logo_geo
როგორ წყდება გიგანტური აისბერგი გრენლანდიას - შთამბეჭდავი, მაგრამ შემზარავი კადრები
- +

16 ივლისი. 2018. 19:21

 

 

გსურთ რაღაც ნამდვილად საოცარი იხილოთ? კარგით, შეგიძლიათ ისიამოვნოთ ვიდეოთი, რომელიც ასახავს, თუ როგორ წყდება ჰელჰაიმის მყინვარს აისბერგი აღმოსავლეთ გრენლანდიაში.

 

მეცნიერთა მიერ 22 ივნისს გადაღებულ ვიდეოში ასახულია უზარმაზარი, 6,4 კილომეტრიანი აისბერგი, რომელიც მყინვარს გამოეყოფა და ზღვაში ცურდება.

 

აისბერგის მოწყვეტა სულაც არ არის უჩვეულო მოვლენა და წარმოადგენს ზღვაში ყინულის გავრცელების ბუნებრივ შედეგს. მკვლევართა შეფასებით, გრენლანდიიდან ზღვაში წელიწადში დაახლოებით 15 000-30 000 აისბერგი ცურდება.

 

აისბერგის მოწყვეტა უდავოდ სანახაობრივი მოვლენაა. როდესაც ყინული მყინვარს წყდება, წარმოიქმნება უზომოდ ხმამაღალი ჭრიალი და ოკეანეში ვრცელდება უზარმაზარი ტალღები.

 

როგორც წესი, აისბერგის კლასიფიკაცია ენიჭება 5 მეტრზე დიდ ყინულის ნატეხს, 122 მეტრზე დიდი ყინული კი უკვე საკმაოდ დიდია, რათა აისბერგად ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი შეიძლება ბუნებრივი იყოს, ჰელჰაიმის დნობა მაინც საკმაოდ ცუდი ამბავია. ბოლო წლებში საოცრად აჩქარდა გრენლანდიის სამი უდიდესი მყინვარის - ჰელჰაიმის, იაკობშავნისა და კანგერლუსუაკის დნობის მაჩვენებელი, რაც მკვლევართა განცხადებით, კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.

 

რაში მდგომარეობს პრობლემა? ზღვაში შეცურებული აისბერგები სარისკოა არა მხოლოდ გემებისთვის, არამედ წარმოადგენს მსოფლიო ოკეანის დონის მატების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ მიზეზს.

 

ამ დროისათვის, გლობალური ზღვის დონე წელიწადში 3 მილიმეტრით იმატებს, მაგრამ ეს მაჩვენებელი სტაბილური არ არის და ყოველწლიურად კიდევ 0,8 მილიმეტრით იზრდება. მკვლევართა ცნობით, გრენლანდიის დნობას ზღვის დონის მატებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს. ვიდეო გადაღებულია 30 წუთის განმავლობაში, მაგრამ აჩქარების შედეგად დაყვანილია 90 წამამდე, შესაბამისად, არ ისმის ტკაცუნის ხმა.

 

მიუხედავად იმისა, რომ აისბერგის ზომა შთამბეჭდავია, სულაც არ არის მსოფლიოში უდიდესი. ეს სტატუსი ეკუთვნის აისბერგს სახელად B-15, რომელიც 2000 წელს ანტარქტიდას მოწყდა. მისი ზომა 11 000 კვადრატული კილომეტრი იყო.

 

მღელვარების საფუძველი ნამდვილად არსებობს. მკვლევართა 2017 წლის შეფასებით, დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარის მთლიანად გადნობის შემთხვევაში, მსოფლიო ზღვის დონე 3,2 მეტრით აიწევს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი