logo_geo
ვერიკო ანჯაფარიძე და შალვა ამირეჯიბი - ემიგრაციაში წაღებული დიდი სიყვარული...
- +

7 იანვარი. 2017. 14:09


 



ვერიკო ანჯაფარიძემ და შალვა ამირეჯიბმა ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი, მაგრამ ეკლესიიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა... ეს ამბავი ყველას ცუდად ენიშნა. ზოგს კი, ალბათ, ნიკოლოზ ბარათაშვილის სატრფოს ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის ჯვრისწერაც გაახსენა, როცა ეკლესიიდან გამოსულ ეკატერინეს, ვერიკოს მსგავსად, გული შეუღონდა. თუმცა საბედისწერო მსგავსება აქ არ მთავრდება...


„შენ ვარდი ხარ ახლად შლილი, / გაზაფხულზე რა უნდა ვქნა, / შენთან ახლოს ყოფნა მინდა, / მანძილიდან რა უნდა ვქნა, / საიდუმლო ვერსად გითხარ, / მარტო ჩემთვის რა უნდა ვქნა. / შენთვის ბევრი სიტყვები მაქვს, / ნეტავ, მეტი რა უნდა ვქნა, / მზე არა მწვავს, გავიშალო, / მთვარის შუქზე რა უნდა ვქნა, / გული შეხვეული დამაქვს, / გაზაფხულზე რა უნდა ვქნა?" - ეს ლექსი პოეტმა და პუბლიცისტმა შალვა ამირეჯიბმა თავისი შთაგონების წყაროსა და ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს ვერიკო ანჯაფარიძეს მიუძღვნა.


მსახიობთან ქორწინების მიუხედავად, მათი ოჯახური ცხოვრება ვერ შედგა.


1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ემიგრაციაში გადახვეწილი ამირეჯიბი თავისი უიღბლო სიყვარულის ერთგული დარჩა და ცოლი აღარ შეურთავს...


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი შალვა ამირეჯიბი 1887 წელს სოფელ ხურვალეთში დაიბადა.


პირველი ლექსები ჯერ კიდევ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის დროს დაწერა. ლიტერატურული მოღვაწეობა ფსევდონიმებით დაიწყო - ჩორჩანელი, ფარსმან-ფარუხი, შ. ა. და ა.ი. პარალელურად ამირეჯიბი ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ „კლდის" თანამშრომელი გახლდათ და „ცისფერყანწელებთან" მეგობრობდა.


საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება შალვა ამირეჯიბისთვის ახალი ცხოვრების საწყისად იქცა. „1918 წლის 26 მაისის დილას ისე ვღელავდი, როგორც, ალბად, ბევრი სხვა ქართველიც და ადრე ავდექი, ხუმრობა საქმე არ იყო. ას ჩვიდმეტი წლის მონობის შემდეგ საქართველო თავის დამოუკიდებლობას აცხადებდა. ახლა ადვილია ამაზედ ლაპარაკი, მაგრამ ამ დილის ელდა, ასჩვიდმეტი წლის ოცნებით ნაზარდი, დღესაც გულში მიდევს. რამდენი ჩავიდა საფლავში თაობა, რომ ეს ოცნება თან ჩაიტანა?!" 


„აღარ მახსოვს, რომელი საათი იყო, როცა სეიმში შევედი და დიდი ამბების მოლოდინში, ჟურნალისტების ლოჟაში მოვთავსდი. ქართული პარლამენტის წევრობის ბილეთი უკვე ჯიბეში მედო. ამ დღეს, როგორც შემდეგ პარლამენტის პირველ სხდომაზედ, ჟორდანიამაც აღნიშნა, ჩვენ ვიყავით მოწმე, როგორ მოკვდა ერთსა და იმავე დარბაზში ერთი სახელმწიფო და დაიბადა მეორე", - წერდა უკვე ემიგრაციაში მყოფი შალვა ამირეჯიბი თავის მოგონებებში.


1918 წელი ამირეჯიბისთვის სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.


ამ წელს მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა და სასცენო მოღვაწეობა დაიწყო იმ დროისთვის დამწყებმა მსახიობმა ვერიკო ანჯაფარიძემ.


მომავალი მსახიობი აიდაროვის დრამატულ სტუდიაში წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1916 წელს გაემგზავრა. საქართველოში დაბრუნებული ვერიკო ხშირად სტუმრობდა რეჟისორ გიორგი ჯაბადარის საგარეჯოში გახსნილ დრამატულ სტუდია-თეატრს. სწორედ აქ შეხვდნენ პირველად ერთმანეთს ვერიკო და მიხეილ ჭიაურელი.


წყვილს შორის დიდი გრძნობა გაჩნდა და ცხადი იყო, რომ ვერიკოზე  11 წლით უფროს შალვა ამირეჯიბს წარმატების არავითარი შანსი არ ჰქონდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა... 


ვერიკომ ამირეჯიბი ჯერ კიდევ წმინდა ნინოს სასწავლებელში გაიცნო და მისი მეშვეობით „ცისფერყანწელებს" დაუახლოვდა. ამბობენ, რომ მსახიობი აღტაცებული იყო ამირეჯიბის მოღვაწეობით და პატივს სცემდა მის გრძნობას, მაგრამ გულს ვერ უბრძანა და საპასუხო გრძნობა არ გასჩენია.


იმასაც ამბობენ, რომ შალვა ამირეჯიბთან მისი ქორწინება არ შედგებოდა, რომ არა ვერიკოს მამის უკანასკნელი თხოვნა... ამ დროისთვის ვერიკოს მიმართ შალვა ამირეჯიბის ტრფობის შესახებ ყველამ გაიგო. მიხეილ ჭიაურელმა განზე გადგომა არჩია და ქალის დავიწყება სხვასთან დაქორწინებით სცადა. ვერიკო კი მამის თხოვნას დაჰყვა და 1919 წელს შალვა ამირეჯიბთან იქორწინა.


ვერიკო ამ დროს 19 წლის იყო, ხოლო ამირეჯიბი 30 წლის გახლდათ.


„...ამბობენ რომ ჯერ ბავშვი ხარ, / არ შემრჩები დიდხანს ცოლად. / მე არ მინდა დავიჯერო, / ნათქვამია ჭორის ტოლად" - შალვა ამირეჯიბის ეს წინასწარმეტყველური ლექსიც ვერიკოსთვისაა მიძღვნილი. 


წყვილმა ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში დაიწერა ჯვარი, მაგრამ ეკლესიიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა... ეს ამბავი ყველას ცუდად ენიშნა. ზოგს კი, ალბათ, ნიკოლოზ ბარათაშვილის სატრფოს ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის ჯვრისწერაც გაახსენა, როცა, ვერიკოს მსგავსად, ეკლესიიდან გამოსულ ეკატერინეს გული შეუღონდა. საბედისწერო მსგავსება აქ არ მთავრდება... როგორც ცნობილია, ეკატერინესა და დავითის თანაცხოვრება ბედნიერი არ ყოფილა - ორი მცირეწლოვანი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ წყვილი ერთმანეთის მიმართ სრულიად გაცივდა და გაუცხოვდა. ვერიკოსა და შალვას ურთიერთობაც განწირული იყო - ვერიკომ ჭიაურელის დავიწყება და შალვას შეყვარება ვერ შეძლო. ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის მსგავსად, ვერიკოსა და შალვასაც შეეძინათ შვილი, რომელიც ჩვილობაშივე გარდაიცვალა.


არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მათი თანაცხოვრება, რომ არა 1924 წლის აჯანყება.


რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შალვა ამირეჯიბი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი გახდა. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ამირეჯიბი იძულებული გახდა, სამშობლოდან გადახვეწილიყო.


„ხოფაში გემზედ აგვიყვანეს, მაგრამ ჩვენამდე ოთხასი ხარი და ძროხა ჩასხეს შიგ. ამრიგად, ოთხასი სული საქონელი და ცხრა ემიგრანტი! ვიღა ვართ ჩვენ - აჯანყების გმირები თუ ამ ოთხასი ხარის ფილოსოფიური დამატება, რათა ჩვენ თავად და ამ ოთხასი ხარის მაგივრად მხოლოდ ამქვეყნიური ამაოების შესახებ ვიფიქროთ?!." - დაწერს მოგვიანებით შალვა ამირეჯიბი თავის მოგონებებში.


არავის გაჰკვირვებია, როცა ვერიკო ემიგრაციაში წასულ ქმარს არ გაჰყვა...


ბედმა და შემოქმედებით ასპარეზზე  მოღვაწეობამ ის მიხეილ ჭიაურელთან ისევ დააახლოვა და ისინი დაოჯახდნენ.


„თქვენ სიყვარულზე მითხარით „არა" / და მომიხურეთ გულის კარები, / მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად / მოგართვით ლურჯი მინანქარები. / ერთის ქალისა იყვნენ ისინი, / ძვირფას ქათიბზე მათ ატარებდა, / მას ბევრი ჰქონდა ზურმუხტ-ლალები, / მაგრამ მინანქრებს არ ადარებდა. / როდესაც იყო ჩვიდმეტის წლისა / ის შეუყვარდა ჭაბუკსა ერთსა / და მის ლოდინში თავის მხევალთან / ის თამაშობდა ლუწსა და კენტსა. / ესე ამბავი ძველის ძველისა / მაშინ სხვა გვარი ქროდენ ქარები, / ქარი არხევდა ალბად ქათიბსა / და ჟღარუნობდნენ მინანქარები". - დაწერს შალვა ამირეჯიბი ვერიკოსთვის მიძღვნილ ერთ-ერთ ლექსში.


ემიგრაციაში მყოფი ამირეჯიბი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიცისტურ წერილებს ქართულ ემიგრანტულ პრესაში - „სამშობლო", „დამოუკიდებელი საქართველო", „ბედი ქართლისა", „კავკასიონი" - აქვეყნებდა. 1940 წ. ბერლინში დააარსა საკუთარი ჟურნალი „ახალი დროება", თუმცა აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობის პარალელურად, პირადი ცხოვრების მოწესრიგებაზე აღარ უზრუნია და სიკვდილამდე თავისი უკანასკნელი სიყვარულის ერთგული დარჩა.


„დღეს მე 56 წლისა ვარ. წონითაც 56 კილო გამოვედი. გუშინწინ ზურაბი იყო ჩემთან და ვუთხარი: ვინ იტყვის, რომ ამ წუთისოფელში არაფერი მიკეთებია, რაც უნდა იყოს, წელიწადში თითო კილო მაინც მიგროვებია-მეთქი..." - ამ სიტყვებს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისწერს თავის დას ემიგრანტი შალვა ამირეჯიბი.


შალვა ამირეჯიბი  1943 წ. პარიზში გარდაიცვალა, დაკრძალულია სენტ-უანის სასაფლაოზე. 44 წლის შემდეგ კი თბილისში გარდაიცვალა უდიდესი ქართველი მსახიობი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი და უამრავი პრემიის ლაურეატი ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც მადლიერმა მაყურებელმა მთაწმინდის პანთეონის მიწას მიაბარა.




 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი