logo_geo
რა მოხდება, თუ მზის შტორმი ჩვენს ტექნოლოგიებს გაანადგურებს
- +

21 ივნისი. 2018. 19:01

 

 

უცნაური და იღბლიანი ირონიაა, რომ ისტორიაში ცნობილი ყველა საშინელი მზის შტორმი მოხდა იმ დროს, როცა ადამიანთა ცივილიზაცია ასე ძლიერ მოწყვლადი არ იყო მზის გეომაგნიტური მძვინვარების წინაშე.

 

1859 წელს მომხდარი მზის შტორმი, რომელსაც კარინგტონის მოვლენა ეწოდა, წარმოადგენდა კორონარული მასის უზარმაზარ ამოტყორცნას, რომელიც თავს დაატყდა დედამიწის დამცავ მაგნიტოსფეროს. ამ დროს წარმოიქმნა იმ მასშტაბის ეპიკური გეომაგნიტური შტორმი, რომელიც თანამედროვე ცივილიზაციას მანამდე არასოდეს უნახავს.

 

როცა დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადი დედამიწის მაგნიტურ ველს ეჯახება, მსოფლიოს გარშემო ცაში ინთება ციალი. თუმცა, ამ თვალწარმტაც სანახაობას თან ახლავს ძლიერი ელექტრული დენი.

 

მაშინ მწყობრიდან გამოვიდა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მოქმედი ტელეგრაფის სერვისი. ამის მიზეზი ის იყო, რომ აღჭურვილობას თავს დაატყდა ნაპერწკლები, რის შედეგადაც, ადამიანმა-ოპერატორებმა ელექტროშოკი მიიღეს, ბევრგან გაჩნდა ხანძარიც. ელექტრომომარაგება თითქმის ყველგან შეწყდა.

 

სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ეს გახლდათ სრული ტექნოლოგიური ქაოსი.

 

საინტერესოა, თუკი იგივე მასშტაბის მზის შტორმი დედამიწას ახლა, თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგ დაარტყამს, რა ბედი ეწევა კაცობრიობის ტექნოლოგიებს? რა მოხდება მსოფლიოში?

 

არავინ იცის დანამდვილებით, რამდენად სასტიკი მოვლენა იქნება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, თუ რაოდენ ღრმად და ყოვლისმომცველად ვართ დღეს დამოკიდებული ტექნოლოგიებსა და ელექტრონიკაზე, ვიდრე ეს 1859 წლის პრიმიტიული ტექნოლოგიების შემთხვევაში იყო - ეჭვგარეშეა, რომ შედეგები უსასტიკესი იქნება.

 

ყველაზე მიახლოებითი შედეგები შეგვიძლია ვიხილოთ მოვლენაში, რომელიც 1989 წლის მარტში მოხდა.

 

მაშინ დედამიწას მკაცრი, მაგრამ არა კარინგტონის მასშტაბის მზის შტორმი დაატყდა; ეს გახლდათ მზის კორონარული მასის კიდევ ერთი ამოფრქვევა. ცაში კვლავ წარმოიქმნა ძლიერი ციალი. ზოგიერთმა ისიც კი იფიქრა, რომ III მსოფლიო ომი დაიწყო.

 

დედამიწის მაგნიტურ ველს თავს დატეხილმა დამუხტულმა ნაწილაკებმა დააზიანა რადიოსიგნალები და თანამგზავრული კომუნიკაციები.

 

ყველაზე სასტიკი შედეგები კანადაში, კვებეკის პროვინციაში იგრძნობოდა, სადაც შეწყდა ელექტრომომარაგება, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 6 მილიონი ადამიანი. ზოგიერთი აბონენტისთვის, უშუქობამ რამდენიმე საათი გასტანა, ზოგისთვის კი რამდენიმე დღე.

 

არსებობს მოსაზრება, რომ დიდი გეომაგნიტური შტრომი დედამიწას თავს ატყდება ყოველ 500 წელიწადში (ან უფრო მალე) ერთხელ. მან უნდა გამოიწვიოს დედამიწის ელექტრული და საკომუნიკაციო სისტემების მწყობრიდან გამოსვლა დღეების, თვეების ან წლის განმავლობაშიც კი. მუშაობას შეწყვეტს ელექტროსისტემა, თანამგზავრები, GPS, ინტერნეტი, ტელეფონი, სატრანსპორტო სისტემები, ბანკინგი და ა. შ.

 

დაივიწყეთ მხოლოდ კვებეკი - წყვდიადში ჩაეფლობოდა სრულიად კანადა, შესაძლოა, მთელი მსოფლიოც. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მოსალოდნელი ტექნოლოგიური წყვდიადის შესახებ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე შევიტყობთ.

 

ყველაფერი თითქოს საშინელებათა ფილმს ჰგავს, მაგრამ საქმე სულაც არ ეხება სამეცნიერო ფანტასტიკას. ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, მსგავსი კატასტროფის შემთხვევიდან მხოლოდ პირველ წელს, ზარალი 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, მიყენებული ზიანის აღდგენის მცდელობას კი შესაძლოა, ათი წელიც დასჭირდეს. ზოგიერთის შეფასებით, ზარალმა შესაძლოა, 20$ ტრილიონს მიაღწიოს.

 

„ციდან მომდინარე საფრთხეების თვალსაზრისით, წარსულში მთელი ყურადღება ასტეროიდებისკენ იყო მიმართული. საუკუნის წინ, არ არსებობდა ასეთი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, მაგრამ ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, ზიანი ძლიერ ასიმეტრიულია წარსულსა და მომავალს შორის“, - აღნიშნავს ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ავი ლოები.

 

საუკეთესო სცენარის შემთხვევაში, მკაცრმა გეომაგნიტურმა შტორმმა შეიძლება, კომუნიკაციები მხოლოდ ნაწილობრივ დააზიანოს. მაგრამ როგორც ისტორია აჩვენებს, ასეთი მცირე მასშტაბის მოვლენებსაც კი გამანადგურებელი შედეგები აქვს.

 

სრულიად უცნობია, როდის ან სად შეიძლება დაატყდეს თავს დედამიწას შემდეგი გეომაგნიტური შტორმი.

 

„ნამდვილი კატასტროფა იქნება, თუ კარინგტონის მასშტაბის მოვლენა ხვალ მოხდება. საქმე მხოლოდ ელექტროენერგიის გათიშვას როდი ეხება. გაქრება საბანკო ანგარიშები… წარმოიდგინეთ, რომ კვირის ან თვის მანძილზე აღარ გაიმართება საფონდო ბირჟები, ამდენივე ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იქნება კომუნიკაციები. ალბათ ადვილად მიხვდებით, რა ავბედით მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს მსოფლიო“, - ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ფრენსის ო’სულივანი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი