logo_geo
„გამყიდველმა გოგონამ, მე წავიკითხე ეგ წიგნი და სისულელეაო“ - როგორ იხსენებს პირველი წიგნის გამოცემას გურამ დოჩანაშვილი?
- +

8 იანვარი. 2017. 15:59




ქართველი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა. იზრდებოდა თბილისში, ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე.


გურამ დოჩანაშვილი ვაჟთა პირველ სკოლაში სწავლობდა. მისი თანაკლასელები და მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გონჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე.



გურამ დოჩანაშვილი 1957 წლის 30 იანვარს დააპატიმრეს, მას ბრალად ანტისაბჭოთა პროპაგანდა ედებოდა. დაკავებულებს შორის იყვნენ: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ანატოლი მიქაძე, ვლადიმერ სიხარულიძე, ჯონდო მეტრეველი და სხვები. მანამდე, გურამ დოჩანაშვილსა და ჯონდო მეტრეველზე უშიშროების თანამშრომლების ძალისხმევით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დოჩანაშვილი ზურგში მძიმედ დაიჭრა. 1957 წლის 31 იანვარს მწერალი დაკითხვაზე ორჯერ გაიყვანეს. იმის შიშით, რომ ეს ახალგაზრდა საპატიმროში არ მომკვდარიყო, პოდპოლკოვნიკ ნადირაძის ბრძანებით, სასწრაფოდ გაათავისუფლეს „მდგომარეობის გაუარესების" გამო.


საბოლოოდ, გურამ დოჩანაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო შემამსუბუქებელი და საშეღავათო პირობები და მსჯავრდებულს განსაზღვრული სასჯელი შეეცვალა პირობითი მსჯავრით, საგამოცდო ვადით.


მწერლის პირველი მოთხრობები ჟურნალ „ცისკარში" 1961 წელს დაიბეჭდა. 1966 წელს კი მისი პირველი წიგნი, „მთის გადაღმა" გამოიცა, ხოლო 1968 წელს ის მწერალთა კავშირში მიიღეს.


პირველი წიგნის გამოცემას, თავად მწერალი ასე იხსენებს:


„ჩემი პირველი წიგნი რომ გამოვიდა, 1966 წელს და კარგა ფიქრის შემდეგ, მაინც რომ მივიტანე ჩემს სკოლაში, სადაც VII კლასიდან გაწამებული მყავდა ყველა, მაგრამ მაინც გავბედე და, იმდენი ხნის უნახავი ისე მიმიღეს, ხელწიგნიანი, ისე მეფერენ, შენისთანეები უფრო გვიყვარსო, რომ რაღაცა-ციცქნურ-პაწაწკინტელათი ჩვენი შეხვედრა უძღები შვილის მობრუნებასა ჰგავდა, და გახარებული რომ დავბრუნდი, ბებიამ - კატუტას როდის მიუტანე წიგნი, ხომე არიან კარქათო? - დაა, ვაიმეე, დამცეცხლა. ვაიმე, გამომრჩა-მეთქი, და - ოოჰხ, შენ ნათესავი და მახლობელი რო არ იცი რა უნდა გამოხვიდე მწერლის მეტიო, ი-იქითურა ი-პაჭანიკებს ხო-დოურიგე კარქ -კარქათო, წადი ახლა სადაც გინდა და როგორც გინდა უშოვე შენი წიგნი და ისე მიბრძანდი კატუტასთანო და რა ვქნა, ვარ სასტიკ დღეში - მაშინ წიგნები, განსაკუთრებით პროზა ორ-სამ დღეში იყიდებოდა, მდარე პოეზია - ასე კვირაში მაინც, ჰქონდა ხალხს იაფი წიგნის შესაძენად ხელფასი იქნებოდა, თუ პენსია, და დავიარე მაინც მაღაზიები და, აბაა, - სადღაა...

და ერთმა კეთილმა ნაცნობმა კი მირჩია: „გურამ, ავლაბარში ორი წიგნის მაღაზიაა და იქ კი არ იქნება, მაგრამ ავლაბრის გაგრძელებაზე, ნავთლუღი ქვია თუ რა, მესამე მაღაზიაცაა სადღაც, უფრო ძლებს ქართული წიგნი, რადგან ძირითადათ არა - ქართველი მოსახლეობაა იქო და, გამხნევებულმა, მეორე დღესვე ტაქსით გავწიე, ავიარე, ჩავიარე ეს ნავთლუღი ორჯერ, მაგრამ სადაა წიგნის მაღაზია, თურმე რაღაცა წრიპა ქუჩა ყოფილა მთავარი ქუჩის პარალელურად და ის მიმასწავლა ვინცხანა კეთილ - ინტელიგენტმა, შევედი იმ პატარა მაღაზიაში და, ახლაც ძალიან მიჭირს ჩემი სახელის და გვარის წარმოთქმა, ამ ნაბეჭდში რომ დიდგულზე ვარ ისე კი არაა საქმე, მაგრამ მაინც ამოვუღერღე გამყიდველს. ასე 20 წლის გოგონას გუჰრამ დოჰსჩანაშვილის წიგნი თუ გაქვთ - მეთქი, და, იყო - გათავდაო, იმან. რომ მოვიწყინე ძალიან, გამყიდველი გოგონა კეთილი ადამიანი აღმოჩნდა ნამეტურ და, ასე მანუგეშა: რას მოიწყინე რო მოიწყინე - თ ასე, მე წავიკითხე მაგი წიგნი და, სისულელეა თავიდან -ბოლომდეო," - იხსენებს გურამ დოჩანაშვილი.


მწერლისთვის განსაკუთრებით მძიმე 1990 წელი აღმოჩნდა, როდესაც ტრაგიკულად გარდაიცვალა მისი უმცროსი ვაჟი, ეს მძიმე დღეები გურამ დოჩანაშვილს სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრება გადაატანინეს.



წარმოგიდგენთ გურამ დოჩანაშვილის გამონათქვამებს:


დედამიწას სიყვარული ატრიალებს... ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას.


სიკვდილი რომ არ იყოს - აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით.. ვინღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს...



დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.


ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი.


ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ - კარგი. რამდენჯერ მოგვსვლია: შეხედავ კაცს - მოგეწონება, გაიცნობ - მოგეწონება, დაგელაპარაკება - მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ - უიმე, მტრისას... შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და... პირიქითაცაა: შეხედავ - აგბურძგლავს, გაიცნობ - დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს - დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და... არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია - არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ - კარგია, გაიხედავ - ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ - ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ - მაინც ცუდი... წარმოგიდგენია? - ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც... და სულ ასე. საერთოდ კი, რომ აღინიშნოს, ამ მესამე კატეგორიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი შედის...


არაფერი ისე გადამდები არ არის როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი...


მაგრამ, იცოდეთ, - უპატრონო საფლავები არ არსებობენ, რადგანაც მიწა ყველასია.


ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის... მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.


 

 


 

 

 

 

 

big_banner
არქივი