logo_geo
არქეოლოგებმა მსოფლიოში უძველესი პურის ნარჩენები აღმოაჩინეს
- +

21 ივლისი. 2018. 14:26

 

ჩრდილოეთ იორდანიის ერთ-ერთ არქეოლოგიურ ძეგლზე მკვლევრებმა 14 400 წლის წინანდელი პურის ნამწვავები აღმოაჩინეს, რომლებიც უძველეს მონადირე-შემგროვებელ საზოგადოებას ეკუთვნის. წარმოადგენს პურის ამ დრომდე აღმოჩენილ უძველეს მტკიცებულებას და სოფლის მეურნეობის გამოჩენას წინ უსწრებს თითქმის 4000 წლით. აღმოჩენა მიუთითებს, რომ ველური ხორბლეულისგან პურის წარმოებამ შესაძლოა, მონადირე-შემგროვებლებს ამ მარცვლეულის კულტივირებისკენ უბიძგა და შესაბამისად, წვლილი შეიტანა ნეოლითის ხანაში მომხდარ აგრარულ რევოლუციაში.

 

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის, კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევართა ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა 14 400 წლის წინანდელი საკვების ნამწვავებს. ისინი ჩრდილოეთ იორდანიაში, ნატუფიის მონადირე-შემგროვებელი საზოგადოების ძეგლ შუბაიქაზე, შავ უდაბნოში აღმოაჩინეს. შედეგად, გაჩნდა პურის წარმოების პირველი ყველაზე ადრეული ემპირიული მტკიცებულება.

 

„დამწვარი საკვების ასობით ნარჩენის არსებობა ცეცხლის კერიასთან, მართლაც ამაღელვებელი აღმოჩენაა, რომელიც გვაძლევს შანსს, შევისწავლოთ 14 400 წლის ასაკის კვების პრაქტიკა“, - ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის არქეობოტანიკოსი ამაია არანს ოტაეგი.

 

მისი თქმით, როგორც 24 ნარჩენის ანალიზები აჩვენებს, ამჟამად კულტივირებული ხორბლეულის, მაგალითად, ქერის, ხორბლისა და შვრიის უძველეს გარეულ წინაპრებს მომზადებამდე ჯერ ცეხვავდნენ და ზელდნენ.

 

„ნარჩენები ძალიან ჰგავს ევროპასა და თურქეთში აღმოჩენილ რამდენიმე ნეოლითურ და რომაულ უფუარ პურს. შესაბამისად, ნათელი ხდება, რომ პურის მსგავს პროდუქტებს სოფლის მეურნეობის წარმოშობამდე ბევრად ადრე აწარმოებდნენ.

 

ნატუფიის მონადირე-შემგროვებელი საზოგადოება ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რადგან ისინი გარდამავალ პერიოდში ცხოვრობდნენ, როცა ხალხი უფრო ნაკლებად მოძრავი გახდა და მათმა კვების რაციონმაც ცვლილება დაიწყო“, - აღნიშნავს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის არქეოლოგი ტობიას რიხტერი.

 

მისი თქმით, პურის ნამწვავების აღმოჩენა აჩვენებს, რომ ადამიანებმა პურის ცხობა მცენარეთა კულტივირებამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყეს. ეს კი აგრარული რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა ყოფილიყო. ამ პროცესში ადამიანებმა მოახდინეს გარეული მარცვლეულის კულტივირება, რათა საკვების უფრო საიმედო წყარო ჰქონოდათ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი