logo_geo
კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას მოგონებებიდან
- +

11 ივლისი. 2018. 02:48

 

 

„მარჩელოს გავუმართეთ ნადიმი რეზო თაბუკაშვილთან და მედეა ჯაფარიძესთან სახლში. ჩემთანაც იყო სახლში. შემდეგ წავიყვანეთ სერგო ფარაჯანოვთან. იქ ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა. ფარაჯანოვი მთაწმინდაზე, ისეთ ადგილზე ცხოვრობდა, სადაც დიდი მანქანა ბოლომდე ვერ ადიოდა. ჩვენ ჩამოვედით მანქანიდან და გზას ფეხით გავუყევით, ამ დროს ერთ-ერთი თბილისური ეზოდან გამოვიდა ქალი, რომელსაც ხელში ვედრო ეჭირა. მარჩელო რომ დაინახა, გაჩერდა, უცებ ვედრო ძირს დააგდო და ატეხა ყვირილი: მარჩელო ჩამოვიდა, მარჩელო ჩამოვიდაო და ასე კივილ-კივილით შევარდა ეზოში. ჩვენ შევედით სერჟიკასთან, ის საოცარი ადამიანი იყო, იყო კაცი-თეატრი. როცა სერჟიკასგან გამოვედით, ქვემოთ უამრავი ხალხი დაგვხვდა ყვავილებით. ისინი მივიდნენ მარჩელოსთან. გაოცებული იყო: ასე თბილად ხალხი იტალიაში არ შემხვედრიაო, თქვა ცრემლმორეულმა“.

 

კინორეჟისორისა და სცენარისტის ირაკლი კვირიკაძის მოგონებებიდან: "მე დაკავებული ვიყავი მასტროიანის თბილისის პროგრამით, ვინაიდან გადაწყდა, რომ მე მისთვის სცენარი უნდა დამეწერა. დილით მივდივარ ფარაჯანოვთან სახლში, რათა გავაფრთხილო იტალიელი სტუმრის მომავალი ვიზიტის შესახებ. ფარაჯანოვი წარბშეკრული მხვდება, ქვედა საცვალში და შპრიცით ხელში (ის თავად იკეთებდა ინსულინის ნემსებს). მას დიაბეტის შეტევა აქვს. ცუდ ხასიათზეა.

 

— ვინ არის მასტროიანი?— მეკითხება და მარწმუნებს, რომ ეს სახელი არასოდეს გაუგონია (თავს მაჩვენებს, რასაკვირველია). - არ მინდა მისი ნახვა, კისერიც მოუტეხია… მე ავად ვარ!

 

როდესაც სასტუმროში მასტროიანთან დავბრუნდი, ძალიან უგუნებოდ დამხვდა. თურმე, ღამით ლოს-ანჯელესიდან მოვიდა ცნობა, რომ მისი ნომინაცია "ოსკარზე" ჩაფლავდა (მასტროიანი ნომინირებული იყო მამაკაცის საუკეთესო როლზე რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის ფილმში "შავი თვალები").

 

ესეც შენ, ვფიქრობ ჩემთვის, კარგ შარში გავეხვიე. ორივე გენიოსი ცუდ ხასიათზეა და მაინც გავრისკე წამეყვანა მასტროიანი ფარაჯანოვთან. ის ღამე ყველასთვის დაუვიწყარი დარჩა. სტუმარი ბევრი შეიკრიბა… ფარაჯანოვის მოფამფალებული სახლის ძველი კედლები ლამის ჩამოიქცა ჩვენი სიცილ -ხარხარისგან და ეს, რომ არ მომხდარიყო სერგომ სტუმრები ღამის ქუჩაში გამოიყვანა, რათა მეზობლებისთვის ცოცხალი მარჩელო მასტროიანი გაეცნო.

 

გაღვიძებული მეზობლების აღტაცებულმა შეძახილებმა მთელი სოლოლაკის უბანი ფეხზე დააყენა! ვიწრო ქუჩაზე ხალხმა დაიწყო დენა ხელში ღვინის ბოთლებით, ყველით, მწვანილით. გაიშალა გრძელი მაგიდა და დაიწყო ქეიფი. განთიადის მთვარე ანათებდა. მარჩელო უსმენდა იმპროვიზებულ ქართულ სიმღერებს, სვამდა ღვინოს და ნამდვილად ბედნიერი იყო. ის ყვიროდა. "წყალსაც წაუღია ყველა "ოსკარი", ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს! საცხოვრებლად თბილისში ვრჩები!"

 

 

big_banner
არქივი