logo_geo
ჰაერის კონდიცირების პრობლემა 2050 წლისთვის მომაკვდინებელი გახდება - ახალი კვლევა
- +

21 ივლისი. 2018. 15:42

 

გლობალურ დათბობასთან ერთად, მილიონობით ჩვენგანი ჰაერის კონდიცირების გამოყენებას იწყებს. 2050 წლისთვის, გაგრილების ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება შესაძლოა, ასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდეს.

 

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევრები, რომლებიც ქვანახშირზე, გაზსა და ნავთობზე დამოკიდებული კონდიცირების გავლენას სწავლობდნენ. მეტი ცივი ჰაერისთვის საჭირო უფრო მეტი ენერგია ნიშნავს ცაში უფრო მეტი დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფას, შესაბამისად, სიკვდილის მეტ შემთხვევებს.

 

კვლევის ავტორთა განცხადებით, 21-ე საუკუნის შუა პერიოდში, აშშ-ში ყოველწლიურად საშუალოდ 654 ადამიანით მეტი დაიღუპება ჰაერში მყარი ნაწილაკების ზრდის შედეგად, რასაც დაემატება ოზონის დონის ზრდის შედეგად გარდაცვლილი კიდევ 315 ადამიანი.

 

„ჰაერის კონდიცირებაზე დამოკიდებულია მრავალი სიცოცხლის სიცხისგან გადარჩენა, მაგრამ თუ კონდიციონერებისთვის საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავებას ქვანახშირზე მომუშავე სადგურები გააგრძელებს, ჩვენ წინაშე კიდევ უფრო უარესი პრობლემა დადგება“, - ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯონათან პაცი.

 

მკვლევართა თქმით, გამოსავალი სუფთა ენერგიის წყაროების ძიება და ეფექტიანობის ზრდაა, ისევე როგორც უპირველესი პრობლემის აღმოფხვრა - კლიმატის ცვლილების დონის შემცირება.

 

პრობლემის სიმწვავის უკეთ წარმოსაჩენად, მკვლევრებმა რიცხობრივი მოდელები გამოიყენეს, რითაც ენერგიის ზრდისა და ელექტროსადგურების მიერ გამოყოფილი დაბინძურების პროგნოზი მოხდა.

 

მოდელები მოიცავდა თითქმის ყველა ფაქტორს, მათ შორის, გლობალური ტემპერატურის მაჩვენებლის ზრდას უახლოეს 30 წელიწადში, ანდაც რამდენად შესაბამისი იქნება შეცვლილ კლიმატთან ჩვენი შენობა-ნაგებობები. მიღებული ციფრები, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეფასებაა, მაგრამ მხედველობაში მისაღებად ნამდვილად ღირს.

 

მაგალითად, მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ზაფხულის ტემპერატურის 3,5 გრადუსი ცელსიუსით ზრდა გამოიწვევს ენერგიაზე მოთხოვნის 30 პროცენტით ზრდას.

 

წინა კვლევის მიხედვით, ჰაერის კონდიცირებისთვის საჭირო ენერგიაზე მოთხოვნა 2050 წლისთვის გასამმაგდება. ტემპერატურის მატებასა და განვითარებადი ქვეყნების ჩართვას ელექტროსისტემაში, მოჰყვება სისტემის გაცილებით დიდი დატვირთვა.

 

თუკი ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითად წყაროდ კვლავ ბუნებრივ აირს, ქვანახშირსა და ნავთობს გამოიყენებენ, გაიზრდება ჰაერის დაბინძურების დონე. მოიმატებს მყარი ნაწილაკების, ციცქნა თხევადი წვეთებისა თუ სხვა დამაბინძურებლების შემცველობა. ამ ყველაფერს კი როგორც ცნობილია, დიდი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 

მაშინაც კი, როცა ჰაერის დაბინძურების ზრდას ვერ ამჩნევთ, ის მაინც იწვევს ნაადრევ სიკვდილიანობას - ამძიმებს გულისა და ფილტვების პრობლემებს, იწვევს ასთმის სიმპტომების გაუარესებას, განაპირობებს სასუნთქი გზებისა თუ სისხლის მიმოქცევის სისტემის დაზიანებას და ა. შ.

 

ამ კვლევის შედეგები, რა თქმა უნდა, სულაც არ ნიშნავს, რომ უარი თქვათ ჰაერის კონდიცირების გამოყენებაზე, რადგან ტექნოლოგიებს მართლაც შეუძლია მრავალი სიცოცხლის გადარჩენა სასტიკი სიცხისგან. კვლევის მიზანი უფრო ის არის, რომ ავტორებს სურთ, სიტუაცია ყოველ საფეხურზე გაუმჯობესდეს.

 

ფაქტი კი ის არის, რომ ჰაერის კონდიცირებაზე მართლაც დამოკიდებულია ასობით ადამიანის სიცოცხლე, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა მსოფლიო რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს განახლებად ენერგიაზე. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ 2050 წლისთვის ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი