logo_geo
„რა კარგი იქნებოდა, შენ რომ სამუდამოდ ჩემ გვერდით დარჩენილიყავი“... - ჟერარ ფილიპის ერთადერთი სიყვარული
- +

5 იანვარი. 2017. 02:26


 

საოცრად ნიჭიერმა და მომხიბვლელმა მსახიობმა ჟერარ ფილიპმა, თავისი პირველი და ერთადერთი სიყვარული გაიცნო 20 წლის ასაკში ზუსტად ამ დღეს - 1942 წლის 4 იანვარს ოკუპირებულ ნიცაში. ამ დღეს წყვილი წლების განმავლობაში განსაკუთრებულად აღნიშნავდა.


ჟერარი 1922 წელს დაიბადა ქალაქ კანში. მისი მამა, ყოფილი ადვოკატი მარსელ ფილიპი პროვანსში მიწების, გრასში კი პატარა სასტუმროს მფლობელი იყო, დედა - მუდამ გაღიმებული და კეთილისმსურველი მინა ფილიპი პრაღელი მეფუნთუშის ქალიშვილი გახლდათ. მშობლები ოცნებობდნენ იმაზე, რომ ჟერარი ცნობილი იურისტი გამოსულიყო.


ჟერარი ცუდად სწავლობდა, არ უყვარდა კითხვა, გიჟდებოდა ჯაზზე და ჩოგბურთზე, ფრენბურთში კი რეკორდებს ამყარებდა. ერთხელ ის აბსოლუტურად შემთხვევით გამოვიდა საქველმოქმედო საღამოზე, სადაც ორი ლექსი წაიკითხა. წარმოდგენის შემდეგ, გაქცევას რომ აპირებდა, მას მიუახლოვდა ცნობილი თეატრის Comédie-Française-ს მხცოვანი მსახიობი და ყურში ჩასჩურჩულა: „ახალგაზრდავ, თქვენი მოწოდებაა თეატრი".



საოცარია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს განგების მინიშნება იყო, რადგან ჟერარმა სწორედ იმ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამხდარიყო მსახიობი... და უკვე 1943 წელს შეასრულა თავისი პირველი როლი რეჟისორ ალეგრეს ფილმში „გოგონები ყვავილების სანაპიროდან".


ამავე პერიოდში ჟერარ ფილიპმა შეიტყო, რომ პარიზში ცნობილი მწერლის ალბერ კამიუს პიესა „კალიგულას" დადგმას გეგმავდნენ და მთავარი როლის კანდიდატიც შერჩეული ჰყავდათ. ფილიპმა მოახერხა პირადად შეხვედროდა კამიუს და ორსაათიანი საუბრის შემდეგ პიესის ავტორი იმაში დაარწმუნა, რომ ამ როლს მასზე უკეთ ვერავინ შეასრულებდა. სპექტაკლი „კალიგულა" გახდა ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა პარიზის თეატრალურ ცხოვრებაში. კრიტიკოსები გაოცებული იყვნენ იმით, თუ როგორ შეძლო ამ სულ ახალგაზრდა მსახიობმა როლში ასეთი დრამატიზმისა და ტრაგიზმის ჩაქსოვა.

 


მაშინ ჟერარ ფილიპის ცხოვრებაში მოხდა კიდევ ერთი ფაქტი, რამაც მისი ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა: სპექტაკლს დაესწრო განუმეორებელი მარლენ დიტრიხი. ის შევიდა ჟერარის საგრიმიოროში და სულ ერთი ფრაზა უთხრა - ჟერარ, თქვენი მონაცემებით კინოში საოცარი რაღაცების გაკეთება და მიღწევა შეიძლებაო.


ჟერარმაც დაუჯერა და ასე დაიწყო მისი ლამაზი და ღირსეული სვლა კინომატოგრაფის მწვერვალებისკენ. იცით, რა არის საინტერესო? საოცარი მომხიბვლელობის მიუხედავად ჟერარ ფილიპი ყოველთვის და ბოლომდე რჩებოდა გამოუსწორებელ რომანტიკოსად. ის არ ცნობდა შემთხვევით რომანებს გადასაღებ მოედნებზე, არ სარგებლობდა უამრავი თაყვანისმცემელი ქალბატონის გულუბრყვილობითა და სიყვარულით.




1951 წელს დაიწყო გადაღება, ალბათ, ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფილმისა „ფანფან-ტიტა", რომელშიც ჟერარ ფილიპს პარტნიორობას უწევდა შესანიშნავი ჯინა ლოლობრიჯიდა. სწორედ მასთან გაჩაღებული, სცენარით გათვალისწინებული კინო-რომანის დროს, 1951 წლის ნოემბერში ჟერარმა ცოლად მოიყვანა ნიკოლ ფურკადი - ქალი, რომელმაც ჟერარის გამო მიატოვა დიპლომატი მეუღლე და გადავიდა მასთან საცხოვრებლად თავის 7 წლის ვაჟთან ერთად.

 

 

ნიკოლი გახლდათ საკმაოდ სერიოზული ქალბატონი და საერთოდ არ უყვარდა კინო. ის იყო 28 წლის, მუშაობდა ჟურნალისტად, ურთიერთობდა მეცნიერების ცნობილ მოღვაწეებთან და გატაცებული იყო ჩინეთის ისტორიითა და კულტურით.



იცით, რა მინდა ვთქვა? სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნებოდა, რომანტიკული ურთიერთობები საიდუმლოდ განეგრძოთ, მაგრამ ჟერარმა ეს ვერც ნიკოლსა და ვერც საკუთარ თავს ვერ აკადრა. მან პირდაპირ დაუყენა საკითხი ქალს: ან ქმართან რჩები, ან ჩემთან მოდიხარო.


მალე მათ შესანიშნავი ქალ-ვაჟი შეეძინათ, რომლებსაც ისინი საოცრად უფრთხილდებოდნენ და ცდილობდნენ მოერიდებინათ ჟურნალისტებისა და თაყვანისმცემლებისთვის. ნიკოლმა და ჟერარმა პარიზული ბინის აივანზე დაასახლეს მტრედების წყვილი, რომლებსაც დაარქვეს ჟერარი და ანა... ჰო, მართლა, ერთადერთი, რაც ჟერარმა ნიკოლს სთხოვა, იყო იმის უფლება, რომ მისთვის ანა დაეძახა. ოღონდ, რატომ, არ ვიცი. ბევრი ვეძებე და ერთადერთი ვერსია მოვნახე: სახელი ანა ჟერარისთვის ყველაზე რომანტიკული სახელი ყოფილა. ჟერარს უყვარდა და მოსწონდა მეუღლეში ყველაფერი. ის აღფრთოვანებული იყო მისით და არსად ერიდებოდა სიყვარულის გამოხატვას. შეეძლო მოულოდნელად, სახალხოდ აეტაცა მეუღლე ხელში და დაეტრიალებინა.


1959 წელს ჟერარ ფილიპმა თავი ცუდად იგრძნო. ექიმს მიმართა და ოპერაციაც კი გაიკეთა. მისი ნამდვილი დიაგნოზის (ღვიძლის სიმსივნე) შესახებ იცოდნენ მხოლოდ ექიმმა და მეუღლემ, რომელმაც ეს საიდუმლო ბოლომდე გულში შეინახა, არავის გაუზიარა და ღირსეულად გადაიტანა.


1959 წლის 25 ნოემბერს ჟერარ ფილიპი გარდაიცვალა. ანა-ნიკოლმა ესეც თავისებურად „გადაიტანა". მან ჟერარის დაკარგვა, უბრალოდ, ვერ აღიქვა და ვერ შეეგუა. შემდგომი 30 წლის განმავლობაში ის ეწეოდა აბსოლუტურად ჩვეულებრივ ცხოვრებას, ხვდებოდა ხალხს, ზრდიდა შვილებს, მუშაობდა, მაგრამ... საღამოობით ესაუბრებოდა ჟერარს, წვიმის დროს ახსენებდა წაეღო ქოლგა, უქსოვდა პულოვერებს... თავისი ცხოვრების ბოლო გაზაფხულს კი გარდაცვლილ მეუღლეს გამოუტყდა, გაზაფხულის ჰაერი მახსენებს, რა კარგი იქნებოდა, შენ რომ სამუდამოდ ჩემ გვერდით დარჩენილიყავიო...


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი