logo_geo
ბერია და ორთაჭალის ბაღები – რას იხსენებს ორთაჭალელი მებაღე
- +

1 ივნისი. 2018. 19:01

 

სანამ XX საუკუნეში მტკვრის სანაპიროები გამაგრდებოდა და მდინარის კალაპოტი კედლებს შორის მოექცეოდა, თბილისსა და მის შემოგარენში რამდენიმე დიდი თუ მცირე კუნძული არსებობდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო და დიდხანს იარსება კუნძულმა ორთაჭალამ.

 

ორთაჭალის კუნძული სიგრძით 800, ხოლო სიგანით 600 მეტრზე მეტი იყო. ვახუშტი ბაგრატიონს ორთაჭალა თბილისის 1735 წლის გეგმაზე აღნიშნული აქვს, როგორც კრწანისის ბაღი. კუნძული მტკვრის ძირითად კალაპოტსა და მის მარჯვენა ტოტს შორის იყო მოქცეული. სახელწოდებაც მდებარეობით უნდა აიხსნას – ორთა (წყალს) შორის მდებარე ჭალა.

 

 

კუნძული ლამაზად მოწყობილი ბაღებით იყო დაფარული, რომლებიც ერთმანეთისგან პატარ-პატარა, ვიწრო ქუჩებით იყო გამიჯნული.

 

ორთაჭალის კუნძული  მტკვრის მარჯვენა ნაპირს ხის საცალფეხო ხიდით უკავშირდებოდა. აქაური ბოსტნეული, ყოველ  დილით, გოდორაკიდებული ვირებით მიჰქონდათ ქალაქის ბაზრებში. რადგან ჭირნახული ხიდზე სახედრებს გადაჰქონდათ, ხიდს „ვირის ხიდს“ უწოდებენ.

 

 

ქალაქიდან ორთაჭალაში გადასვლა ნავითაც ხდებოდა, რომელსაც საგანგებოდ მიჩენილი მენავე ემსახურებოდა.  მენავის პირდაპირი მოვალეობა  მებაღეების, ბაღის მეპატრონეებისა და სხვათა გადაყვანა იყო. ორთაჭალის ბაღები მეფის ოჯახს, თავადაზნაურობას და ქალაქის მაღალ საზოგადოებას ჰქონდა გაყოფილი.  კერძო მესაკუთრეები, ძირითადად, ვაჭრები, ბაღებს XIX საუკუნეში დაეუფლნენ.

 

ორთაჭალის ბაღებზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ი. გრიშაშვილი წერდა: „ძველად ქალაქ გარეთ მხოლოდ ორი დროის გასატარებელი ადგილი არსებობდა: მდაბიო ხალხისათვის – ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის – მუშტაიდი, ამიტომ ეს დღეობებიც ყარაჩოღელთათვის ერთი იმ გასართობთაგანი იყო, სადაც ჯანსაღ ბუნების წიაღში დაგუბებულ გრძნობას სრულ თავისუფლებას აძლევდნენ და მთელი სამი დღის განმავლობაში ჯიგრიანად ლოთობდნენ“.

 

 

გაზეთი „დროება“, 1869 წლის 19 ივნისი: „აბა რა შეედრება ამ პოეტიკურ არეულდარეულობას, უსწორმასწორობას, ვაზის თალარს, მაღალ კაკლის წენგოთი დატვირთული ხის საამურ სუნსა, თვალის შესაქცევარ და პირში წყლის მომგვრელ სხვადასხვა ხილს და ბოლოს ყურის გამაღვიძებელ ჩარზის ხრიალ–ჭრიალისა. ახლა, სიმღერა, ახლა დუდუკი, დაირა, ცივ–ცივი თუთა, ბალი… აბა როგორ შეედრება ამას ზემოთ ხსენებული ბაღები თავის თანასწორეთ გადამარგვლილი ხეებით და დანაყილი აგურით დატკეპნილი ხეივნებით, ერთი ხალიჩა რომ გინდოდეთ, ერთი მუთაქა, იქ ვერ იშოვით, რომ ორიოდე წამით წამოწვეთ ან მუხლი მოიკეცოთ“.

 

 

ორთაჭალაში საკუთარი ბაღი ლავრენტი ბერიასაც ჰქონია. მის ბაღს ერთ-ერთი ადგილობრივი მებაღე მიხეილ ძიძიგური უვლიდა.

 

მოგვიანებით მიხეილ ძიძიგური იხსენებდა: „ერთ დღეს ბაღში შემოვიდნენ ლავრენტი ბერია და მისი მეუღლე ნინო გეგეჭკორი. ბერიამ ბაღში ორი შუშა კიტრი მოწყვიტა და შემდეგ ცოლ-ქმარი ჩემკენ გამოემართა. ორივე მომესალმა, ხელი ჩამომართვა და მთხოვა, მომეტანა სკამი, დანა, თეფში და მარილი. მე მათ ვთხოვე, შინ შემოსულიყვნენ, მაგრამ ბერიამ სიცილით მითხრა: მე კაბინეტში ჯდომა არ მაკლია, ცის ქვეშ ყოფნა უფრო მსიამოვნებსო. თხოვნა შევუსრულე. შემდეგ მკითხა, როგორ გეპყრობიან ჩემი თანამშრომლები, ხომ არ გავიწროებენო. – არა, ბატონო, ყველაფერი კეთდება მებაღეების სასარგებლოდ-მეთქი, – ვუპასუხე. შემდეგ მთხოვა, რომ ბაღებში და მის მიდამოებში დარგული არც ერთი ხე არავინ მოჭრასო“.

 

ბერიასა და ორთაჭალის ბაღებს უკავშირდება მცირე ნაწყვეტი ტერენტი გრანელის მოგონებიდან: „ერთხელ ორთაჭალაში მივდიოდი ჩემს ნაცნობ მებაღე ილიკო ელიავასთან. გზაზე ბამბის საპენტავ ფაბრიკასთან ვიღაცამ მანქანა გააჩერა, შევცბუნდი, შევხედე – ლავრენტი ბერია იყო. მკითხა, საით გაგიწევიაო. მებაღეებთან მივდივარ, ბატონო ჩემო-მეთქი. ჰო, ეს კარგია! ხელი ჩამომართვა და გზა განაგრძო. მე კი ვინახულე ჩემი ნაცნობი მებაღე ილიკო ელიავა, რომელსაც ვუამბე ბერიასთან ჩემი შეხვედრის ამბავი. მან გაიცინა და მითხრა, – ბერია ხშირად ხვდება და საუბრობს ორთაჭალა-კრწანისის მებაღეებთანო“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორთაჭალის ბაღების ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში დასრულდა. მტკვარი ბეტონის კალაპოტში მოაქციეს, აშენდა ორთაჭალჰესი, მტკვრის ტოტი მოისპო და კუნძულმაც არსებობა საბოლოოდ შეწყვიტა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი