logo_geo
აღმოჩენილია 6 უცნაური, ცარიელი გალაქტიკა, რომლებშიც ვარსკვლავები არ არის
- +

29 მაისი. 2018. 21:33

 

როდესაც გალაქტიკების შესახებ ფიქრობთ, პირველ რიგში, ალბათ წარმოგიდგებათ ვარსკვლავებით გადავსებული კაშკაშა სფერო. თუმცა, ახლახან ასტროფიზიკოსებმა რაღაც ძალზედ განსაკუთრებული იპოვეს — ადრეული სამყაროს გალაქტიკები, რომლებშიც ვარსკვლავები ან სრულიად არ არის, ან ძალიან ცოტაა.

 

მიჩნეულია, რომ ეს ვარსკვლავნაკლული, ასევე ცნობილი, როგორც ბნელი გალაქტიკები, შესაძლოა, გალაქტიკის ფორმაციის ძალიან ადრეულ ეტაპს წარმოადგენდეს. ზოგიერთი თეორეტიკული მოდელის მიხედვით, ისინი გაცილებით გავრცელებული უნდა ყოფილიყო ადრეულ სამყაროში, როდესაც გალაქტიკებში ვარსკვლავები ბევრად უფრო რთულად წარმოიქმნებოდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბნელი გალაქტიკები არ შეიცავს ვარსკვლავებს და მოიცავს მხოლოდ გაზსა და მტვერს, ისინი მცირე ოდენობით მაინც გამოყოფენ ხილულ სინათლეს, რაც საკმაოდ ართულებს მათ დაფიქსირებასა და შესწავლას. ამ დრომდე აღმოჩენილია სულ რამდენიმე მათგანი.

 

შესაბამისად, ექვსი მათგანის აღმოჩენა მეცნიერებს დიდად დაეხმარება, შეისწავლონ ბნელ გალაქტიკათა რაობა და მათი ადგილი გალაქტიკების ფორმაციაში.

 

შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის მკვლევრებმა ისინი ძველი და ახალი მეთოდების კომბინირების გზით აღმოაჩინეს.

 

მეთოდი ეყრდნობა კვაზართა არსებობას. კვაზარები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტებია, რომლებსაც წარმოქმნის გალაქტიკათა ცენტრებში განთავსებული სუპერმასიური შავი ხვრელები. სინათლე არა თავად შავი ხვრელისგან, არამედ აკრეციის დისკოსგან მომდინარეობს, რომელიც წარმოიქმნება შავ ხვრელში ჩამავალი მატერიის ხახუნისა და გაცხელების შედეგად.

 

ისინი გამოყოფენ უმძლავრეს ულტრაიისფერ გამოსხივებას, რომელიც აკაშკაშებს ახლომდებარე წყალბადის ატომებს. ამ გამოსხივებას ლიმან-ალფას ხაზს უწოდებენ.

 

თუკი წყალბადით სავსე ბნელი გალაქტიკა მდებარეობს ისეთ გალაქტიკასთან ახლოს, რომლის ცენტრშიც კვაზარია მოთავსებული, იგი კოსმოსური სასიგნალო შუქივით მოქმედებს და ეს ხაზი მის სპექტრშიც ჩნდება.

 

ამ მეთოდს ადრეც იყენებდნენ, ძირითადად 2012 წელს, როცა ადრეული სამყაროს ბნელ გალაქტიკათა კანიდატების რაოდენობის გარკვევას ცდილობდნენ. ამისათვის მკვლევრები ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ძალიან დიდ ტელესკოპს (VLT) იყენებდნენ.

 

თუმცა, 2014 წელს ამ ტელესკოპს ახალი ინსტრუმენტი დაამატეს — Multi Unit Spectroscopic Explorer, იგივე MUSE. შედეგად, ჯგუფმა უფრო შორს გახედვა და მეტი ადრეული გალაქტიკის დაფიქსირება შეძლო, ვიდრე ამის საშულებას წინა ინსტრუმენტი იძლეოდა.

 

მკვლევრებმა MUSE ექვსი კვაზარული ველისკენ მიმართეს და თითოეულ მათგანს 10 საათის განმავლობაში დააკვირდნენ.

 

ბნელი გალაქტიკის თითოეული კანდიდატისგან მათ სრული სპექტრული ინფორმაცია მიიღეს. ამის შემდეგ, გამოარჩიეს ისეთები, რომლებიც აშკარად არ იყვნენ ჩვეულებრივი, ვარსკვლავთწარმოქმნელი გალაქტიკები.

 

ჯერ კიდევ არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ ეს ობიექტები მართლაც ბნელი გალაქტიკებია, მაგრამ ან ტიპს ისინი ყველაზე მეტად ჰგვანან ამ დრომდე აღმოჩენილ ყველა სხვა კანდიდატს შორის.

 

მკვლევართა თქმით, MUSE-ის საშუალებით ჩატარებული ყოველი დაკვირვების შემდეგ, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ხდება ცნობილი გალაქტიკათა ფორმაციის ამ ადრეული და ბნელი ფაზის შესახებ.

 

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი