logo_geo
როგორ ამოვიცნოთ ღვინის ხარისხი მისი სურნელის მიხედვით
- +

22 ივლისი. 2018. 16:56

 

 

ღვინის დაგემოვნების დროს ყნოსვა გამაფრთხილებელი სისტემის როლს ასრულებს და გაფუჭებული პროდუქტების მოხმარებისგან გვიცავს. ყნოსვა მანძილზე მოქმედი შეგრძნებაა, რადგან სხვადასხვა სუნი ჰაერის მეშვეობით დიდ მანძილზე ვრცელდება. გარდა ამისა, ყნოსვა ქიმიური შეგრძნებაა, რადგან სუნის აღქმა ხსნადი და აქროლადი ქიმიური ნივთიერებების მიერაა განპირობებული.

 

აქროლადი ქიმიური ნაერთები საკვების (განსაკუთრებით ღვინის, ხორცის, ბოსტნეულის და ხილის) ვარგისიანობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. ადამიანს მინიმუმ 10,000 სხვადასხვა არომატის აღქმა შეუძლია, თუმცა, სუნის ამოცნობა, ისევე როგორც გემოს აღქმა, პირდაპირ არის დამოკიდებული შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებაზე.

 

არსებობს შემდეგი სახის პირველადი სუნები: ეთერული, ქაფურის მაგვარი, მუშკისებრი, ყვავილოვანი, მენთოლის შემცველი, მწველი, დამპალი. რამდენიმე ნივთიერების ამოცნობა მაშინაც კი შესაძლებელია, როდესაც ეს ნივთიერებები დაბალი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი.

 

ღვინის გასინჯვის დროს ყნოსვა მჭიდრო კავშირშია გემოსთან, თუმცა ყნოსვის ორგანოების რეცეპტორების მგრძნობელობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე გემოს რეცეპტორების მგრძნობელობა. ყნოსვის ორგანოების სენსორული უჯრედები (მასტიმულირებელ ფაქტორებზე რეაგირების მომხდენი რეცეპტორები) ყნოსვის ორგანოების ლორწოვან გარსშია   განლაგებული.

 

კონკრეტული ღვინის ნიმუშის სურნელი და  არომატები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენს მეხსიერებაზე. წარსულის გახსენება ყნოსვითი შთაბეჭდილებების მეშვეობით შეგვიძლია. ყნოსვის კიდევ ერთი მახასიათებელია ის, რომ ადამიანებს უჭირთ ყნოსვის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების სიტყვებით გადმოცემა.

 

ღვინის გასინჯვა, პირველ ყოვლისა, ღვინის სურნელის გაცნობით უნდა დავიწყოთ. ღვინის სურნელს შეუძლია მოგვაწოდოს ღირებული ინფორმაცია ყურძნის ჯიშის, ღვინის წლოვანების, მისი სტილის და თვით წარმოშობის რეგიონის შესახებაც კი.

 

ღვინის ყნოსვითი აღქმა ძალიან ადვილია და ნებისმიერს შეგიძლიათ. ბოკალს ოდნავ შეანჯღრევთ, მიიტანთ ცხვირთან და ჩაისუნთქავთ. არომატის სიძლიერე თქვენს მიერ მიღებული შთაბეჭდილების პირდაპირპროპორციულია. ღვინოში უამრავი სურნელის შეცნობაა შესაძლებელი ტროპიკული ხილის სურნელით  დაწყებული, ტყავისა  და სიგარის სუნით  დამთავრებული. ზოგისთვის უფრო ადვილია სურნელის აღქმა, თუმცა ხშირი პრაქტიკა დახვეწს ყნოსვითი აღქმის უნარს.

 

სანამ ღვინოს დალევდეთ, სასურველია იცოდეთ, რომ ღვინის დაგემოვნებისთვის საჭიროა, პირში ღვინის დაყოვნებულ ერთ ყლუპს ჰაერიც მიაყოლოთ. ამ გზით ღვინის არომატული კომპონენტები ჰაერის ნაკადით წარიტაცება და მათი შეგრძნებაც მძაფრდება. ადამიანს შეუძლია  4 სხვადასხვა გემოს აღქმა: მჟავიანობის - ენის გვერდითა კიდეებზე, სიტკბოს - ენის წვერზე, მარილიანობის - ენის გვერდებსა და ენის წინა ნაწილში, და სიმწარის ენის უკანა ნაწილში.

 

რაც შეეხება ზედმეტ ალკოჰოლს და სხვა აქროლად კომპონენტებს, მათი შეგრძნება მძაფრია ყელის უკანა ნაწილში. პროფესიონალური დეგუსტაციის დროს,  მას შემდეგ, რაც შესვამთ ან გადმოღვრით ღვინოს, შესაძლებელია იმის განსჯა, თუ რამდენად არის დაბალანსებული ზემოთ აღნიშნული კომპონენტები ერთმანეთთან. ხარისხიან  ღვინოში მისი ყველა საგემოვნო და სურნელოვანი მახასიათებლები ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული. რაც უფრო ხანგრძლივად გრჩებათ ღვინის ამგვარი გემო, მით უკეთესი ხარისხისაა იგი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი