logo_geo
სიცხემ ბრიტანეთში ისტორიულ ცივილიზაციათა კვალი გამოაჩინა
- +

16 ივლისი. 2018. 19:40

 

 

რამდენიმე კვირის განმავლობაში, გაერთიანებულ სამეფოში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა იყო. მიუხედავად არაერთი უარყოფითი ეფექტისა, უპრეცედენტო სიცხემ მეცნიერებს საოცარი სიურპრიზი მოუმზადა.

 

მონაცემების დამუშავებისას აეროარქეოლოგებმა უელსის ერთ-ერთ სოფელში გარდამავალი ლანდშაფტი შენიშნეს, რომელიც უძველეს მონუმენტთა დავიწყებულ მემკვიდრეობაზე მიუთითებდა. მათ წინაშე გადაიშალა საუკუნეების წინანდელი სტრუქტურები, რომლებიც კარგად ჩანდა სიმაღლიდან.

 

გადახრუკულ ლანდშაფტზე მკაფიოდ ჩანს სხვადასხვა ფორმების მკრთალი კვალი, რომელიც ამ დრომდე ყველასათვის უცნობ ისტორიულ სტრუქტურებზე მიუთითებს.

უჩვეულოდ მშრალმა ამინდმა დღის სინათლეზე გამოიყვანა უთვალავი უძველესი ციხის, ფერმისა თუ სახლების საძირკვლები. ზოგიერთი მათგანი რკინის ხანით თარიღდება, ზოგიერთი კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდის თავშესაფართა ნანგრევებია.

ზოგიერთი ამ სტრუქტურის, ე. წ. კროპმარკების შესახებ არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ მათ შორის მრავლად არის ახალი აღმოჩენაც, რაც შესაძლებელი გახადა ივნისისა და ივლისის ხვატმა.

მკვლევართა თქმით, ასეთი მშრალი ამინდი გაერთიანებულ სამეფოში ადრეც ყოფილა, მაგრამ ბოლო პერიოდის გვალვა გამორჩეულია მასშტაბითა და ხანგრძლივობით.

მიწისქვეშ დამალულ სტრუქტურათა გამოჩენის ძირითადი მიზეზია ნიადაგში წყლის შემცველობის შემცირება.

კროპმარკები წარმოადგენს ადამიანთა ისტორიულ აქტივობათა შედეგს, რაც მიწაში დამალულ კონტრასტს წარმოქმნის — ძირითადად ნაყოფიერ, წყლიან ნიადაგებსა და მშრალ ზედაპირს შორის.

ზოგჯერ კონტრასტი წარმოქმნილია უძველესი თხრილების საშუალებით, რომლებიც დროთა განმავლობაში ამოვსებულია უფრო ახალი მიწით. ხანდახან კი კონტრასტის მიზეზია ზედაპირქვეშ ჩამარხული კედლები.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სხვაობა ხშირად საუკუნეების განმავლობაში უხილავი რჩება, სანამ მშრალი და ცხელი ამინდი მცენარეულ საფარზე ზემოქმედებით აშკარა კონტრასტს წარმოქმნის.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული არქეოლოგიისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა 1976 წლის გვალვაც. მაშინ მეცნიერებმა არაერთი მანამდე უცნობი სტრუქტურა აღმოაჩინეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი