logo_geo
„როგორ შეიძლებოდა, არ მყვარებოდა?“ - კონკიასა და პრინცის რეალური სიყვარულის ამბავი
- +

30 დეკემბერი. 2016. 18:54


 

40 წელზე მეტია, მომხიბვლელი კონკიასა და რომანტიკული პრინცის ჯადოსნური სიყვარულის ისტორიას ბევრ ქვეყანაში სულმოუთქმელად ელიან. მართალია, ფილმის გადაღებიდან დიდი დრო გავიდა, მაგრამ გადამღები ჯგუფის წევრებს დღემდე ახსოვთ კადრს მიღმა პრინცისა და კონკიას როლების შემსრულებელთა სრულიად რეალური გრძნობები...

 


ჩეხ რეჟისორს ვაცლავ ვორლიჩეკს კონკიაზე ზღაპრის გადაღების სურვილი დიდხანს აწვალებდა, მაგრამ ფილმის გადასაღებად გამოყოფილი 3 მილიონი კრონი, ანუ დღევანდელი, დაახლოებით, 100 000 დოლარი არაფერში ჰყოფნიდა. ზღაპრული ისტორიის შექმნა, რომლის გმირები ულამაზეს ციხე-კოშკებში იცხოვრებდნენ, უძვირფასესი კოსტიუმები ეცმებოდათ და ჯიშიანი ბედაურებით იჯირითებდნენ, ამ თანხით შეუძლებელი იყო. ვაცლავი დახმარებისთვის  თავის გერმანელ მეგობრებს დაუკავშირდა, რომლებმაც ფილმის ბიუჯეტს დამატებით 3 მილიონი კრონა შემატეს, მაგრამ სანაცვლოდ, ფილმის ნაწილის გერმანიის ტერიტორიაზე გადაღება მოითხოვეს.


მეფე-დედოფლისა და პრინცის სასახლისთვის, საქსონიის ჰერცოგის ბრძანებით, დრეზდენთან ახლოს აგებული მორიცბურგის ციხესიმაგრეში შეარჩიეს.

კონკიას მამის რეზიდენციისთვის კი პლზენის მიდამოებში მდებარე ციხესიმაგრე გამოყვეს და მთავარი გმირების შემსრულებლებს ძებნა ჩეხეთისა და გერმანიის თეატრებში დაიწყეს.

 



როგორც კი ვორლიჩეკმა 19 წლის ჩეხი გოგონა ლიბუშე შაფრანკოვა დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ ეს მისი კონკია იყო. ლიბუშე შესანიშნავად გაუმკლავდა როლს.


„ის ულამაზესი იყო და მშვენივრად იჯდა უნაგირზე. ცხოვრებაში არ შემხვედრია მასავით ოსტატურად მოჯირითე მხედარი. ლიბუშემ და იურაშეკმა შესანიშნავად გაუგეს ერთმანეთს. ყველა ეპიზოდი, რომელშიც კონკია ცხენზე ზის, დუბლიორის გარეშეა გადაღებული. მხოლოდ ერთ ადგილას, სადაც ცხენი ტყეში წაქცეულ ხეს ახტება, არ გავრისკეთ და მსახიობი კასკადიორით შევცვალეთ. პრინცის როლიც ბრწყინვალედ შეასრულა პაველ ტრავნიჩეკმაც, თუმცა არც მას და არც „პრინცის მხლებლებს" გადაღებების დაწყებამდე ცხენით არასდროს უჯირითიათ და ყველაფრის სწავლება გადაღებების პროცესში მოგვიწია", -  იხსენებს რეჟისორი.


„სამი კაკალი კონკიასთვის" ეკრანზე 1973 წელს გამოვიდა. რეჟისორის მონდომებამ და სწორად შერჩეულმა მსახიობებმა ფილმის წარმატება განაპირობეს.


სად არიან და რას საქმიანობენ დღეს რომანტიკული ზღაპრის გმირები, ახსოვთ თუ არა 43 წლის წინანდელი გადაღების პროცესი და გრძნობა, რომელიც ოდესღაც აერთიანებდათ?


 

60 წელს გადაცილებული კონკია დღეს ჩეხეთში პოპულარული მსახიობია და კვლავ მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ პავლე ტრავნიჩეკთან კადრს მიღმა ურთიერთობებზე საუბარს გაურბის.


ლიბუშე შაფრანკოვას თქმით, თავისი ცხოვრების პრინცი - ცნობილი ჩეხი მსახიობი იოსებ აბრაგამი პრაღის თეატრში გაიცნო, მასთან მრავალი წელია, ბედნიერად ცხოვრობს და ჰყავს შვილი - ჩეხეთში ცნობილი პროდიუსერი იოსებ აბრაგამ უმცროსი.


„რა ურთიერთობა მქონდა ტრავნიჩეკთან? ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ. რაც შეეხება ფილმს, მახსოვს, რომ მუშაობის დაწყებისას, თოვლი საერთოდ არ იყო, შემდეგ კი იმდენი მოვიდა, რომ პავლე ტრავნიჩეკი თითქმის ცხენიანად დაიმალა. მე უამრავ ჩეხურ ფილმსა და სერიალში ვმონაწილეობ და ჯერჯერობით კარიერის დასრულებას არ ვაპირებ. როცა მსახიობობა გადავწყვიტე, მეხუთე კლასში ვიყავი. სახლიდან გავიქეცი, რომ პრაღაში მსოფლიოში ცნობილ კინოსტუდიაში მოვხვედრილიყავი. მართალია, სახლში დამაბრუნეს, მაგრამ ჩემი მშობლები მიხვდნენ, რომ გადაწყვეტილებას ვერ შემაცვლევინებდნენ. ასეც მოხდა. „სამი კაკალი" ნამდვილად ჯადოსნური ზღაპარია. ვფიქრობ, ჩემს კონკიაში ყველა გოგონა საკუთარ თავს ამოიცნობს, რადგან სულის სიღრმეში ყველას გვჯერა, რომ ოდესღაც, ცხოვრების გზაზე, შევხვდებით პრინცს, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად ვიცხოვრებთ", - ამბობს ლიბუშე შაფრანკოვა.



კონკიასგან განსხვავებით, რომელიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბის, პრინცის როლის შემსრულებელი პაველ ტრავნიჩეკი მედიისთვის ყოველთვის გახსნილია და ხალისით ჰყვება თავისი ცხოვრების შესახებ.


პაველი მხოლოდ როლებით კი არა, შესაშური ოპტიმიზმითაც არის ცნობილი და დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში მთავარი რომანტიკაა.


63 წლის მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული. ლიბუშესთან დაშორების შემდეგ საკუთარი კონკია ვეღარსად იპოვა, თუმცა იმედს დღემდე არ კარგავს. „გამუდმებით უნდა იოცნებოთ და ძალიან უნდა გინდოდეთ. ამაშია ცხოვრების აზრი", - დარწმუნებულია მსახიობი.

 

 

„კინოსინჯების დროს ყველამ მოასწრო ლამაზი ლიბუშეს შეყვარება, მაგრამ რეჟისორისთვის მე საუკეთესო აღმოვჩნდი და მთელი ძალით ვცდილობდი ამის დამტკიცებას. ღამღამობით დიალოგებს ვიზეპირებდი, მშვილდიდან სროლას, ცეკვასა და ცხენით ჯირითს ვეუფლებოდი. ფილმის რეჟისორს დუბლიორის გამოყენებაც კი არ დასჭირდა სახიფათო ეპიზოდებისთვის. ერთადერთი, რასაც ვერ გავუმკლავდი, ეს იყო ჩემი მორავიული აქცენტი და საბოლოოდ, დუბლიორმა გამახმოვანა. ჩვენ ძალიან თხლად გვეცვა, რადგან ფილმის გადაღება ზაფხულში იგეგმებოდა. ოცგრადუსიან ყინვაში, შარვლის ნაცვლად, თხელ კოლგოტებში ვიყავი, მაგრამ ლიბუშესა და ჩემი გრძნობები იმდენად მხურვალე იყო, სიცივეს ვერ ვგრძნობდით... როგორ შეიძლებოდა, არ მყვარებოდა? უგონოდ მიყვარდა. დუბლებს შორის შესვენებებზე, სანამ გადამღები ჯგუფი თავისი საქმეებით იყო დაკავებული, მასთან ერთად ტყეში ვიპარებოდი ხოლმე და თავდავიწყებით ვკოცნიდი. შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყარა. ის ცოლად სხვას გაჰყვა და შესანიშნავი კარიერა გაიკეთა. მე საკუთარი სამსახიობო სააგენტო გავხსენი. რაც შეეხება ჩემს კონკიას, სამჯერ ვიყავი დაქორწინებული და ორი მოზრდილი ვაჟიც მყავს, მაგრამ სამივე ქორწინება გაყრით დასრულდა. ამჟამად, მეგობარ ქალთან, მონიკა ფიალკოვასთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც ჩემზე 34 წლით უმცროსია. ერთმანეთი მუსიკალურ კონკურსზე გავიცანით, სადაც წამყვანი ვიყავი. ახლა ისაა ჩემი კონკია. მე ხომ დღემდე რომანტიკოსად დავრჩი".



რამდენიმე წლის წინათ კონკიას როლის შემსრულებელი ლიბუშე შაფრანკოვა, უმძიმესი დიაგნოზით, საავადმყოფოში მოხვდა. სხვა მის ადგილას ფარ-ხმალს დაყრიდა, თუმცა კონკია რისი კონკია იყო, რომ ბედს შერიგებოდა. ლიბუშემ მოახერხა, ავადმყოფობა დაემარცხებინა და თეატრში თამაში და კინოში გადაღებები გაეგრძელებინა.

 

„ცხოვრება სამი მთავარი რამისგან შედგება: ღმერთის რწმენა, სამუშაო და ოჯახი. ეს მაძლევს ძალას, ვიცოცხლო და შევქმნა", - ამბობს ლიბუშე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.


რაც შეეხება დანარჩენ მსახიობებს, დანიელა გლავაჩოვა, რომელიც ფილმში კონკიას ნახევარდის როლს თამაშობს, გადაღების პროცესში ფეხმძიმედ იყო და მას გადამღები ჯგუფის ყველა წევრი განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა.


მოგვიანებით გლავაჩოვამ თავისი მომავალი ხელოვნებათმცოდნეობას დაუკავშირა და დღემდე ამ მიმართულებით მუშაობს. 




დედინაცვლის როლის შემსრულებელი, გერმანელი მსახიობი კაროლა ბრაუნბოკი 1978 წლის 4 ივლისს, ბერლინში გარდაიცვალა.





უზარმაზარი, წითელკაბიანი პრინცესა დრობენას როლს, რომელიც მეჯლისზე პრინცთან ცეკვას ცდილობდა, ჩეხი მსახიობი ჰელენა რუჟიჩკოვა ასრულებდა. იგი 2004 წელს, 67 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა.




მეფის როლის შემსრულებელი როლფ ჰოპე 82 წლისაა და დღემდე თეატრის მსახიობია.


რაც შეეხება კეთილშობილ დედოფალს, მის როლს წარმოშობით შვეიცარიელი და გერმანიაში მცხოვრები მსახიობი კარინ ლეჩი ასრულებს. „სამი კაკალი კოკიასთვის" ლეჩისთვის ბოლო ფილმი იყო. იგი 1974 შემდეგ ეკრანებზე აღარ გამოჩენილა. ჰყავდა მეუღლე ჰანს-დიტერ მეიდე, გერმანელი რეჟისორი და ყოფილი გდრ-ის სახელმწიფო კინოსტუდიის დირექტორი. ამჟამად კარინ ლეჩი ბერლინთან ახლოს პატარა დასახლებაში ცხოვრობს და არ ეკონტაქტება მედიას.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი