე პატარძლები. ამ რიგათ ზურნის დაკვრით სასახლეს რო მიახლოვდებოდნენ, პაოსკაში მჯდომი შაჰი სხვა და სხვა ბრძანებას გასცემდა. მოხელები დაუყოვნებლად მაშინათვე ასრულებდნენ. ზოგს განგებ თავს მოსჭრიდნენ, ზოგს საწამლავს დაალევინებდნენ, ზოგ ლამაზ ქალს ჰარემხანისთვის შეინახავდნენ, ზოგს დამბაჩებით ხვრეტავდნენ, ამ გვარად მარჯვედ წარმოდგენის დროს მეფის მოადგილე მიხაილ ნიკოლოზის ძე თავის ოჯახობით აივანზე გამოვიდოდა და უხვათ დაასაჩუქრებდა ხოლმე. ქალაქის ყველა უბნების ყეენები სასახლის წინ მოქუჩდებოდნენ და ათასგვარად მასხარაობდნენ. შემდექ იქიდან დაიფანტებოდნენ ბაზრებში და სახლებში თავიანთ ჯიბე და უბე გასასუქებლათ.“

 

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ  ყეენობის დღესასწაული აიკრძალა და დავიწყებას მიეცა. სამაგიეროდ, გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, თბილისში ახალი დღესასწაულის, თბილისობის აღნიშვნა დაიწყეს. პირველი თბილისობა 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა. ინიციატორი საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე იყო. დედაქალაქში თავს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, ჩამოჰქონდათ ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელი სურსათ-სანოვაგე, იმართებოდა ბაზრობები, რასაც თან სდევდა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ირჩევდნენ საპატიო თბილისელს და ასე შემდეგ. 90-იან წლებში, საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ -ეკონომიკურ და პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისობის აღნიშვნა დროებით შეწყდა. ე.წ ვარდების რევოლუციის შემდეგ თბილისობის აღნიშვნა აღდგა და დღემდე გრძელდება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი