logo_geo
ათი შეხვედრა, რომელმაც ისტორია შეცვალა
- +

15 ივნისი. 2018. 21:45

 

დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის სამიტი სინგაპურში აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის მოქმედი ლიდერების პირველი შეხვედრა გახლდათ. მათი ხელის ჩამორთმევის კადრები მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სხვადასხვა სახელმწიფოთა ლიდერების ყველა შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა ნიშნეული არ არის, თუმცა რამდენიმე მათგანმა ისტორიის მდინარება მართლაც შეცვალა.

 

 

ნევილ ჩემბერლენი და ადოლფ ჰიტლერი


 


1938 წლის 22 სექტემბერს გერმანელი დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი ხელს ართმევს ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ნევილ ჩემბერლენს სასტუმრო გოდესბერგში, გერმანიის ქალაქ ბონთან ახლოს.

ჰიტლერი და ჩემბერლენი ერთმანეთს სუდეტების ოკუპაციის საკითხის განსახილველად შეხვდნენ. სუდეტების ტერიტორიის ნაწილი იმ დროს ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში შედიოდა. ჩემბერლენი ბრიტანეთში დაბრუნდა იმის მყარი განცდით, რომ მშვიდობას მიაღწია. შეხვედრიდან ერთ წელიწადში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.

 

 

უინსტონ ჩერჩილი, ჰარი ტრუმენი, იოსებ სტალინი

 



1945 წლის 23 ივლისს პოტსდამის კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტი გარი ტრუმენი ხელს ართმევს ბრიტანეთის პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილს (მარცხნივ) და საბჭოთა ლიდერს იოსებ სტალინს (მარჯვნივ) .

ლიდერების შეხვედრის მიზანი, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპის და კერძოდ გერმანიის ბედზე მსჯელობა იყო. საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დეგოლი ამ შეხვედრაზე არ მიიწვიეს.

 

 

ლინდონ ჯონსონი და მარტინ ლუთერ კინგი

 



1964 წლის 2 ივლისს ვაშინგტონში, თეთრ სახლში სამოქალაქო უფლებების შესახებ კანონის ხელმოწერის ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ხელი ჩამოართვა მარტინ ლუთერ კინგს.

ამ კანონით აიკრძალა საზოგადოებრივ ადგილებში სეგრეგაცია და სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის და ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით.

 

 

მაო ძედუნი და რიჩარდ ნიქსონი

 



1972 წლის 21 თებერვალს პეკინში კომუნისტური ჩინეთის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე მაო ძედუნი ხელს ართმევს აშშ-ის პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს.

ეს ნიქსონის პირველი ვიზიტი იყო ჩინეთში ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტიდან 23 წლის შემდეგ. ახალმა კავშირებმა დაასრულა არამხოლოდ მტრობის და უნდობლობის წლები, არამედ გზა გაუხსნა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ათწლეულებს.

 

 

რონალდ რეიგანი და მიხეილ გორბაჩოვი

 



1985 წლის ნოემებრში შვეიცარიის დედაქალაქ ჟენევაში გამართულ პირველ სამიტზე ერთმანეთს შეხვდნენ სსრკ-ს ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი და აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი. ამ დროს ცივი ომი დასასრულს უახლოვდებოდა.

 

 

მარგარეტ ტეტჩერი და ნელსონ მანდელა

 


ფოტო: Reuters

1990 წლის 4 ივლისს, ლონდონში თავისი რეზიდენციის შესასვლელთან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი მარგარეტ ტეტჩერი ხელს ართმევს აფრიკის ნაციონალური კონგრესის პრეზიდენტს, ნელსონ მანდელას.

წარსულში, ტეტჩერმა აფრიკის ნაციონალურ კონგრესს ტიპური ტერორისტული ორგანიზაცია უწოდა. შეხვედრიდან 4 წლის შემდეგ ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა.

 

 

იცხაკ რაბინი და იასირ არაფატი

 



1993 წლის 13 სექტემბერს, ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ პალესტინელი ლიდერი იასირ არაფატი და ისრაელის პრემიერმინისტრი იცხაკ რაბინი ერთმანეთს ხელს ართმევენ.

მრავალწლიანმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ხელი მოაწერეს ისრაელს და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას შორის „პრინციპების დეკლარაციას“. დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდა ნორვეგიის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც „ოსლოს შეთანხმების“ სახელით არის ცნობილი.

შეთანხმების მიზანი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის სამშვიდობო დარეგულირება გახლდათ. დოკუმენტს ხელი მოეწერა აშშ-ის პრეზიდენტის ბილ კლინტონის თანდასწრებით. ხელმოწერის შემდეგ არაფატმა და რაბინმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

 

 

ელისაბედ მეორე და მარტინ მაკგინესი

 



ფოტო: Getty Images
 
2012 წლის 27 ივნისს ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტის დროს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ხელი ჩამოართვა ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი მინისტრის მოადგილე მარტინ მაკგინესს.

მაკგინესის პარტია ჩრდილოეთ ირლანდიის ბრიტანეთისგან გამოყოფას მოითხოვდა. ამასთან, მანამდე მაკგინესი იყო ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA) ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ბრიტანეთის ძალოვანი უწყებების წინააღმდეგ ტერორისტულ ბრძოლას აწარმოებდა.

ბელფასტში ხელის ჩამორთმევა რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ თავად ხელის ჩამორთმევის ფაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგვიანებით, მაკგინესმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა იყო ბრიტანეთს და ირლანდიას, ასევე თავად ირლანდიელებს შორის ახალი ურთიერთობების განსაზღვრის შესაძლებლობა.

 

 

ბარაკ ობამა და რაულ კასტრო

 



2016 წლის 21 მარტს კუბის დედაქალაქ ჰავანაში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და რაულ კასტროს შორის შეხვედრა გაიმართა.

ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ამ კომუნისტურ ქვეყანაში თითქმის ასი წლის შემდეგ. კუბას აშშ-ის პრეზიდენტი კალვინ კულიჯი ბოლოს 1928 წელს ესტუმრა. ობამას ვიზიტი ჰავანაში ამერიკა-კუბის ურთიერთობებში ცვლილების დასაწყისის და სანქციების ნაწილობრივ მოხსნის ნიშანი იყო.

შეხვედრამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, თუმცა კასტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა კუბის ხანგრძლივ ეკონომიკურ ბლოკადას, რომელსაც აშშ ატარებდა. კუბის ლიდერის თქმით, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ბლოკადა უნდა შეწყვეტილიყო.

 

 

ხუან მანუელ სანტოსი და ტიმოჩენკო

 



2016 წლის 23 ივნისს კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა ხელი ჩამოართვა ამბოხებულთა დაჯგუფების „კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების“ (FARC) ლიდერს, რომლის ფსევდონიმიც გახლდათ ტიმოჩენკო.

სანტოსმა და ტიმოჩენკომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს კუბის დედაქალაქ ჰავანაში ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რაულ კასტროს თანდასწრებით.  

საბოლოო დაზავება იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად ნახევარსაუკუნოვანი შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების გზაზე. ეს 52-წლიანი კრიზისი ლატინური ამერიკის სამოქალაქო ომების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი