2015 წლის 13 ივნისის, მანამდე არნახული ტრაგედია ყველას გვემახსოვრება. სტიქიამ უბედურება მოუტანა თბილისს 1924 წლის 12 ივნისსაც, ზუსტად დღევანდელ დღეს, 94 წლის წინ. მდინარე ვერეზე კატასტროფული წყალმოვარდნა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. მაშინდელი პრესიდან მომხდარს მხოლოდ გაზეთები „კომუნისტი” და „მუშა“ გამოეხმაურნენ, თუმცა ბევრს არაფერს წერდნენ. გაზეთი „კომუნისტი“, 1924 წლის 13 ივნისს, ერთ-ერთ ქრონიკაში აქვეყნებს მოკლე ინფორმაციას სათაურით – “კუდიანი ქარი თბილისში” – სადაც ვკითხულობთ: “11 ივნისს, საღამოს 7-ნახ საათზე თბილისში ამოვარდა ძლიერი (კუდიანი) ქარი, რომელიც ერთი საათის განმავლობაში არაჩვეულებრივი სიმძლავრით ქროდა. ქალაქის განაპირა ადგილებში სახლებს ააგლიჯა სახურავები და ჩალეწა ფანჯრის მინები. დასწყვიტა ტელეგრაფის მავრთულები, ვერის დაღმართზე დაანარცხა 2 ქალი. ქარმა ქუჩებში დააყენა საშინელი კორიანტელი და ნახევარი საათის განმავლობაში ქუჩაში შეუძლებელი გახდა გამოსვლა. ამავე ხნის განმავლობაში ანათებდა „მკვდართა მზე“, წვიმა არ ყოფილა“.
არც გაზეთ „მუშის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაა უფრო ვრცელი, ახალი ამბების განყოფილებაში ვხვდებით მოკლე განცხადებას სათაურით – „არაჩვეულებრივი ქარი ტფილისში“: “11 ივნისს, საღ. 7 ნახ. ს. ასტყდა დიდი ქარი. ქარი გაგრძელდა სულ ერთი საათი, მაგრამ ქალაქის ზოგიერთ განაპირა ადგილებს ზიანი მიაყენა. დიდუბის რაიონში ქარმა სახლებს ფანჯრები ჩაუმტვრია. იყო შემთხვევები, რომ მოგლიჯა სახლის სახურავები. ვერის დაღმართზე მიმავალი ორი ქალი წააქცია და დააშავა. ქარმა ქუჩებში დიდი ბუქი დააყენა და რამდენიმე ხნის განმავლობაში ქუჩაში შეუძლებელი გახდა სიარული. ქარს წვიმა არ მოჰყოლია“.
ამ ორი მცირე და იდენტური ინფორმაციით, მაინც ვიგებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს. განსაკუთრებით კი იმას, რომ ვერეზე წყალმოვარდნას წინ უსწრებდა 11 ივნისს უცაბედად ამოვარდნილი „კუდიანი ქარი“, რომლის სიძლიერეც დამანგრეველი აღმოჩნდა. ასევე ყურადსაღებია, რომ წყალმოვარდნამდე 24 საათით ადრე არც კი წვიმდა. კატასტროფული წყალდიდობისა და მსხვერპლის არსებობის შესახებ უკვე ვიგებთ გაზეთ „კომუნისტის“ შემდეგი, 14 ივნისის ნომრიდან. „წყალდიდობის მსხვერპლნი“ – ასეა დასათაურებული გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც ნათქვამია: „როგორც ჩვენი გაზეთის 13 ივნისის ნომერში იყო აღნიშნული, 11 ივნისს, საღამოს 7 საათზე თბილისში ამოვარდა კუდიანი ქარი, რომელმაც ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლებელი გახადა ქუჩაში გამოსვლა დაყენებული კორიანტელის გამო. ხოლო 12 ივნისს, საღამოს 8 საათზე დაიწყო ელვა და ქუხილი, რასაც მოჰყვა ჯერ ნელი და შემდეგ ძლიერი წვიმა, რომელიც გაგრძელდა 1 საათს. წვიმამ აადიდა ღელეები, რასაც მოჰყვა შემდეგი უბედური შემთხვევა: 1-ლ სამილიციო უბანში, ვერის ღელესთან, ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხნის მახლობლათ, ჩვეულებრივათ დაბინავებულან მახლობელ სოფლიდან ჩამოსული გლეხები ურმებით ღამის გასათევათ. გლეხები მოჰყვნენ წვიმაში, მოულოდნელათ აღნიშნული ღელედან მოვარდნილა ძლიერი ნიაღვარი და იქ დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარ-ურმებით გაუტაცნია და შეუყრია მტკვარში. დაღუპულთა რაოდენობა და ზარალი გამოურკვეველია. უბედურების ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდა მილიციის უფროსი და ცეცხლის მქრობელი რაზმი”.
მაშასადამე, 11 ივნისს „კუდიანი ქარით“ დაწყებული სტიქიური მოვლენები, 12 ივნისს ძლიერი წვიმით გაგრძელდა, რომელსაც საღამოს 9 სათზე მდინარე ვერეზე ძლიერი წყალმოვარდნა მოჰყვა. სავარაუდოა, რომ 12 ივნისს დაწყებული სტიქიური მოვლენები 13 ივნისსაც გადასწვდა, თუმცა კულმინაციური მომენტი 12 ივნისს, დაახლოებით, საღამოს 9 საათიდან უნდა განვითარებულიყო. ამ დროისთვის, უცაბედად მოვარდნილმა ნიაღვარმა ხალხი გაიტაცა და მტკვარში ჩაახრჩო. გამოქვეყნებული ინფორმაცია ძალიან მწირია და გასაკვირია, რატომ არ დაუთმო მაშინდელმა პრესამ ამ ფაქტს მეტი ყურადღება და რატომ არის ასე ზერელედ განხილული ტრაგედია, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზარალის შესახებაც ბევრს ვერაფერ ვიგებთ. ცეცხლის მქრობელი რაზმის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებაც არაფერია ნათქვამი, რომელთაც სამაშველო ფუნქცია ჰქონდათ იმ ხანებში.
1924 წელს მომხდარი სტიქიის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია გვაფიქრებინებს, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ მაქსიმალურად მიჩქმალა მომხდარი ფაქტი, თითქოს რაღაცის დასაფარად. აშკარაა, რომ ცენზურა მაგრად მუშაობდა, ამას იქიდანაც მივხვდებით თუ ორი გაზეთის („მუშა“ და „კომუნისტი“) 13 ივნისის ნომრებში გავრცელებულ ინფორმაციებს შევადარებთ, თითქოს ორივე გაზეთისთვის ტექსტი, ერთი და იმავე ადამიანს მოუმზადებიაო. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ვერეს მიერ მოკლულ ადამიანთა არც ზუსტი და არც სავარაუდო რაოდენობა არ გამოქვეყნებულა, მსხვერპლი აშკარად დიდი იყო, რისი დამალვა მაინც შეუძლებელი გახდა, ამის მიზეზი კი, მტკვარში ნაპოვნი ადამიანების ცხედრები იყო. სტიქიიდან 20 დღის განმავლობაში გაზეთში „კომუნისტი“ ქვეყნდებოდა ინფორმაცია მტკვარში ნაპოვნი გვამების შესახებ, რომელთა სიმრავლეც, დროის მოკლე პერიოდში, აშკარად კითხვის ნიშნებს აჩენდა, თუმცა ამ ფაქტებს კომუნისტური ხელისუფლება მომხდარ წყალდიდობას არანაირად არ უკავშირებდა. ასეთი შინაარსის იყო განცხადებები; „გვამის პოვნა. 13 ივნისს დილით მადათოვის კუნძულთან მტკვრის ნაპირზე იპოვეს წყალში დამხრჩვალი კაცის გვამი. რომელიც აღმოჩნდა მოქ. მამედ კული-ოღლი სოფ. სარვანის მცხ”. ამოვიკითხე ასეთი განცხადებაც: „გვამის პოვნა. 13 ივნისს სოფ. ჯარაჯალაში (ყარაიაზის რაიონი)ამავე სოფელში ჩამავალ მტკვარის პირას მოქ. ომარ მეხტი-ოღლიმ იპოვა დამხრჩვალი ქალის გვამი, დაახლოებით 26 წლისა, სრულებით შიშველი“. მტკვარში გვამების პოვნის შესახებ განცხადებები 22 ივნისსაც და 25 ივნისსაც გამოაქვეყნა გაზეთმა „კომუნისტი“. მათ ნაწილს უბრალოდ დამხრჩვალ ადამიანებად მოიხსენიებდნენ, ხოლო არაერთ ადამიანზე გაზეთში წერდნენ, რომ მოქალაქეები სხვადასხვა დროს თავის მოკვლის მიზნით მტკვარში გადახტნენ და დაიხრჩვნენ. თვითმკვლელთა ასეთი მომრავლება კი, სტიქიიდან 20 დღის განმავლობაში ნამდვილად საეჭვო ამბავია და სავარაუდოა, რომ ნაპოვნი გვამების სიკვდილის მიზეზი ვერეზე მომხდარ წყალმოვარდნას უფრო უკავშირდებოდა, ვიდრე თვითმკვლელობებს. თვითმკვლელობებად მონათვლა მომხდარი ტრაგედიის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა და აშკარაა, რომ კომუნისტები რეალური მიზეზის დაფარვას ცდილობდნენ, შედეგად კი საბოლოოდ ყველაფერი მოქალაქეებს გადააბრალეს.
ის, რომ სტიქია დამანგრეველი იყო, ამას დაზიანებული გარემოც მოწმობდა. გაზეთ „მუშის“ 14 ივნისის ნომერში, სტიქიიდან 2 დღეში მსხვერპლზე ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი, მაგრამ ქვეყნდება მოკლე ინფორმაცია სათაურით „ვარაზის ხევის გამაგრება“: „ქ. აღმასკომის კეთილმოწყობის სექციამ გადასწყვიტა შეაკეთოს და გაამაგროს ვარაზის ხევი (სახელმწ. უნივერსიტეტის პირდაპირ)“. ეს განცხადება, რომელიც სტიქიიდან ორ დღეში ქვეყნდება, კიდევ ერთი ირიბი დადასტურებაა (თუ არა პირდაპირი) იმისა, რომ წყალმოვარდნა მართლაც ძალიან ძლიერი იყო და 1924 წლის 12 ივნისს, არა მხოლოდ ვერე გამძვინვარებულა, არამედ ვერეს მარჯვენა შენაკადი ვარაზისხევიც.